არ არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება, რომ კორონავირუსი ჩინეთის ლაბორატორიაში შეიქმნა — ინტერვიუ ენტონი ფაუჩისთან
არ არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება, რომ კორონავირუსი ჩინეთის ლაბორატორიაში შეიქმნა — ინტერვიუ ენტონი ფაუჩისთან

ამერიკის შეერთებული შტატების ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ენტონი ფაუჩი ამერიკაში COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლის მთავარი სამეცნიერო სახე გახდა.

ფაუჩის თქმით, ყველა მტკიცებულება იმაზე მიუთითებს, რომ ვირუსი ველურ ბუნებაში წარმოიქმნა, შემდეგ ადამიანებში გადმოვიდა და ის ლაბორატორიაში ადამიანების გასანადგურებლად არ დაუმზადებიათ.

„თუ ღამურებში ვირუსის ევოლუციასა და დღევანდელ მდგომარეობას დავაკვირდებით, სამეცნიერო მტკიცებულებები ძალიან, ძალიან ძლიერად იხრება იმ აზრისკენ, რომ მას ხელოვნურად და განზრახ ვერ დაამზადებდნენ. ეტაპობრივი ევოლუციის შესახებ არსებული ყველა ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ ეს ვირუსი ბუნებაში განვითარდა და შემდეგ სხვადასხვა სახეობებში გავრცელდა“.

ენტონი ფაუჩის მთავარი სადარდებელი არის ის, თუ როგორ გაუმკლავდება ამერიკა COVID-19-ის მეორე ტალღას იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა ზაფხულისკენ დაინფიცირების ტემპის შეჩერებას ვერ შეძლებს.

„სირცხვილი ჩვენ, თუ ვირუსის ე. წ. ხელმეორედ მობრუნებისას საკმარისი ტესტები არ გვექნება“ — აღნიშნავს ფაუჩი.

National Geographic-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ფაუჩი განიხილავს აშშ-ში შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნასა და საქმიანობის ნელ-ნელა აღდგენას, კორონავირუსის წარმომავლობასა და მრავალ სხვა საკითხს, მათ შორის თავის პირად ცხოვრებასაც.

ინტერვიუს სრულად გთავაზობთ.

ფაუჩი ვაქცინებზე

– ალერგიებისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი 1984 წლიდან ხართ და ათეულობით ეპიდემიასა თუ პანდემიასთან გქონიათ საქმე. ერთ-ერთი პირველი შიდსის ეპიდემია იყო. როგორ შეადარებდით იმ გამოცდილებას COVID-19-თან?

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა ე. წ. ტარგეტირებული მედიკამენტების განვითარებაა. ვირუსები დაავადებას შენს სხეულში არსებული უჯრედების რეცეპტორებზე მიმაგრებით იწვევს. COVID-19-ის შემთხვევაში ეს ხან ზედა სასუნთქ გზებში ხდება, ხან ფილტვებში. შემდეგ, მათი ძალიან სწრაფი გამრავლება მრავალ პათოგენურ პროცესს იწვევს. შიდსზე მუშაობამ გვასწავლა, რომ გამრავლების ციკლის შეფერხებისთვის ვირუსისადმი მგრძნობიარე ერთ ან მრავალ ადგილას მედიკამენტებით ტარგეტირებული შეტევა საკმაოდ ეფექტიანია.

ასეთი მგრძნობიარე ადგილები დაავადება COVID-19-ის გამომწვევ კორონავირუს SARS-CoV-2-საც აქვს. ჩვენი მიზანია, ეს სუსტი წერტილები ამოვიცნოთ და შევქმნათ მედიკამენტები გამრავლების შესაჩერებლად.

– გასწავლათ თუ არა შიდსზე მუშაობამ ისეთი რამ, რაც COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინის შექმნას უკავშირდება?

