ბრიტანეთის საელჩო ალან დუნკანის ვიდეომიმართვას ავრცელებს - მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს ექვსპუნქტიანი შეთანხმების ვალდებულებები

მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოდან, რათა შესაძლებელი გახდეს შერიგება და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ევროპისა და ამერიკის საქმეთა მინისტრის, ალან დუნკანის მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.

დუნკანის თქმით, ბრიტანეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ასევე მხარაჭერას უცხადებს საქართველოს მიერ ინიცირებულ სამშვიდობო ინიციატივას – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის“.

„მწუხარებით ვიხსენებთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის 10 წლისთავს. ვიგონებთ კონფლიქტში დაღუპულებს და იმ იძულებით გადაადგილებულ ათასობით ადამიანს, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ საკუთარ სახლებში დაბრუნებას. ტრაგედიაა, რომ საქართველო ჯერ კიდევ გაყოფილია. შეშფოთებულები ვართ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ ვითარებაზე იმ რეგიონებში, სადაც საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, კონსტრუქციულად ჩაერთოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების ფორმატში. მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 6 პუნქტიანი შეთანხმებით აღებული ვალდებულებები“, – ნათქვამია ბრიტანეთის ევროპისა და ამერიკის საქმეთა მინისტრის განცხადებაში.