მედიის ინფორმაციით, ისრაელის პრემიერსა და ეგვიპტის პრეზიდენტს შორის ღაზას სექტორის საკითხზე საიდუმლო სამიტი გაიმართა
მედიის ინფორმაციით, ისრაელის პრემიერსა და ეგვიპტის პრეზიდენტს შორის ღაზას სექტორის საკითხზე საიდუმლო სამიტი გაიმართა

ისრაელის პრემიერ-მინისტრსა და ეგვიპტის პრეზიდენტს შორის, 22 მაისს, ღაზას სექტორთან დაკავშირებით საიდუმლო სამიტი გაიმართა. ამის შესახებ ისრაელის ტელეკომპანია Ten News-ი ამერიკელი მაღალჩინოსნების წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ლიდერებმა ღაზას სექტორში გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საკითხი განიხილეს. ამასთან, საუბარი იყო, ისრაელისა და ეგვიპტის მხრიდან ღაზის სექტორზე არსებული ეკონომიკური ბლოკადის შემსუბუქებაზე, ინფრასტრუქტურის აღდგენასა და რეაბილიტაციაზე.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს პრესსპიკერმა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. კომენტარი ჯერ არც ეგვიპტის მხარეს გაუკეთებია.

ეგვიპტე და გაერო ისრაელსა და მოძრაობა „ჰამასს“ შორის გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას უკვე დიდი ხანია ცდილობენ. ღაზის სექტორში ამ დრომდე ორ მილიონამდე პალესტინელი რჩება.

ბლოკადის ფონზე მათ რთულ ეკონომიკურ ვითარებაში უწევთ ცხოვრება. ჰუმანიტარულ კრიზისს კი სასმელი წყლის, სამედიცინო მედიკამენტებისა და ელექტროენერგიის დეფიციტი ემატება.

ოფიციალური თელ-ავივი ბლოკადას მოძრაობა „ჰამასისა“ და სხვა შეიარაღებული დაჯგუფებების დასუსტებით ხსნის, რომლებიც ისრაელის მიმართულებით თავდასხმებს ახორციელებენ.