ვაქცინები ცოტათი განსხვავებულია. ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის უფრო სწრაფად შექმნის შედარებით უკეთესი შანსები გვაქვს, ვიდრე შიდსის ვაქცინაზე გვქონდა, რადგან, რაღაც უცნობი მიზეზების გამო, ორგანიზმი შიდსის წინააღმდეგ ადეკვატურ იმუნურ პასუხს არ წარმოქმნის.

ეს პრობლემა ამ კორონავირუსთან არ გვაქვს, რადგან ცხადია, რომ უამრავი ადამიანის ორგანიზმი მის წინააღმდეგ საკმაოდ ადეკვატურ იმუნურ პასუხს წარმოქმნის. ადამიანები ვირუსისგან იწმინდებიან და თან ძალიან კარგად. როგორც ამ დაავადების ბუნებრივი ისტორიიდან ვიცით, ადამიანთა უმეტესობა ისე ინფიცირდება და იკურნება, რომ სიმპტომები საერთოდ არ უვლინდებათ — მათ ასიმპტომურებს უწოდებენ — ან მინიმალური სიმპტომები აქვთ: სიცხე, ტკივილები და შემდეგ ჯანმრთელდებიან.

ფაქტი, რომ ადამიანთა უმეტესობას ვირუსისგან გასუფთავება შეუძლიათ, ვაქცინის შექმნის შესაძლებლობისთვის ძალიან კარგი წინაპირობაა.

– ყველაზე ფართოდ განხილვადი ვაქცინის კანდიდატები არიან „მოდერნას“ მიერ შექმნილი mRNA (მრნმ) ვაქცინა, რომელმაც ადამიანებზე ტესტირების ფაზას რეკორდულ 42 დღეში მიაღწია; და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილი კანდიდატი, რომელიც ეფუძნება ე. წ. არაგამრავლებად ვირუსულ ვექტორს. თუმცა, ადამიანებისთვის გამოსაყენებლად ჯერ კიდევ არც ერთ ვაქცინაზე არ გაცემულა ლიცენზია. რატომ არის ეს ორი კანდიდატი ასეთი იმედისმომცემი? განსაკუთრებით დროის ასეთ სწრაფ მონაკვეთში?

ეს ვაქცინები, ცხოველებში მაინც, ნამდვილად იმედისმომცემ იმუნურ პასუხს წარმოქმნის, განსაკუთრებით კი mRNA ვაქცინა. როცა ასეთი მცირე დოზით გამოწვეულ იმუნურ პასუხსა და ამ რეაქციის წარმოქმნის დროს შევხედავთ, საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება. მათი დამზადება საკმაოდ მარტივია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოკლე დროში ბევრ დოზას დავამზადებთ. ამიტომ, კი, მართალი ბრძანდებით, მათი გამოყენება ჯერჯერობით ავტორიზებული არ არის, მაგრამ მათზე ძალიან დიდ იმედებს ვამყარებთ.

ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნულ ინსტიტუტში ვაქცინის რამდენიმე კანდიდატს ვქმნით ან სხვებს ვეხმარებით შექმნაში. კარში ბევრი გოლის გატანა გვინდა. ჩვენ გვინდა, რომ ოთხი ან ხუთი კანდიდატი ადეკვატურ დროში — შეიძლება ივნისში, ივლისსა ან აგვისტოში, უფრო სიღრმისეულ კლინიკურ ტესტირებაში გავუშვათ. mRNA ვაქცინა კლინიკური ცდების პირველ ფაზას ძალიან კარგად გადის და უკვე მეორე და მესამე ფაზაში გადასასვლელად ვამზადებთ. ეს შეიძლება ზაფხულის დასაწყისშიც მოხდეს.

ფაუჩი აკრძალვების მოხსნასა და პირბადეებზე

– ქვეყანა ბიზნესების გახსნისთვის ემზადება, თან ცხელი ამინდები ახლოვდება, ეს კი მრავალ ადამიანს გამოიყვანს გარეთ. გგონიათ, რომ ინფექციის ახალი პიკები გვექნება აშშ-ში?

