ენტონი ბლინკენმა და ეგვიპტის პრეზიდენტმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საზავო შეთანხმება განიხილეს
ენტონი ბლინკენმა და ეგვიპტის პრეზიდენტმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საზავო შეთანხმება განიხილეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და ეგვიპტის პრეზიდენტმა, აბდელ ფატაჰ ალ-სისიმ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საზავო შეთანხმება განიხილეს.

გავრცელებული ინფორმაციით, შეთანხმების პროექტი ითვალისწინებს ომში, სულ მცირე, ექვსი კვირის განმავლობაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის უზრუნველყოფას და ისრაელიდან გატაცებული ყველა მძევლის გათავისუფლებას.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს შექმნაზე ისრაელისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფით.

ეგვიპტის პრეზიდენტმა ისაუბრა ღაზაში მზარდი ჰუმანიტარული კრიზისის მოსაგვარებლად ზავის აუცილებლობასა და რაფაჰში სამხედრო ოპერაციის საშიშროებაზე.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ეგვიპტეში საუდის არაბეთიდან ჩავიდა. როგორც ისრაელის მედია წერს, საუდის არაბეთში მოლაპარაკებები ფოკუსირებული იყო უფრო დიდი გეგმის ირგვლივ, რომელშიც საუდის არაბეთი აღიარებს ისრაელს, პალესტინის სახელმწიფოს შექმნის საქმეში სანდო პროგრესის სანაცვლოდ.

ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით მხოლოდ მცირე საკითხები რჩება გადაუჭრელი.