ენტონი ფაუჩი - „კოვიდ-19“-ისგან დარჩენილი რისკ-ფაქტორების მიუხედავად, დროა, აშშ ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს
ენტონი ფაუჩი - „კოვიდ-19“-ისგან დარჩენილი რისკ-ფაქტორების მიუხედავად, დროა, აშშ ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ „კოვიდ-19“-ისგან დარჩენილი რისკ-ფაქტორების მიუხედავად, დროა, აშშ ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს. ამის შესახებ ფაუჩიმ სააგენტო „როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მედიასაშუალებასთან საუბრისას აშშ-ის წამყვანმა ინფექციონისტმა აღნიშნა, ქვეყანა რთული არჩევანის წინაშე დგას, როდესაც ცდილობს, დააბალანსოს მოქალაქეების ინფექციისგან დაცვის საჭიროება და პანდემიით გამოწვეული დაღლილობა.

მიმდინარე კვირაში აშშ-ის რამდენიმე შტატმა, მათ შორის ნიუ ჯერსიმ, ნიუ იორკმა, კალიფორნიამ, კონექტიკუტმა, დელავერმა და ორეგონმა განაცხადეს, რომ უახლოეს კვირებში სკოლებსა და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში პირბადის ტარების ვალდებულებას გააუქმებენ.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, პოზიტიური ტენდენციის მიუხედავად, აშშ-ში „კოვიდ-19“-ის გავრცელების მაჩვენებელი კვლავ მაღალია, ყოველდღიურად ქვეყანაში 2 200-მდე ადამიანი იღუპება, რომელთა უმეტესობა არავაქცინირებულია. ბოლო ერთ კვირაში ინფიცირების შემთხვევების საშუალო დღიურმა რაოდენობამ 147 ათასი შეადგინა, რაც წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით 40%-ით ნაკლებია. ამავე პერიოდში ჰოსპიტალიზაცია 28%-ით არის შემცირებული.