შვედი მძლეოსანი არმან დუპლანტისი და ამერიკელი ტანმოვარჯიშე სიმონა ბაილსი 2024 წლის საუკეთესო სპორტსმენები გახდნენ Laureus World Sports Academy-ის ვერსიით. „სპორტული ოსკარების“ დაჯილდოვების ცერემონია ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაიმართა.
წლის საუკეთესო მამაკაცი სპორტსმენის ნომინაციაში ჭოკით მხტომელმა დუპლანტისმა აჯობა ჩოგბურთელ კარლოს ალკარასს, „რედ ბულის“ პილოტს, მაქს ფერსტაპენს, ფრანგ მოცურავეს, ლეონ მარშანსა და სლოვენიელ ველომრბოლს, ტადეი პოგაჩარს.
წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენის ნომინაციაში სიმონა ბაილსის კონკურენტები იყვნენ ბელარუსი ჩოგბურთელი არინა საბალენკა, ესპანელი ფეხბურთელი აიტან ბონმატი, ნიდერლანდელი მორბენალი სიფან ჰასანი და კენიელი მორბენალი ფაიტ კიპიეგონი.
დუპლანტისმა პარიზის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა, გარდა ამისა, სეზონში სამჯერ განაახლა მსოფლიო რეკორდი. ბაილსმა 2024 წლის ოლიმპიადაზე სამი ოქრო და ერთი ვერცხლი მოიგო.