რამდენიმე თვეში სამ მილიონზე მეტი ადამიანის დაინფიცირება ვირუსისთვის საკმარისია, რათა განვითარდეს და შეიცვალოს.
ზოგიერთი ვირუსი, მაგალითად, გრიპი, ბევრ მუტაციას განიცდის, რაც იმას ნიშნავს, რომ სეზონური გრიპის გავრცელების შესაჩერებლად, საჭიროა ვაქცინების ყოველწლიურად განახლება. თუმცა, კორონავირუსი SARS-CoV-2, რომელიც დაავადება COVID-19-ს იწვევს, შედარებით სტაბილურია და როგორც ჩანს, გაცილებით ნელა მუტირებს, ვიდრე გრიპი.
ეს კი დიდებული ამბავია ვაქცინის შესაქმნელად და იმ მეცნიერებისთვის, რომლებიც ვირუსს დეტალურად სწავლობენ. თუმცა, სულაც არ ნიშნავს, რომ ახალი კორონავირუსი მუტაციას საერთოდ არ განიცდის.
SARS-CoV-2-ის მუტაციების ანალიზი ცოტა ხნის წინ ორმა კვლევამ ჩაატარა. ერთ-ერთმა მათგანმა, არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევამ პაციენტისგან აღებულ ვირუსის ნიმუშში დნმ-ის დიდი განადგურება აღმოაჩინა.
ლოს-ალამოსის ეროვნული ლაბორატორიის მეორე კვლევა, რომელიც ჯერ რეცენზირებული არ არის, მუტაციებს გავრცელების პარალელურად აკვირდებოდა და როგორც მკვლევრები ვარაუდობენ, ვირუსის ერთი შტამი უფრო ინფექციურია, ვიდრე უხანის თავდაპირველი შტამი.
არიზონის უნივერსიტეტის კვლევამ ნიმუშების სერიიდან გამოყო SARS-CoV-2-ის სამი სრული სიგრძის გენომი; მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ერთ-ერთი ამ გენომს, რომელსაც მათ AZ-ASU2923 უწოდეს, ჰქონდა დიდი ამოშლა — დნმ-ის 81 ფუძე წყვილი გენში, სახელად ORF7a.
გენი ORF7a ქმნის დამხმარე ცილას, რომელიც ვირუს ეხმარება ადამიანი მასპინძლის ინფიცირებაში, გამრავლებასა და სხეულში გავრცელებაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ეს ცილა ვირუსს ასევე ეხმარება ჩვენი იმუნური სისტემისგან დამალვაში და რეპლიკაციის პროცესის შემდეგ უჯრედის მოკვლაში.
„ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ეს მუტაცია ინტერესის საგანი გახდა, არის ის, რომ ის ასახავს იმ დიდი ამოშლას, რომელიც 2003 წელს SARS-ის გავრცელებისას მოხდა“, — ამბობს ჯგუფის წევრი, არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვირუსოლოგი ეფრემ ლიმი.
ამ ეტაპზე უცნობია, როგორ შეცვლის ეს მუტაცია კორონავირუსს, რასაც მკვლევრები აქტიურად სწავლობენ. მსგავსი გენების წინა კვლევა და ის ფაქტი, რომ ის მხოლოდ ერთ ინდივიდში იპოვეს, მიუთითებს, რომ ასეთი ამოშლა ვირუსისთვის სავარაუდოდ სულაც არ არის კარგი ამბავი.
„SARS-CoV-2-ის გენომებში ჩნდება ასეთი ამოშლები, განსაკუთრებით ORF8 გენში, რამაც შეიძლება, ვირუსის შესაძლებლობებიც შეამციროს“, — წერენ მკვლევრები.
ჯგუფის განცხადებით, შემდეგი თაობის სეკვენირების გლობალური ძალისხმევა მიუთითებს, რომ SARS-CoV-2-ის გენომები შედარებით სტაბილურია, მაგრამ სიმპტომატურ ინდივიდებში მაინც შეიძლება მოხდეს დინამიკური მუტაციების შერჩევა.
მიუხედავად ამისა, მედიაში უფრო დიდი გამოხმაურება მოჰყვა მეორე კვლევას, რომელიც ლოს-ალამოსის ეროვნულმა ლაბორატორიამ ჩაატარა და ის ჯერ რეცენზირებულიც არ არის.
ლოს-ალამოსის ჯგუფი ანალიზების საფუძველზე მიჰყვა კორონავირუსის მუტაციებს, განსაკუთრებით კი ვირუსის ზედაპირზე არსებულ სახელგანთქმულ წვეტ ცილებთან დაკავშირებულ მუტაციებს.