გაიდლაინებისთვის გადახედეთ Opening Up America Again-ს. აქ ძალიან კარგადაა აღნიშნული საკონტროლო პუნქტები. არსებობს გარდამავალი მომენტი, როცა შეზღუდვების მოხსნის პირველი ფაზის წინ, 14 დღის განმავლობაში ინფექციების რაოდენობამ უნდა დაიკლოს. თუ პირველი ფაზის მოთხოვნებს დავაკმაყოფილებთ, შემდეგ გადავალთ მეორე ფაზაში. აქაც იმავეს თუ ვიზამთ, გადავდივართ მესამე ფაზაში.

როცა ვინმეს ისეთ გარემოში დაინახავ, სადაც ინფექციათა რაოდენობა არ იკლებს და შემდეგ 30-40 ადამიანი სანაპიროზე პირბადის გარეშე სეირნობს… გასაგებია, სასიამოვნოა, როდესაც მზის ქვეშ ბედნიერად სეირნობ, მაგრამ საკუთარ თავსა და სხვებსაც ძალიან დიდი რისკის ქვეშ აყენებ, რადგან დიდი შანსია, ინფექციების შემთხვევების უფრო დიდი პიკი წარმოიქმნას.

– გეშინიათ მეორე ტალღის?

ყველაზე მეტად რაც მაოცებს, ცხადია, უარყოფით კონტექსტში, არის ვირუსის გავრცელების ექსტრაორდინარული უნარი. ის გრიპის ვირუსზე ბევრად უფრო ეფექტიანად ვრცელდება. აკვირდები ისეთ სიტუაციებს, სადაც ოჯახებშიც კი ცდილობენ და ფიზიკურად დისტანცირდებიან ერთმანეთისგან. მათ ერთმანეთთან არანაირი კონტაქტი არ აქვთ, გარდა იმისა, რომ საერთო ნივთებს ეხებიან, იქნება ეს თეფში თუ კარის საკეტი და ისინი ინფიცირდებიან. ოჯახების კლასტერები, ეპიდაფეთქება ტედი რუზველტის ავიამზიდზე, იოკოჰამას პორტში გემ „დაიმონდ პრინცესზე“, უსწრაფესი გავრცელება. ვირუსი ძალიან, ძალიან გადამდებია.

შემოდგომისა და ზამთრის მოახლოებასთან ერთად ჩვენი გამოცდაც მოხდება. თუ ყველაფერს სწორად გავაკეთებთ, ზაფხულის მოსვლასთან ერთად, ქვეყანაში დღიური ინფიცირების რაოდენობას შევამცირებთ. ამის გარანტიას ვერ მოგცემთ, მაგრამ თუ ყველაფერს სწორად გავაკეთებთ, დიდი ალბათობით, ასე მოხდება.

მაგრამ არ მგონია, რომ ვირუსის გაქრობის რამე შანსი არსებობდეს. ის ჩვენ გარშემო იარსებებს და თუ შესაძლებლობა მიეცა, ხელახლა აფეთქდება. მოსამზადებლად რამდენიმე თვე გვაქვს: მაისი, ივნისი, ივლისი და აგვისტო. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ადეკვატურად აღვჭურვოთ სასუნთქი აპარატებით, ინტენსიური თერაპიის განყოფილების საწოლებით, მედპერსონალის დამცავი აღჭურვილობით და ა.შ. ჩვენ არა მხოლოდ ტესტები ქონა გვჭირდება, არამედ ტესტების ჩამტარებელი ადამიანების საკმარისი რაოდენობაც.

ასე რომ, როცა სექტემბრის თვეში შევალთ, არ უნდა გვქონდეს იმაზე დიალოგი, გვაქვს თუ არა საკმარისი ტესტები. სირცხვილი ჩვენ, თუ ვირუსის ე. წ. ხელმეორედ მობრუნებისას, შემოდგომასა და ზამთარში, საკმარისი ტესტები არ გვექნება!

