საქართველოსადმი მეგობარი ქვეყნების სოლიდარობისა და მტკიცე მხარდაჭერის დემონსტრირება აგვისტოს ომიდან ათი წლისთავზე
საქართველოსადმი მეგობარი ქვეყნების სოლიდარობისა და მტკიცე მხარდაჭერის დემონსტრირება აგვისტოს ომიდან ათი წლისთავზე

რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავზე ოთხი ქვეყნის ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენელთა საქართველოში ვიზიტთან ერთად, ბოლო დღეების განმავლობაში, მეგობარი ქვეყნების მხრიდან არაერთხელ მოხდა ჩვენდამი სოლიდარობისა და მტკიცე მხარდაჭერის დემონსტრირება.

ახლახან, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჰიზერ ნაუერტმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს.

„ჩვენი პოზიცია რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპაციაზე რჩევა ურყევი. ეს რეგიონები საქართველოსია და არ არის რუსეთის ნაწილი. აშშ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის, ასევე მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების მხარდაჭერას.  ეს პოლიტიკა არ შეცვლილა. აშშ მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები შეჭრამდე არსებულ პოზიციებზე, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად“, – განაცხადა ჰიზერ ნაუერტმა.

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ აგვისტოს ომიდან 10 წლისთავზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას Twitter-ში ეხმაურება. დონალდ ტუსკი განცხადებას ქართულ ენაზე ავრცელებს.

ევროკავშირი რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიიდან 10 წლისთავთან დაკავშირებით დეკლარაციას ავრცელებს. უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის სახელით გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი დღეს ისე,  როგორც არასდროს, მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებას.

განცხადება გაავრცელა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და აღნიშნა, რომ სლოვაკეთის რესპუბლიკა განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მხარს უჭერს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციის მთავრობას შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წელის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში სამხედრო კონტიგენტის არალეგალურად ყოფნას ბოლო მოუღოს.

საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიიდან 10 წლისთავთან დაკავშირებით დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო „ტვიტერში“ განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ რუსეთმა პატივი უნდა სცეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ  კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტა აუცილებელია საქართველოსა და მთელი რეგიონის მშვიდობისა და სტაბილურობისთვის.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება დაუშვებელი და მიუღებელია. „გერმანია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთისა და კიდევ ოთხი ქვეყნის მიერ ამ რეგიონების დამოუკიდებელ  სახელმწიფოებად აღიარება მიუღებელია“, –  აღნიშნულია განცხადებაში.
 მოვუწოდებთ რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმება, – ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგოტ უოლსტრომმა „ტვიტერზე“ დაწერა.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ინე ერიკსენსორეიდე თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ 10 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოდან, თუმცა კონფლიქტი კვლავ გადაუჭრელია და რუსეთის შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიაზე რჩებიან. მისივე თქმით,  მიუხედავად 2008 წლის 12 აგვისტოს  შეთანხმებისა, რუსეთმა ოკუპირებულ რეგიონებში სამხედრო კონტიგენტი უფრო გააძლიერა.

2008 წლის აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, ეუთო-ში საქართველოს მეგობართა არაფორმალურმა ჯგუფმა ერთობლივი განცხადება გაავრცელა. ეუთო-ს მონაწილე ქვეყნები გამოხატავენ საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის სრულ მხარდაჭერას და მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციას უკან წაიღოს მის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.

მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოდან, რათა შესაძლებელი გახდეს შერიგება და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ევროპისა და ამერიკის საქმეთა მინისტრის, ალან დუნკანის მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.

ალან დუნკანის სპეციალური ვიდეო მიმართვა 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის 10 წლის თავთან დაკავშირებით

"დღეს დიდი მწუხარებით ვიგონებთ 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ საქართველოს კონფლიქტის დროს დაღუპულებს. ათასობით იძულებით გადაადგილებული პირი ჯერ კიდევ ვერ ახერხებს საკუთარ სახლში დაბრუნებას. ტრაგედიაა, რომ საქართველო კვლავაც დაყოფილია".დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის და ამერიკის საკითხებში ალან დუნკანი, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტიდან 10 წლის თავზე სპეციალურ ვიდეო მიმართვას ავრცელებს.

Posted by British Embassy Tbilisi on სამშაბათი, 07 აგვისტო, 2018

 

ესტონეთის მთავრობა „ტვიტერში“ წერს, რომ 10 წლის წინ რუსეთმა უხეშად დაარღვია საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა და ავრცელებს საქართველოს რუკას, რომელზეც რუსეთის მეირ ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონებია მონიშნული.

ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის 10 წლისთავზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აცხადებს, რომ ფინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„საერთაშორისო კანონმდებლობით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონი საქართველოს ეკუთვნის. საერთაშორისო ურთიერთობები უნდა ეფუძნებოდეს კანონს, წესებს და გაერო-ს ქარტიის პრინციპებს. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში კონფლიქტები მშვიდობიანი გზით გადაწყდეს”, – განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტიმო სოინიმ.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიიდან 10 წლისთავზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. „ათი წლის წინ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგად, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი სეპარატისტული მმართველობის ქვეშ აღმოჩნდა, რომელიც მოსკოვმა ჩამოაყალიბა და მხარი დაუჭირა. 2008 წლიდან მოყოლებული პოლონეთის საგარეო უწყება ამ ორ რეგიონში შექმნილი სიტუაციის მონიტორინგს ატარებს და მხარს უჭერს საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევას, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენაა მიმართული“, – აცხადებენ პოლონეთის საგარეო უწყებაში.