ჯგუფმა აღმოაჩინა ამ წვეტებთან დაკავშირებული 14 მუტაცია, რომელთაგან ერთმაც, მათი განსაკუთრებული შეშფოთება გამოიწვია.
„წვეტ D614G-ის მუტაცია სასწრაფო შეშფოთების საგანია; მან ევროპაში გავრცელება თებერვლის დასაწყისში დაიწყო და ახალ რეგიონებში შესვლისას სწრაფად გახდა დომინანტი ფორმა. თუმცა, მნიშვნელოვან კავშირს ვერ მივაკვლიეთ D614G-ს სტატუსსა და ჰოსპიტალიზაციის სტატუსს შორის“, — წერენ მკვლევრები.
ეს მუტაცია საკმაოდ ჰგავს არიზონელი ჯგუფის მიერ აღმოჩენილს — წარმოადგენს გაცვლას დნმ-ის ფუძის ერთ წყვილში, თუმცა შემთხვევათა უმეტესობას ასევე აქვს ორი სხვა ერთეული გაცვლა ორ სხვა გენში.
ჯგუფის მტკიცებით, იმის გამო, რომ წვეტი ცილა D614G-ის მუტაცია მსოფლიოს რამდენიმე ადგილას „დაეუფლა“ უხანის თავდაპირველ ვერსია D614-ს, D614G ვირუსი უფრო გადამდებია და საჭიროებს „სასწრაფო, ადრეულ ყურადღებას“, რადგან ამ მუტაციამ შეიძლება ცუდი გავლენა მოახდინოს პრეპარატებისა და ვაქცინების შექმნაზე.
თუმცა, ყველა მეცნიერი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ეს მუტაცია მნიშვნელოვნად ცვლის ვირუსის გავრცელების უნარს.
„სეკვენირებული ნიმუშების უმეტესობა ევროპული ეპიდემიიდან მოდის, სადაც გავრცელება ჩინეთზე დიდი იყო“, — უთხრა ჰარვარდის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგმა ბილ ჰანეიჯმა გამოცემა Gizmodo-ს.
მისივე თქმით, ამის მიზეზი შეიძლება იყოს როგორც მისი უფრო გადამდებობა, ისე შედარებით გვიან მიღებული ზომები, რამაც ვირუსს უფრო მეტად გავრცელების საშუალება მისცა.
ყველა სხვა დანარჩენის მსგავსად, რასაც კი დნმ აქვს, უფრო მეტი ასლების წარმოქმნისას ვირუსები მუტაციას ნელ-ნელა აუცილებლად განიცდიან. SARS-CoV-2-ის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი შეფასებულია წელიწადში 25 მუტაციით, გრიიპის შემთხვევაში კი 50 მუტაციით.
მუტაციების უმეტესობა ნეიტრალურია, ანუ არაფერზე ახდენს გავლენას, მაგრამ ზოგიერთი მათგანი მავნებელია პირველ რიგში თავად ვირუსისთვის, რაც საბოლოოდ საკუთარი თავის გამოფიტვას იწვევს. მხოლოდ მცირე ოდენობის მუტაციაა სასარგებლო თავად ვირუსისთვის.
მართალია იშვიათად, მაგრამ სასარგებლო მუტაციები ყველა სახის ორგანიზმში ხდება და ამის ყველაზე კარგი მაგალითია ბაქტერიების ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულობა. ამ ეტაპზე უცნობია, რა ტიპის მუტაციაა D614G კორონავირუს SARS-CoV-2-ისთვის.
კარგი ის არის, რომ მკვლევრები უკვე საქმის კურსში არიან და ეჭვგარეშეა, სულ მალე უფრო მეტი ეცოდინებათ. შესაბამისად, რაც არ უნდა შემაშფოთებლად ჟღერდეს ისედაც საშიში და ძლიერ გადამდები ვირუსის მუტაცია, გირჩევთ, დიდად არ დაისტრესოთ. ვირუსების მუტაცია გარდაუვალია და ამ მხრივ არც კორონავირუსებია გამონაკლისი.
მთავარია, მეცნიერებმა ამის შესახებ უკვე იციან და შესაბამის ნაბიჯებსაც გადადგამენ.
არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევა გამოქვეყნებულია Journal of Virology-ში, ლოს-ალამოსის ლაბორატორიის კვლევა კი ხელმისაწვდომია რეცენზირებამდელ სერვერზე bioRxiv.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.