ღრმა იმედგაცრუება - სინერი, საბალენკა და სხვა ვარსკვლავები როლან გაროსის საპრიზო ფონდით უკმაყოფილონი არიან #1TVSPORT
ღრმა იმედგაცრუება - სინერი, საბალენკა და სხვა ვარსკვლავები როლან გაროსის საპრიზო ფონდით უკმაყოფილონი არიან #1TVSPORT

პროფესიული ტურის წამყვანმა ჩოგბურთელებმა „ღრმა იმედგაცრუება“ გამოთქვეს როლან გაროსზე დაწესებული საპრიზო თანხების ოდენობასა და მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას პროგრესის არარსებობის გამო.

გასულ თვეში გამოცხადდა, რომ როლან გაროსის ერთეულებში გამარჯვებულები 2.8 მილიონ ევროს მიიღებდნენ – უფრო მეტს, ვიდრე 2025 წელს. შარშანდელთან შედარებით, ტურნირის საპრიზო ფონდი 9.5 პროცენტით გაიზარდა.

მიუხედავად ამისა, ეს თანხა არ აკმაყოფილებს ბევრ მოთამაშეს ATP-სა და WTA-ის ტოპ-ოცეულებიდან. იანიკ სინერმა, არინა საბალენკამ, კოკო გაუფმა და სხვა ჩოგბურთელებმა ხელი მოაწერეს წერილს „დიდი სლემის“ ოთხივე ტურნირის ხელმძღვანელთა მისამართით და საპრიზო თანხების გაზრდა მოითხოვეს.

გარდა ამისა, ისინი ითხოვენ უფრო მეტ მონაწილეობას იმ საკითხების გადაწყვეტაში, რომლებსაც მათზე პირდაპირი გავლენა აქვთ.

15-თვიანი პროექტის Project RedEye-ის ორგანიზატორთა მონაცემებით, წამყვანმა მოთამაშეებმა გამოხატეს ერთობლივი უკმაყოფილება როლან გაროსის ხელმძღვანელობის მიმართ, ტურნირის დაწყებამდე 18 დღით ადრე.

გამოქვეყნებულ განცხადებაში ჩოგბურთელები ამტკიცებენ, რომ ტურნირის საერთო შემოსავლიდან მოთამაშეთა წილი 15.5 პროცენტიდან (2024 წელი) 14.9 პროცენტამდე (2024) შემცირდა.

ჩოგბურთელთა ჯგუფი ითხოვს საპრიზო ჰონორარების წილის 22 პროცენტამდე გაზრდას, რაც შეესაბამება „მასტერსის“ სერიის ტურნირების მაჩვენებლებს. ისინი ასევე აცხადებენ, რომ არ მიუღიათ პასუხი თავიანთ წინადადებაზე მოთამაშეთა კეთილდღეობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, მათ შორის პენსიასა და გრძელვადიან ჯანმრთელობაზე. გარდა ამისა, მათი აზრით, არ არსებობს პროგრესი მოთამაშეთა პატიოსან და გამჭვირვალე წარმომადგენლობაზე გადაწყვეტილებების მიღებისას.