– რა აზრის ხართ იმაზე, რომ საზოგადოებამ პირბადეები უნდა ატაროს?

გამიხარდა ეს კითხვა. ეს საკითხი ბოლო რამდენიმე კვირისა და თვის განმავლობაში შეიცვალა. როცა ამის შესახებ დისკუსია დაიწყო, ქირურგიული პირბადეებისა და N95 რესპირატორების ძალზე დიდი დეფიციტი იყო.

მოდი, დავუშვათ, რომ ყველას აქვს პირბადე, ან ყველას შეუძლია სახლის პირობებში მისი დამზადება ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციების მიხედვით. ჩემი აზრით, საკმაოდ ლოგიკური დაშვებაა. ჩვენ ვიცით, რომ პირბადეების საშუალებით, დაინფიცირებული ადამიანის მიერ დახველებითა და დაცემინებით სხვა ადამიანების დაინფიცირების რისკი მცირდება.

თუ დააკვირდებით პირბადეების სარგებლიანობას საზოგადოებისთვის, მონაცემები 100%-იანი არ არის. 100%-ით არ ხარ დაზღვეული, რომ სხვას არ დააინფიცირებ ან სხვა არ დაგაინფიცირებს.

მაგრამ თუ პირბადე გიკეთია, ერთგვარ დამცავ ფარს იქმნი. და თუ ისე მოხდა, რომ დაინფიცირდი და ამის შესახებ არაფერი იცი, რაღაც დონეზე გავრცელებას ამცირებ. ამ მოცემულობით, უპირველეს ყოვლისა, ის უნდა გავითვალისწინოთ, რომ დაავადების გავრცელების შეჩერების საუკეთესო გზა ორ მეტრიანი დისტანციის დაცვაა.

თუ ისეთ სიტუაციაში ხარ, რომ არავის არ ეკონტაქტები, მაშინ მთელი დღე პირბადით სიარული არაა საჭირო, ეს ზუსტად ვიცით. მაგრამ თუ მოხვდი ისეთ ადგილას, სადაც 2 მეტრის დისტანციის დაცვას ვერ ახერხებ, იქნება ეს სუპერმარკეტი თუ უბრალოდ ქუჩაში სიარული, მაშინ ატარე.

ფაუჩი ინფორმაციის ნიაღვარზე და ვირუსის ჩინეთის ლაბორატორიაში შექმნის შესაძლებლობაზე

– როგორ უმკლავდებით ინფორმაციულ ნაკადს და გამოარჩევთ მეცნიერებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანს?

ეს სახანძრო ონკანიდან წყლის დალევას ჰგავს, მართლა ასეა. ჩემდა საბედნიეროდ, მყავს 3-4-კაციანი ჯგუფი, რომელიც კვლევებში იქექება და როდესაც რაიმე არაკეთილგონივრულს ნახავენ, ამით მე არ მაწუხებენ. როცა ყველა ეს კვლევა ჩემს მაგიდაზე იყრის თავს, ვკითხულობ სათაურსა და მოკლე მიმოხილვას. თუ რომელიმე მათგანი გონივრული ჩანს, გვერდით ვდებ და შემდეგ წაკითხვას ვცდილობ. როდესაც არის რაღაც, რომელზეც ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა წავიკითხო, ვკითხულობ.

ამ დახარისხების პროცესშიც კი, ძალიან ძნელია ყველაფრის მოხმარება, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ ბოლოდროინდელ რეცენზირებამდელი კვლევების ტენდენციას.

– რა იქნება თქვენი რჩევა ფართო საზოგადოებისთვის სათაურების ფილტრაციასა და ამ ყველაფერში გარკვევისთვის?

