კორონავირუსის ხელოვნური წარმოშობის შესახებ ახლახან გავრცელებულ კვლევას სამეცნიერო საზოგადოება უარყოფს
კორონავირუსის ხელოვნური წარმოშობის შესახებ ახლახან გავრცელებულ კვლევას სამეცნიერო საზოგადოება უარყოფს

ზოგიერთი მეცნიერის ახალ მოსაზრებებს, რომელთა მიხედვითაც ახალი კორონავირუსი SARS-CoV-2 ლაბორატორიაშია შექმნილი, სამეცნიერო და სადაზვერვო საზოგადოებები უარყოფენ.

ახლახან გამოჩნდა ვაქცინის ბრიტანულ-ნორვეგიული ახალი კვლევა, რომელიც გამოსაქვეყნებლად ჟურნალმა Quarterly Review of Biophysics-მა მიიღო. კვლევის ავტორთა მტკიცებით, ახალი კორონავირუსის წვეტი ცილები შეიცავს მიმდევრობებს, რომლებიც იქ ხელოვნურად ჩაშენებულს ჰგავს.

ნორვეგიელი მეცნიერი ბირგერ სორენსენი და ბრიტანელი ონკოლოგი ენგუს დალალიეში დოკუმენტში ამტკიცებენ, რომ COVID-19-ის გამომწვევ კორონავირუს SARS-CoV-2-ის წვეტი ცილების ზედაპირზე გამოავლინეს ხელოვნურად ჩაშენებული მონაკვეთები, რომლებითაც ვირუსი ადამიანის ორგანიზმის უჯრედებში შედის. თუმცა, ვირუსოლოგები აღნიშნავენ, რომ მსგავსი სექციები ბუნებრივად არის წარმოდგენილი სხვა ვირუსებშიც.

სერ რიჩარდ დიარლავი, რომელიც გაერთიანებული სამეფოს საიდუმლო სადაზვერვო სამსახურს (MI6) 1999-2004 წლებში ხელმძღვანელობდა, Daily Telegraph-თან საუბრისას აცხადებს, რომ სორენსენისა და დალალიეშის კვლევის მიხედვით, პანდემია შეიძლება, უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში იღებს სათავეს. მისივე თქმით, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ვირუსი იქიდან განზრახ გამოეშვათ, თუმცა, ის შემთხვევით გაიპარა და ჩინეთი ამის დამალვას აშკარად ცდილობდა.

თუმცა, გამოცემა Times of London-ის ცნობით, წყარო ბრიტანეთის სამხედრო აგენტურიდან (MI5) ამ მოსაზრებას „ჭორს და კონსპირაციას“ უწოდებს. დაზვერვაში არსებულ ხარვეზთა გამო, დიარლავი კრიტიკის ობიექტი წარსულშიც გახდა, ერაყის ომში ბრიტანეთის ჩართულობის შესახებ მიმდინარე გამოძიებისას.

მას შემდეგ, რაც კორონავირუსის ეპიცენტრი აშშ გახდა, ტრაპმის ადმინისტრაციის ოფიციალური პირები აძლიერებდნენ ჭორებს, რომ ვირუსი უხანში, ვირუსოლოგიის ლაბორატორიაში შეიქმნა. თუმცა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მკვლევრებმა ვირუსის ადრეულ შემთხვევათა კვალს უხანის ცხოველების ბაზრობაზე მიაგნეს.

უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელობამ ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიას განუცხადა, რომ ასეთი განცხადებები სრული სიცრუეა და ამ ლაბორატორიაში კორონავირუსი SARS-CoV-2 პირველად დეკემბერში ნახეს, პაციენტისგან აღებულ ნაცხში, რომელსაც პნევმონიის მსგავსი დაუდგენელი დაავადება აღენიშნებოდა.

სორენსენის და დალალიეშის კვლევა ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამეცნიერო კონსენსუსს, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსის პანდემია სათავეს უხანში იღებს, მაგრამ არ არსებობს მტკიცებულება, რომ ვირუსი ხელოვნურად არის შექმნილი.

