ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი - 10 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოდან, თუმცა კონფლიქტი კვლავ გადაუჭრელია
ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი - 10 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოდან, თუმცა კონფლიქტი კვლავ გადაუჭრელია

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, დაიცვას 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და გაიყვანოს შეირაღებული ძალების საქართველოდან, – ამის შესახებ  ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ინე ერიკსენ სორეიდეს განცხადებაშია ნათქვამი.

მინისტრი აღნიშნავს, რომ 10 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოდან, თუმცა კონფლიქტი კვლავ გადაუჭრელია და რუსეთის შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიაზე რჩებიან. მისივე თქმით,  მიუხედავად 2008 წლის 12 აგვისტოს  შეთანხმებისა, რუსეთმა ოკუპირებულ რეგიონებში სამხედრო კონტიგენტი უფრო გააძლიერა.

„2008 წლის 7-დან 8 აგვისტოს ღამეს, საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში შეტაკებები დაიწყო. რუსული შეიარაღებული ძალები სეპარატისტების მხარდამხარ შეიჭრნენ და კონტროლი მოიპოვეს სამხრეთ ოსეთის მიღმა ტერიტორიებზეც. 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რუსული შეიარაღებული ძალების პირვანდელ პოზიციაზე დაბრუნებას ითვალისწინებს. ეს მოთხოვნა დაცული არ არის. პირიქით, რუსეთმა გააფართოვა და გააძლიერა სამხედრო კონტიგენტი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ორ ოკუპირებულ რეგიონში, აღიარა ისინი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად და საქართველოს ამ ნაწილებთან „ხელშეკრულებები” გააფორმა, დაუახლოვა ისინი რუსეთის მმართველობით სტრუქტურებს.

საერთაშორისო მოლაპარაკებები კონფლიქტის ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების ასპექტებზე ეუთო-ს, ევროკავშირისა და გაერო-ს თავმჯდომარეობით, ჟენევაში რეგულარულად იმართება. თუმცა ოკუპირებული რეგიონების სტატუსი ამ მოლაპარაკებების დღის წესრიგში არ დგას.

გარკვეული დროის განმავლობაში, მთავარ მიზანს წარმოადგენდა მხარეთა მიერ უსაფრთხოების ვალდებულების დაცვა, არ გამოეყენებინათ ძალა. საქართველოს მთავრობამ შეასრულა ეს ვალდებულება, თუმცა ოკუპირებულმა რეგიონებმა და რუსეთმა არ დაიცვეს ის“,-აღნიშნავს ინე ერიკსენ სორეიდე.

მინისტრი თავის განცხადებაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ არსებულ მდგომარეობასაც შეეხო.

„ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ვითარება ოკუპირებულ რეგიონებში სერიოზულია, კერძოდ, იმ მცირერიცხოვანი ეთნიკური ქართველებისთვის, რომლებიც კვლავ იქ ცხოვრობენ. ამავდროულად, საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმებისთვის რთულია მოიპოვონ წვდომა ამ რეგიონებთან“, – აცხადებს მინისტრი და აღნიშნავს, რომ ნორვეგია უზრუნველყოფს ფინანსურ დახმარებას, რათა გააუმჯობესოს აფხაზეთის სამხრეთ ნაწილში, გალში, მცხოვრებთა მდგომარეობა.

მისივე თქმით, 2003 წლის ვარდების რევოლუციიდან, საქართველომ განახორციელა მნიშვნელოვანი რეფორმები მრავალ სექტორში. 2014 წელს ქვეყანამ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, რეფორმების გაგრძელებით. საქართველო ასევე მიისწრაფვის ნატო-სთან პარტნიორობის კიდევ უფრო განვითარებისკენ, საბოლოო მიზანს კი, მისი წევრობა წარმოადგენს.

„უცვლელია ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ საქართველოს უფლებას, თავად განსაზღვროს მისი კურსი. ე.წ. გავლენის სფეროებს 21-ე საუკუნეში ადგილი არ აქვს.

საქართველო მნიშვნელოვანი და ღირებული პარტნიორია ნორვეგიისთვის. ნორვეგია განაგრძობს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში თანამშრომლობის მხარდაჭერას”, – ნათქვამია მინისტრის განცხადებაში.

დატოვე კომენტარი