რატომღაც, დღეს ყველას შეუძლია ჰქონდეს ექსპერტობის პრეტენზია იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი აზრზე არ არიან, რაზეც ლაპარაკობენ; ფართო საზოგადოებისთვის კი ამ ყველაფერის გარჩევა ძალიან რთულია. გამომდინარე აქედან, პირველ რიგში დარწმუნდით, რომ კვლევა ეკუთვნის აღიარებულ ორგანიზაციას, რომელიც როგორც წესი, ზოგადად სიმართლეს გვთავაზობს. თუ კვლევა გამოქვეყნებულია ისეთ ჟურნალებში, როგორებიცაა New England Journal of Medicine, Science, Nature, Cell ან JAMA, თქვენ უკვე იცით, რომ ის უკვე საკმაოდ კარგად არის გადახედილი, რადგან ამ ჟურნალების რედაქტორები და სარედაქციო კოლეგიები საგნებს ძალიან სერიოზულად უდგებიან.

– ბოლო დროს ახალი ამბების ერთ-ერთი თემა გახდა SAR-CoV-2-ის წარმოშობა. გჯერათ თუ არა ან თუ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ვირუსი ჩინეთში ლაბორატორიაში შეიქმნა ან რომელიმე ჩინური ლაბორატორიიდან შემთხვევით გაჟონა?

თუ კარგად შეხედავთ ღამურებში ვირუსის ევოლუციას, რასაც ახლა ძალიან, ძალიან ძლიერ ეყრდნობა ეს ვირუსი, ნახავთ, რომ მასში სულაც არ არის ხელოვნური მანიპულაციის ნიშნები; ნახავთ მხოლოდ ბუნებრივად მომხდარ მუტაციებს. მრავალმა ძალიან კვალიფიციურმა ევოლუციურმა ბიოლოგმა აღნიშნა, რომ დროთა განმავლობაში მომხდარი ამ ეტაპობრივი ევოლუციის ყველა ნაწილი ძლიერ მიუთითებს, რომ ვირუსი ბუნებაში ჩამოყალიბდა და შემდეგ გადახტა სახეობიდან სახეობაში.

– გასაგებია, მაგრამ იქნებ მეცნიერმა ეს ვირუსი ბუნებაში იპოვა, ლაბორატორიაში მიიტანა და შემდეგ გაეპარა?

ეს იმას ნიშნავს, რომ ვირუსი მაინც ველურ ბუნებაშია წარმოქმნილი. სწორედ ამიტომ არ ვუსმენ, რასაც ამ თემაზე ლაპრაკობენ და არ ვხარჯავ ბევრ დროს ამ წრიულ არგუმენტზე.

ფაუჩის ცხოვრება ახლა

– როგორია თქვენი ჩვეულებრივი დღე?

ვდგები დაახლოებით დილის ხუთ საათზე, ჩავრბივარ კიბეებზე, სწრაფად ვსაუზმობ და ვეცნობი ათასობით მეილს — დიახ, მართლაც ათასობით.

შემდეგ მივდივარ სამსახურში (აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტში), ვცდილობ ვაქცინისა და პრეპარატების შექმნას და ვხელმძღვანელობ 6 მილიარდი დოლარის ბიუჯეტის მქონე ინსტიტუციას. იქ დაახლოებით პირველ საათამდე ვრჩები, შემდეგ კი თეთრ სახლში მივდივარ, სადაც მრავალ შეხვედრას ვმართავ. პირველ რიგში ვხვდები ექიმების ჯგუფს — მე, კორონავირუსის საპასუხო ჯგუფის კოორდინატორი დები ბრიქსი, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორი ბობ რედფილდი, სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის კომისარი სტივ ჰანი და სხვები. ამის შემდეგ მივდივართ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, რომელსაც ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ხელმძღვანელობს და რომელიც როგორც წესი, საათ-ნახევარი გრძელდება. ვიცე-პრეზიდენტთან ვაჯერებთ საქმეს, შემდეგ კი ამ შეჯამებით პრეზიდენტ ტრამპთან მივდივართ პრესკონფერენციისთვის.

