მეცნიერებმა გამოავლინეს უკვე არსებული 21 პრეპარატი, რომელმაც ლაბორატორიაში SARS-CoV-2-ის გამრავლება დაბლოკა — #1tvმეცნიერება
მეცნიერებმა გამოავლინეს უკვე არსებული 21 პრეპარატი, რომელმაც ლაბორატორიაში SARS-CoV-2-ის გამრავლება დაბლოკა — #1tvმეცნიერება

ინდუსტრიაში, სადაც ლაბორატორიაში შექმნილი წამლის პრაქტიკულ გამოყენებაში დანერგვას შეიძლება ასეულობით მილიონი დოლარი და ათეულობით წელიწადი დასჭირდეს, ნამდვილი შვებაა, როდესაც მეცნიერებს შეუძლიათ უკვე არსებული ნივთიერებების შესწავლა და დადგენა, შესაძლებელია თუ არა მათი გამოყენება იმ მიზნისთვის, რისთვისაც ისინი თავდაპირველად არ შექმნილა.

ამჯერად სწორედ ასეთი რამ შეძლო მკვლევართა გლობალურმა ჯგუფმა, რომელიც მსოფლიოში უკვე არსებულ მედიკამენტთა უდიდეს კოლექციაში COVID-19-ის სამკურნალო 21 პოტენციურ მედიკამენტს მიაგნო.

გაცილებით მეტი კვლევაა საჭირო, რათა დადგინდეს, შესაძლებელია თუ არა რომელიმე მათგანის გამოყენება COVID-19-ის პაციენტთა სამკურნალოდ, მაგრამ ეს უკვე არის წინ გადადგმული პირველი ბრწყინვალე ნაბიჯი, რომლითაც გვერდს ავუვლით სრულიად ახალი პრეპარატების შექმნისთვის აუცილებელ ზოგიერთ ბარიერს.

„ვაქცინის დასრულებას სავარაუდოდ 12-18 თვე სჭირდება, ახალი ანტივირუსული პრეპარატის დამტკიცებას კი სადღაც 10 წელი. შესაბამისად, უკვე არსებულ მედიკამენტთა მიზნის შეცვლამ შეიძლება, მნიშვნელოვნად დააჩქაროს COVID-19-ის-ის ახალი პრეპარატების მიღება“, — წერს მკვლევართა ჯგუფი პუბლიკაციაში.

მკვლევრებმა აიღეს ReFRAME Drug Repurposing Library (წამლების მიზნის შეცვლის კოლექცია) — კოლექცია, რომელშიც შესულია 11 987 ისეთი პრეპარატი, რომელიც უკვე დამტკიცებულია აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიერ ან გავლილი აქვს კლინიკური ცდები. ამის შემდეგ SARS-CoV-2-ის (COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსი) წინააღმდეგ მათი შემოწმება დაიწყეს აფრიკული მწვანე მაკაკების (Chlorocebus sp.) თირკმლებიდან კულტივირებულ ე. წ. Vero უჯრედებში.

„COVID-19-ის პანდემიის ადრეულ ეტაპზევე მივხვდით, რომ ReFRAME-ის კოლექცია შეუფასებელი რესურსი იქნებოდა წამლების შემოწმებისათვის, მიზნის შეცვლისა და ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ გამოსაყენებლად“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, ReFRAME-ის ბაზის შემქმნელის, ორგანიზაცია Scripps Research-ის სამედიცინო ქიმიკოსი არნაბ ჩატერჯი.

როგორც მოსალოდნელიც იყო, ტესტების დიდი უმრავლესობა უშედეგო აღმოჩნდა, მაგრამ ჯგუფმა იპოვა 100 ისეთი ნაერთი, რომელიც Vero უჯრედებში SARS-CoV-2-ის ვირუსულ გამრავლებას ახშობდა.

ამის შემდეგ, ჯგუფმა დაადგინა, რომ ამ 100 ნაერთიდან 21-ს დოზა-ეფექტის კავშირი ჰქონდა, ანუ ეფექტიანობისთვის საჭირო დოზა ადამიანისთვის სახიფათო არ უნდა ყოფილიყო. მათ შორის ერთ-ერთი იყო რემდესევირი, დანარჩენი 20 კი COVID-19-ის მკურნალობაში ჯერ არ შემოწმებულა.

აღმოჩნდა, რომ 21 პრეპარატიდან 13 ეფექტიანი უნდა იყოს კონცენტრაციით, რომელიც COVID-19-ის პაციენტებში გამოყენებისთვის უსაფრთხოა და უკვე დაწყებულია მათი კლინიკური ცდები.

„კვლევა მნიშვნელოვნად აფართოებს COVID-19-ის შესაძლო პრეპარატთა არჩევანს; განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მრავალი ეს მოლეკულა ადამიანებში კლინიკური ცდების შემდეგ უსაფრთხო აღმოჩნდა“, — ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, ვირუსოლოგი სამიტ ჩანდა.

მისივე თქმით, ეს კვლევა სამეცნიერო საზოგადოებას სთავაზობს პოტენციურ იარაღებს, რომელთა დახმარებითაც შეიძლება დავამარცხოთ მიმდინარე გლობალური პანდემია.

აღნიშნული 21 პრეპარატი ამჟამად დამატებით იტესტება პატარა სამოდელო ცხოველებზე ან მინი ფილტვებზე, რომლებსაც ადამიანის ქსოვილების მიბაძვა შეუძლია. ამავე დროს, ჯგუფმა უკვე გამოავლინა სამი პრეპარატი, რომელმაც იმუშავა ადამიანის ღეროვანი უჯრედებისგან მიღებულ ფილტვის ქსოვილევში, ერთმა პრეპარატმა კი ანტივირუსული ეფექტები აჩვენა ლაბორატორიაში არსებულ ფილტვების კულტურის სისტემაში.

ეს ყველაფერი საკმაოდ ამაღელვებელია, მაგრამ როგორც უკვე არაერთხელ ვნახეთ, ახალი წამლების გამოცდამდე საჭიროა დიდი სიფრთხილე, პანდემიის დროსაც კი, რადგან COVID-19-ის წინააღმდეგ ყველა იმედისმომცემი პრეპარატი როდი იმუშავებს.

„მიუხედავად იმისა, რომ ამ წამლებიდან ზოგიერთი უკვე გადის კლინიკურ ცდებს COVID-19-ის პაციენტებში, გვჯერა, რომ მნიშვნელოვანია დამატებითი კანდიდატი პრეპარატების ძებნა, რათა სამკურნალოდ მრავალი არჩევანი გვქონდეს“, — ამბობს ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, ვირუსოლოგი სამიტ ჩანდა.

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.