ეგვიპტის პრეზიდენტი ერაყში ჩავიდა
ეგვიპტის პრეზიდენტი ერაყში ჩავიდა

ეგვიპტის პრეზიდენტი, აბდელ ფათაჰ ას-სისი ბაღდადს ეწვია, რითაც გახდა ეგვიპტის პირველი მეთაური, რომელიც 1990 წლის შემდეგ ერაყში ჩავიდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

სადამ ჰუსეინის მიერ ქუვეითში შეჭრის გამო, ეგვიპტესა და ერაყს დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი ჰქონდათ.

როგორც მედია წერს, ერაყსა და ეგვიპტეს შორის ურთიერთობები ბოლო პერიოდში გაუმჯობესებულია, რასაც ოფიციალური პირების გახშირებული ორმხრივი ვიზიტებიც მოწმობს.

ალ-სისი ბაღდადში ჩავიდა ეგვიპტეს, იორდანიასა და ერაყს შორის დაგეგმილ სამიტში მონაწილეობის მისაღებად, რომლის მიზანი არაბულ სახელმწიფოებს შორის ეკონომიკურ, სავაჭრო, საინვესტიციო და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებაა.

ამასთან, მედიის ცნობით, ბოლო წლების განმავლობაში ერაყს, ეგვიპტესა და იორდანიას შორის რამდენიმე შეთანხმება გაფორმდა, რომლებიც ნავთობის, მშენებლობის, ვაჭრობის და საგზაო სექტორებში თანამშრომლობას მოიცავს.

ქვეყანაში ირანის გავლენის შესასუსტებლად, ერაყის არაბულ ქვეყნებთან დაახლოებას ამერიკის შეერთებული შტატებიც უჭერს მხარს.