ამის შემდეგ კვლავ მუშაობა იწყება… მივდივარ სახლში ან სამსახურში და გვიან ღამემდე ვმუშაობ. მთელი დღის განმავლობაში მაქვს საუბრები მათთან, ვისაც კი ეს სჭირდება — ყოველი შტატის გუბერნატორთან, კონგრესის ყველა ლიდერთან, თეთრი სახლის ყველა ლიდერთან. ეს ყველაფერი მოითხოვს გამუდმებულ ზარებს. თითქმის გაუსაძლისი მდგომარეობაა, კვირაში კი მხოლოდ შვიდი დღეა.

ამას ემატება პრესასთან ურთიერთობა, სატელევიზო თუ რადიოინტერვიუები. ერთგვარი სიურრეალისტური მდგომარეობაა. უნდა ავდგე დილით ადრე და მთელი სერიოზულობით ჩემს ცოლს ვკითხო — დღეს რა დღეა?

– გასაოცარია, როგორ ახერხებთ დასვენებას?

ცოლთან ერთად ვსეირნობ. როგორც წესი, ღამით ან შაბათ-კვირას. ბნელა, მაგრამ ამას მაინც ვახერხებთ.

– ძალიან დამღლელი არ არის?

რამდენიმე თვის წინ, გაგიჟების პირას ვიყავი და თითქმის არ მეძინა. ალბათ მხოლოდ სამი საათით ღამეში. ასე რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდა, რამაც კინაღამ მომკლა. ნამდვილად ცუდად მოვიქეცი. საბედნიეროდ, მყავს ძალიან გონიერი და კლინიკურად გამოცდილი ცოლი, რომელიც შენ ირგვლივ ყველაფერს აწესრიგებს და გეუბნება, რომ უნდა ჭამო, გახსენებს, რომ უნდა დაიძინო. დღეები ისევ გაუსაძლისია, მაგრამ სულაც არ ვფიქრობ, რომ ეს მომკლავს. ყოველ შემთხვევაში, ამის იმედი მაქვს.

– თქვენ იეზუიტური უმაღლესი სკოლა დაამთავრეთ, სადაც სწავლობდით საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობის მნიშვნელობას. რა გავლენა იქონია ამ გამოცდილებამ თქვენს პროფესიულ ცხოვრებაზე?

მთელი ჩემი ცხოვრება ეფუძნება იმ ბაზისს, რომ ჩემი მშობლები ძლიერ ორიენტირებული იყვნენ სამსახურზე. მათ რეალურად არასოდეს აინტერესებდათ ფული და მატერიალური საგნები. ეს სწორედ ის გზაა, როგორებიც ისინი იყვნენ. შესაბამისად, არასოდეს ვიცოდი, მაგალითად, ბევრი ფულის გაკეთების გზები, და ეს ყველაფერი საბოლოოდ გამიმყარდა იეზუიტურ უმაღლეს სკოლასა და კოლეჯში სწავლისას, სადაც მთელი თემა იყო მხოლოდ ერთი — სხვების მომსახურება.

თითქმის არასოდეს მქონია სხვა რაიმეს კეთების ცოდნა-გამოცდილება, გარდა რაიმე ისეთისა, რომელიც საზოგადოებრივი სერვისის კომპონენტს შეიცავს. ძალიან ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, მაგრამ ამავე დროს ვარ მეცნიერებისკენ მიდრეკილი. მთელი ჩემი ცოდნა მიმართულია ადამიანებისკენ და როდესაც ამას მეცნიერებისადმი მიდრეკილებასაც შეურწყავ, აღმოაჩენ, რომ ხარ ექიმი.

მომზადებულია nationalgeographic.com-ის მიხედვით.