მედისონ კისმა ავსტრალიის ღია მოიგო და პირველად გახდა „დიდი სლემის“ ტურნირის ჩემპიონი #1TVSPORT
მედისონ კისმა ავსტრალიის ღია მოიგო და პირველად გახდა „დიდი სლემის“ ტურნირის ჩემპიონი #1TVSPORT

ქალთა შორის ავსტრალიის ღია პირველობაზე ამერიკელმა მედისონ კისმა 6:3, 2:6, 7:5 დაამარცხა ბელარუსი არინა საბალენკა და კარიერაში პირველად მოიგო „დიდი სლემის“ ტურნირი.

29 წლის კისი მეორე ყველაზე ასაკოვანი ქალი ჩოგბურთელია, ვისაც ღია ერაში ავსტრალიის „მეიჯორი“ მოუგია. ამ მხრივ რეკორდსმენია ჩინელი ნა ლი, რომელიც 2014 წელს ტრიუმფის მომენტში 31 წლის იყო.

კისი კარიერაში 46-ედ თამაშობდა „დიდი სლემის“ ტურნირზე. ღია ერაში მხოლოდ ორ ქალ ჩოგბურთელს დასჭირდა უფრო მეტი მონაწილეობა, რათა პირველი ტიტული მოეგო „დიდ სლემზე“: ფრანგ მარიონ ბარტოლის (უიმბლდონი, 2013, 47-ე) და იტალიელ ფლავია პენეტას (აშშ-ის ღია, 2015, 49-ე).

გარდა ამისა, კისმა გაიმეორა დანიელი კაროლინ ვოზნიაცკის შედეგი ავსტრალიაში. ორივეს ავსტრალიის ღიას მოსაგებად 11 გამოსვლა დასჭირდა მელბურნის კორტებზე.

კისი მეხუთე ამერიკელია, ვინც ამ საუკუნეში ავსტრალიის ღია მოიგო. მანამდე ეს შეძლეს: ლინდსი დევენპორტმა (2000), ჯენიფერ კაპრიატიმ (2001, 2002), სერენა უილიამსმა (2003, 2005, 2007, 2009, 2010, 2015, 2017) და სოფია კენინმა (2020).

მედისონ კისმა WTA-ს მე-10 ტიტული მოიგო. ამ მომენტისთვის მას ზედიზედ 12 მატჩი აქვს მოგებული – ავსტრალიის ღიას წინ ადელაიდას ტურნირში გაიმარჯვა.

ავსტრალიის ღიაზე მოგების შემდეგ კისი რეიტინგში მეშვიდე ადგილზე გადავა, რომელიც 2016 წელს ეკავა და ეს მის კარიერაში საუკეთესო შედეგია.

მელბურნში ტრიუმფის სანაცვლოდ ამერიკელმა 2.2 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, მისმა კარიერულმა მონაგარმა კი 21.2 მილიონი დოლარი შეადგინა.