პოლონეთის საგარეო უწყება - პოლონეთი მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს აგრესიული და პროვოკაციული პოლიტიკა საქართველოს მიმართ
პოლონეთის საგარეო უწყება - პოლონეთი მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს აგრესიული და პროვოკაციული პოლიტიკა საქართველოს მიმართ

პოლონეთის საგარეო საქმთა სამინისტრო რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიიდან 10 წლისთავზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

„ათი წლის წინ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგად, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი სეპარატისტული მმართველობის ქვეშ აღმოჩნდა, რომელიც მოსკოვმა ჩამოაყალიბა და მხარი დაუჭირა. 2008 წლიდან მოყოლებული პოლონეთის საგარეო უწყება ამ ორ რეგიონში შექმნილი სიტუაციის მონიტორინგს ატარებს და მხარს უჭერს საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევას, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენაა მიმართული“, – აცხადებენ პოლონეთის საგარეო უწყებაში.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ვარშავა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონს საქართველოს განუყოფელ შემადგენელ ნაწილად განიხილავს და ეწინააღმდეგება ყველა ქმედებას, რომელიც ხელს უშლის საქართველოს ხელისუფლებას, გააკონტროლოს საკუთარი ტერიტორია საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„ვგმობთ ნაბიჯებს, რომელიც მიმართულია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების რუსეთთან ინტეგრაციისკენ. შეშფოთებული ვართ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებით. ასევე, ვეწინააღმდეგებით ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს, რითაც მშვიდობიანი მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილების უფლება იზღუდება”,- ვკითხულობთ განცხადებაში.

ვარშავაში აღნიშნავენ, რომ პოლონეთი სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს მთავრობის არაღიარების პოლიტიკას.

„გაგახსენებთ, რომ პოლონეთი მხარს უჭერდა საქართველოს 2008 წელსაც, რუსეთის სამხედრო აგრესიის დროს, ამის მტკიცებულება არის პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტი თბილისში. პოლონეთი კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს აგრესიული და პროვოკაციული პოლიტიკა საქართველოს მიმართ და სრულად შეასრულოს ე.წ. მედვედევი-სარკოზის შეთანხმება. ჩვენ მხარს ვუჭერთ დიალოგის გაგრძელებას ჟენევის დისკუსიების ფორმატში და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მანდატის სრულად განხორციელებას, რაც ხელს შეუწყობს სამშვიდობო პროცესს“, – ნათქვამია პოლონეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

დატოვე კომენტარი