COVID-19-ით ინფიცირებული პირველი 41 პაციენტის ანალიზებმა, რომლის შედეგებიც ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნდა, დაადგინა, რომ 27 პაციენტს პირდაპირი კავშირი ჰქონდა უხანის ბაზრობასთან, მაგრამ არა პირველ ცნობილ შემთხვევასთან. ამის შემდეგ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა სახელმძღვანელო ასეთი ბაზრობებისთვის, რომლის მიზანიც ცხოველებიდან ადამიანებზე პათოგენების გადადების შემცირებაა.

სორენსენისა და დალალიეშის განცხადებით, აღმოჩენის შემდეგ ვირუსმა ძალიან მცირე მუტაცია განიცადა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის უკვე სრულად იყო ადამიანებზე მორგებული. თუმცა, არსებობს რამდენიმე კვლევა, რომლებშიც საუბარია SARS-CoV-2-ის შტამების ევოლუციასა და მუტაციაზე.

სორენსენმა ნორვეგიის საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, რომ ვირუსი არასოდეს დაფიქსირებულა ბუნებაში და აქვს მახასიათებლები, რომლებითაც ის დიდად განსხვავდება SARS-ისგან, კიდევ ერთი კორონავირუსისგან. მისივე თქმით, ჩინეთი და აშშ უკვე წლებია თანამშრომლობენ კორონავირუსის ე. წ. ფუნქციის მოპოვების კვლევებში, რომელთა ფარგლებშიც, ვირუსების უკეთესად შესასწავლად, ზრდიან პოტენციური პანდემიური პათოგენების გადადებადობასა და პათოგენურობას.

გუნვაიგ გროდლანდი ვაქცინების მკვლევარია ოსლოს უნივერსიტეტში. საპასუხო ინტერვიუში ნორვეგიის საზოგადოებრივ მაუწყებელს მან განუცხადა, რომ ის, რასაც სორენსენი ვირუსში ხელოვნურად ჩაშენებულ მიმდევრობებს უწოდებს, არ შეიძლება მივიჩნიოთ ვირუსის ხელოვნური წარმოშობის მტკიცებულებად.

„ასეთ რამეს სხვა მრავალ ვირუსშიც იპოვით, მათ შორის აივ-ში, ისევე როგორც სხვა კორონავირუსებში“, — ამბობს გროდლანდი.

ახალი კორონავირუსის ხელოვნურობის შესახებ გავრცელებულ მოსაზრებებს უარყოფენ სამეცნიერო საზოგადოების სხვა წამყვანი წევრები და პანდემიასთან მებრძოლებიც. აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ ასეთ ჭორებს სამეცნიერო მტკიცებულება არ გააჩნია; მსგავს ჭორებს უარყოფენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და აშშ-ის გალვესტონის ეროვნული ლაბორატორიის წამყვანი მკვლევრებიც.

The Telegraph-ის ცნობით, სორენსენისა და დალალიეშის კვლევის გამოქვეყნებაზე უარი განაცხადა რამდენიმე წამყვანმა აკადემიურმა ჟურნალმა, მათ შორის Nature-მა და Journal of Virology-მ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ კვლევა გამოქვეყნებისთვის არადამაკმაყოფილებლად ჩათვალეს. სორენსენი აცხადებს, რომ კვლევის თავდაპირველი ვერსია ერთმანეთთან აკავშირებდა ვაქცინაზე მუშაობისა და ვირუსის წარმოშობის კვლევას, თუმცა, შემდეგ ის ორ ნაწილად გაყვეს. მისივე თქმით, მეორე კვლევა უფრო ვირუსის წარმომავლობაზეა ფოკუსირებული და მალე გამოქვეყნდება.

Quarterly Review of Biophysics-ში გამოქვეყნებული მოხსენება მიმოიხილავს ამჟამად პრეკლინიკურ ფაზაში მყოფ კანდიდატ ვაქცინა Biovacc-19-ზე მუშაობის საფუძვლებს. სორენსენს ფინანსური ინტერესი აქვს ამ ვაქცინაზე მომუშავე ნორვეგიულ კომპანია Immunor-ში.

მომზადებულია forbes.com-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი