საიდან იციან მეცნიერებმა, რომ ახალი კორონავირუსი ხელოვნური არ არის და ღამურებიდან მოდის — #1TVმეცნიერება
საიდან იციან მეცნიერებმა, რომ ახალი კორონავირუსი ხელოვნური არ არის და ღამურებიდან მოდის — #1TVმეცნიერება

პანდემიის დროს გავრცელებული ერთ-ერთი კონსპირაციული თეორიის მიხედვით, ახალი კორონავირუსი ლაბორატორიაში შეიქმნა. თუმცა, იმ მეცნიერთა აბსოლუტური უმეტესობა, რომლებმაც ეს ვირუსი შეისწავლეს, თანხმდება, რომ ის ბუნებრივად წარმოიქმნა და ადამიანებში ცხოველიდან, დიდი ალბათობით ღამურიდან გადმოხტა.

საინტერესოა, საიდან ვიცით, რომ COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსი SARS-CoV-2 ზოონოზური, ანუ ცხოველური წარმოშობისაა და ხელოვნური არ არის? პასუხი იმალება ვირუსის გენეტიკურ მასალასა და ევოლუციურ ისტორიაში, ისევე როგორც ღამურების ეკოლოგიის ცოდნაში.

ადამიანთა ჩვენთვის ცნობილ ინფექციურ დაავადებათა 60 პროცენტი და ახლად გამოჩენილი ინფექციური დაავადებების 75 პროცენტი ცხოველური წარმოშობისაა. SARS-CoV-2 ყველაზე ახალია იმ შვიდ კორონავირუსში, რომელიც ადამიანებში გვხვდება; შვიდივე მათგანი ცხოველებიდან მოდის, ღამურებიდან, თაგვებიდან ან შინაური ცხოველებიდან.

ღამურები არიან ისეთი ვირუსების წყარო, რომლებიც იწვევს ებოლას, ცოფის, ნიპაჰისა და ჰენდრას ვირუსულ ინფექციებს, მარბურგის ვირუსულ დაავადებას; მათგან მოდის A ტიპის გრიპის ვირუსის შტამებიც.

SARS-CoV-2-ის გენეტიკური შემადგენლობის, ანუ „გენომის“ სეკვენირება უკვე ათასობით მეცნიერმა შეძლო მთელი მსოფლიოდან, თანაც, შედეგები საჯაროდ გამოაქვეყნეს. თუ ვირუსი ლაბორატორიაშია გენური ინჟინერიის გზით გამოყვანილი, გენომურ მონაცემებში აუცილებლად იქნებოდა მანიპულაციის ნიშნები.

მათ შორის უნდა იყოს არსებული ვირუსული მიმდევრობები ახალი ვირუსის ხერხემლად და გენეტიკური ელემენტების აშკარა, მიზანმიმართული ჩართვა ან ამოშლა.

თუმცა, არ არსებობს ასეთი მტკიცებულება. ძალიან ნაკლებად არის სავარაუდო, რომ ვირუსის გენური ინჟინერიისთვის გამოყენებულ რაიმე მეთოდს არ დაეტოვებინა გენეტიკური ხელწერა, მაგალითად, დნმ-ის კოდის რაიმე ამოცნობადი ნაწილები.

SARS-CoV-2-ის გენომი ღამურებისა თუ პანგოლინების სხვა კორონავირუსების გენომთა მსგავსია; ყველა მათგანს მსგავსი ზოგადი გენომური არქიტექტურა აქვს. ამ კორონავირუსთა გენომებს შორის განსხვავებები აჩვენებს კორონავირუსების ევოლუციისთვის დამახასიათებელ ტიპურ ბუნებრივ მახასიათებლებს. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ SARS-CoV-2 განვითარდა წინა, ველური კორონავირუსისგან.

ერთ-ერთი საკვანძო მახასიათებელი, რითაც SARS-CoV-2 სხვა კორონავირუსთაგან განსხვავდება, არის კონკრეტული „წვეტი“ ცილა, რომელიც კარგად ბოჭავს ადამიანის უჯრედის ზედაპირზე არსებულ ცილა, სახელად ACE2-ს. შედეგად, ეს ვირუსი ადამიანის სხვადასხვა სახის უჯედში შედის და აინფიცირებს.

მსგავსი მახასიათებლები სხვა მონათესავე კორონავირუსებსაც აქვთ, რაც კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ეს წვეტეი ბუნებრივად არიან წარმოქმნილი და არა ლაბორატორიაში ხელოვნურად დამატებული.

კორონავირუსები და ღამურები ხანგრძლივ ევოლუციურ რბოლაში არიან ჩართული, რომელშიც ვირუსები გამუდმებით ვითარდებიან და თავს აღწევენ ღამურის იმუნურ სისტემას; ღამურები კი ისე ვითარდებიან, რომ იტანენ კორონავირუსებით გამოწვეულ ინფექციებს. ვირუსი მრავალ ვარიანტად ვითარდება, რომელთაგან უმეტესს ღამურის იმუნური სისტემა ანგრევს, მაგრამ ზოგიერთი მათგანი გადარჩება და სხვა ღამურებში გადავა.

ზოგიერთი მეცნიერის აზრით, SARS-CoV-2 შეიძლება მოდიოდეს ღამურების სხვა ცნობილი ვირუსისგან (RaTG13), რომლებიც უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის მკვლევრებმა აღმოაჩინეს. ამ ვირუსთა გენომები ერთმანეთს 96 პროცენტით ემთხვევიან.

ეს მაჩვენებელი შეიძლება ძალიან ახლო მოგეჩვენოთ, მაგრამ ევოლუციური თვალსაზრისით, ასეთი განსხვავება მნიშვნელოვნად დიდია და როგორც ეს ორი ვირუსი აჩვენებს, მათ საერთო წინაპარი უნდა ჰყავდეთ. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ RaTG13 არ არის SARS-CoV-2-ის წინაპარი.

სინამდვილეში, SARS-CoV-2 შეიძლება განვითარდა ვირუსული ვარიანტისგან, რომელიც დიდხანს ვერ გადარჩა ან წარმოიქმნა ისეთი ვარიანტისგან, რომლებიც ღამურებში დიდხანს ვერ ძლებენ.

ამავე დროს, მას ჩამოუყალიბდა ადამიანის უჯრედში შეღწევის უნარი და შემთხვევით იპოვა ჩვენამდე მოსასვლელი გზაც, სავარაუდოდ შუამავალი ცხოველის საშუალებით. ასევე შესაძლებელია ისიც, რომ ვირუსის თავდაპირველი, უსაფრთხო ფორმა ჩვენში პირდაპირ გადმოხტა და შემდეგ, ადამიანიდან ადამიანში გადასვლისას იქცა სახიფათოდ.

გენეტიკური სახესხვაობები

კორონავირუსის ერთმანეთისგან განსხვავებული გენომების შერევა ანუ „რეკომბინაცია“ ბუნებაში არის ერთ-ერთი მექანიზმი, რომლითაც ახალი კორონავირუსები წარმოიქმნება. არსებობს დამატებითი მტკიცებულებაც, რომ ეს პროცესი უნდა მომხდარიყო SARS-CoV-2-ის წარმოქმნისას.

პანდემიის დაწყების შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ვირუსმა SARS-CoV-2-მა ორ სხვადასხვა შტამად დაიწყო განვითარება, რის შედეგადაც ადამიანის უჯრედში უფრო ეფექტიანად შეჭრისთვის საჭირო ადაპტაციები მიიღო. ეს უნდა მომხდარიყო მექანიზმით, რომელსაც სელექციური გასუფთავება ეწოდება და რომელიც, სასარგებლო მუტაციებით ვირუსს უფრო მეტი მასპინძლის დაინფიცირებაში ეხმარება; შესაბამისად, უფრო გავრცელებული ხდება ვირუსულ პოპულაციაში.

ეს გახლავთ ბუნებრივი პროცესი, რომელსაც საბოლოოდ შეუძლია, ინდივიდუალურ ვირუსულ გენომებს შორის გენეტიკური ნაირსახეობები შეამციროს.

სწორედ ამ მექანიზმის დამსახურება უნდა იყოს მრავალფეროვნების ნაკლებობა SARs-CoV-2-ის იმ მრავალ გენომში, რომლებიც უკვე სეკვენირებულია. ეს კი მიუთითებს, რომ SARs-CoV-2-ის წინაპარი ღამურების პოპულაციაში საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ცირკულირებდა. შემდეგ მას უნდა მიეღო მუტაციები, რომლებმაც მას ღამურებიდან სხვა სახეობებში, მათ შორის ადამიანებში გადახტომის საშუალება მისცა.

ასევე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ დედამიწაზე ყოველი ხუთი ძუძუმწოვრის სახეობიდან დაახლოებით ერთი არის ღამურა; მათგან ზოგიერთი მხოლოდ გარკვეულ ადგილებში გვხვდება, ზოგი კი ვრცელ მანძილებზე გადაადგილდება. ასეთი მრავალფეროვნებისა და გეოგრაფიული გავრცელების გამო, საკმაოდ რთულია იმის დადგენა, ღამურების რომელი ჯგუფიდან წამოვიდა SARs-CoV-2 პირველად.

არსებობს იმის მტკიცებულებაც, რომ COVID-19-ის ადრეული შემთხვევები უხანს გარეთ მოხდა და არ არსებობს მკაფიო კავშირი ქალაქის ცხოველების ბაზრობასთან, რომელიც პანდემიის საწყის ადგილად მიიჩნევა. ამავე დროს, კონსპირაციულ თეორიებს არ გააჩნიათ მტკიცებულებები.

არ არის გამორიცხული, რომ ინფიცირებულმა ადამიანებმა ვირუსი შემთხვევით მიიტანეს უხანში, კერძოდ მის ბაზრობაზე, სადაც დახურულმა, დატვირთულმა გარემომ გაზარდა დაავადების სწრაფად გავრცელების შანსები.

მათ შორის შესაძლებელია, რომ უხანში ღამურების კორონავირუსების კვლევის პროგრამის ერთ-ერთი მეცნიერი ღამურებთან საველე მუშაობის დროს უნებლიეთ დაინფიცირდა და შემდეგ ვირუსი მისგან გავრცელდა. ამ შემთხვევაში, ვირუსი მაინც ბუნებრივად მიიჩნევა და არა ლაბორატორიიდან გაჟონილად.

მხოლოდ ძლიერ მეცნიერებას და ბუნებრივი გარემოს კვლევას შეუძლია გაიგოს COVID-19-ისა და მისი მსგავსი ზოონოზური დაავადებების ისტორია და წარმოშობა. ველურ ბუნებასთან ჩვენი მუდმივად ცვალებადი ურთიერთობა და გაზრდილი კონტაქტი ზრდის ადამიანებში ახალი ზოონოზური დაავადებების გამოჩენის რისკს.

SARS-CoV-2 ნამდვილად არ არის პირველი ვირუსი, რომელიც ჩვენ ცხოველებისგან გადმოგვედო და ეჭვგარეშეა, არც უკანასკნელი იქნება.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.