მეცნიერებმა ამაზონის ჯუნგლების უძველესი კლდის მხატვრობის დანიშნულება გაშიფრეს — #1tvმეცნიერება
თანამედროვე კოლუმბიის ტერიტორიაზე, სერანია-დე-ლა-ლინდოსას კლდეებში მიმოფანტული ძლიერ მრავალფეროვანი კლდის მხატვრობა საოცრად ასახავს ამაზონის ადგილობრივი ხალხის რწმენების ისტორიას.
ადგილობრივი მოხუცებისა და რიტუალების სპეციალისტების დახმარებით, კოლუმბიელმა და ბრიტანელმა მკვლევრებმა ძეგლის ექვს კლდეზე ათობით ათასი სურათი აღწერეს; აქამდე ამაში ხელს უშლიდა პოლიტიკური არეულობა და გეოგრაფიული მდებარეობა.
„კლდეებთან და ადგილობრივ ჯგუფებთან ყველა კონტინენტზე მიმუშავია, მაგრამ არ ვყოფილვარ საკმარისად იღბლიანი, რომ მენახა ასეთი პირდაპირი შეხამება ადგილობრივთა მონათხრობსა და კლდის მხატვრობის კონკრეტულ მოტივებს შორის“, — ამბობს ექსეტერის უნივერსიტეტის არქეოლოგი ჯეიმი ჰემპსონი.
ჟანგისფერი ნახატებიდან ზოგიერთი 11 000 წლის წინანდელია და მოიცავს ადამიანის ასობით ფიგურას, სხვადასხვა ცხოველის, მცენარისა და გეომეტრიული ფორმების მთელ ეკოსისტემას.
მოხუცებისა და სპეციალისტების მუშაობის საფუძველზე ნათელი გახდა, რომ ნახატები უბრალოდ იმას კი არ ასახავს, რასაც მხატვრები იმ დროს მათ გარშემო ხედავდნენ, არამედ ასევე მოიცავს ჩანაწერებს სულიერ სამყაროსთან რიტუალიზებულ მოლაპარაკებათა შესახებ. ნახატებს შორის არის ადამიანების ცხოველებად გადაქცევის ფორმები და მცენარე-ადამიანის ჰიბრიდებიც კი.
ამაზონის მრავალ კულტურას სწამს ტყის სულების, რომლებიც ველურ ბუნებას იცავენ.
„წარმატებული ნადირობა ამ სულებთან მოლაპარაკებას მოითხოვს“, — წერენ მკვლევრები.
ადამიანურ და იმქვეყნიურ სამყაროს შორის ნაპრალის ამოსავსებად, საჭირო ცხოველებს ისინი წითელი პიგმენტით ხატავდნენ; ასევე გამოსახავდნენ სხვა სიმბოლოებს, რომლებიც სხვა რამეებისთვის იყო საჭირო, მაგალითად ნაყოფიერებისთვის.
მკვლევართა განმარტებით, ზოგიერთი ცხოველი ადამიანებს განასახიერებს. მაგალითად, იაგუარები შამანების ავატარებად მიიჩნევა და ასევე ასრულებდნენ „მედიატორის როლს სამყაროს სამ კოსმოსურ განყოფილებას შორის, სიცოცხლესა და სიკვდილს შორის, ადამიანთა და წინაპრების სულების სამყაროებს შორის, ბუნებასა და კულტურას შორის“. სულ მცირე ერთ ადგილობრივ ენაში, რომელსაც დესნა ეწოდება, სიტყვა „იეე“ იაგუარსაც ნიშნავს და შამანსაც.
„ადგილობრივ მოხუცებთან თანამშრომლობა საშუალებას გვაძლევს, ნახატებს უცხოს პოზიციიდან შევხედოთ და დანიშნულებაც გამოვიცნოთ; ვიცით, რატომ ხატავდნენ კონკრეტულ მოტივებს და რას ნიშნავს ისინი. ასევე გვეძლევა საშუალება გავიგოთ, რომ ეს გახლავთ წმინდა, სარიტუალო მხატვრობა, რომელიც ანიმისტური კოსმოლოგიის ფარგლებშია შექმნილი, წმინდა ადგილას“, — ამბობს ჰემპსონი.
მსოფლიოს მასშტაბით, ადგილობრივთა ნახატების გამოთიშვა მისივე ხალხისგან, ისტორიულ ჩანაწერებს განადგურების რისკის ქვეშ აყენებს. მხატვრობის დოკუმენტირება და მისი ამბების დაკავშირება იქ არსებულ კულტურებთან, არა მხოლოდ ანთროპოლოგიურ მიზნებს ემსახურება, არამედ ამ ადგილობრივებს საკუთარი კულტურის შენარჩუნებაშიც ეხმარება.
კვლევა Advances in Rock Art Studies-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია news.exeter.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.