საიდუმლო არავისთვის არის, რომ მსოფლიოს უდიდესი ტროპიკული ტყე, ამაზონი, უზარმაზარი წნეხის ქვეშ არის და უახლოვდება ეკოლოგიურ გარდამტეხ მომენტს, რომლის იქითაც კოლაფსი გარდაუვალია.
თუმცა, აღმოჩნდა, რომ სიტუაცია იმაზე უარესად არის, ვიდრე წარმოგვედგინა. ახალი კვლევის მიხედვით, ამაზონის სასტიკი მომავალი ძირითადად მისი ულმობელი ჩეხვით არის განპირობებული.
კვლევა ყველაზე ყოვლისმომცველია, რაც კი აქამდე ჩატარებულა გლობალურ კლიმატზე ამაზონის აუზის გავლენის შესახებ. შედეგების მიხედვით, ხანძრების, გვალვებისა და მიწის მოსუფთავების (ჩეხვა) გამო, ამაზონის ტყე ატმოსფეროში იმაზე მეტი სათბურის აირებს გამოყოფს, ვიდრე მცენარეებსა და ნიადაგში ინახავს.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, ამაზონი დედამიწის ატმოსფეროს კი არ აგრილებს, არამედ ათბობს და როგორც კვლევის 30 ავტორი აცხადებს, ეს საგანგაშო ეფექტი სულ უფრო იზრდება.
გარდა ამისა, ამ ჯუნგლებს უკვე აღარ შეუძლია დააკომპენსიროს ადამიანთა საქმიანობის შედეგად გამოყოფილი სათბურის აირები, რომლებიც ძირითადად წიაღისეული საწვავის შედეგად გამოიყოფა.
ეს კვლევა იმით არის გამორჩეული, რომ წინა კვლევებისგან განსხვავებით, დაითვალა კლიმატის გამათბობელი აირების ციკლი ამაზონის აუზსა და იქიდან ატმოსფეროში, ასევე შეაფასა ადამიანის საქმიანობათა პირდაპირ გავლენები დედამიწის ნახშირბადის ერთ-ერთ უმსხვილეს საცავზე.
„ტყის აბრკოლებს მის მიერ ნახშირბადის მოხმარებას; სწორედ ეს გახლავთ პრობლემა“, — ამბობს კვლევის ავტორი, ნიუ-იორკის სკიდმორის კოლეჯის ეკოლოგი კრისტოფერ კოვი.
მისივე განცხადებით, როდესაც CO2-თან ერთად სხვა ფაქტორების კვლევასაც იწყებ, ხვდები, როგორ ათბობს ამ ეფექტებით ამაზონი გლობალურ კლიმატს.
ამაზონის აუზის ეკოლოგიური და კლიმატური კვლევები დიდწილად ფოკუსირებულია ამ ტყის მიერ CO2-ის პირდაპირ ათვისებასა და შენახვაზე; სწორედ CO2 ლიდერობს ადამიანის საქმიანობის შედეგად გამოყოფილ სათბურ აირებში; ამაზონში ამ პროცესს ძირითადად წარმართავს ტყის დეგრადიაცია.
ამაზონში ტყის დანაკარგები იმდენად მკაცრია, რომ ზოგიერთი მეცნიერის შეფასებით, უკვე 2035 წლისთვის, ნახშირბადის შენახვის ნაცვლად, ეს ტროპიკული ტყე ნახშირბადის წყაროდ გადაიქცევა.
მეცნიერები ასევე შიშობენ, რომ მიწის მოსუფთავების მიზნით ტყის არალეგალური ჩეხვის მასშტაბის ზრდის გამო, რეგიონი სწრაფად უახლოვდება გარდამტეხ, უკან არდაბრუნების წერტილს, რომლის იქითაც ამაზონი სრულიად სხვანაირ, გაცილებით მშრალ ეკოსისტემად გადაიქცევა.
თუმცა, CO2 ერთადერთი ფაქტორი არ არის, რომელიც დედამიწის კლიმატზე ახდენს გავლენას; არც ამაზონის აუზია მარტივად შესასწავლი, რადგან მისი მთიანი ტყეები, მანგროს ჭარბტენიანი ზონები და მდინარეთა სისტემები სამხრეთ ამერიკის ცხრა ქვეყნის ტერიტორიაზე ვრცელდება.
კლიმატის ცვლილების ორი სხვა დიდი აგენტია აზოტის ოქსიდი (N2O) და მეთანი (CH4). ეს აირები ატმოსფეროში ისე დიდხანს არ რჩება, როგორც CO2, მაგრამ არის გაცილებით ძლიერი სათბურის აირები — ატმოსფეროში 300-ჯერ მეტ სითბოს ამწყვდევენ ყოველ მოლეკულაზე, ვიდრე CO2 და N2O.
გასული ათწლეულების განმავლობაში, მეთანისა და აზოტის ოქსიდის გამოყოფა მნიშვნელოვნად გაიზარდა გლობალურად. ამ ანალიზებისა და ქვემოთ მოცემული გრაფიკის საშუალებით, ცხადად შეგვიძლია შევაფასოთ, რამდენად ზრდის ამაზონში მასშტაბებს ეს ნაკლებად შესწავლილი აირები.
სათბურის აირების გამოყოფის შესახებ არსებულ მონაცემთა ანალიზისა და ამაზონის აუზზე ადამიანთა გავლენის კომბინირებული ეფექტების ანალიზით, მკვლევრებმა აჩვენეს, რომ სავარაუდოდ, ამაზონი კლიმატის ცვლილებას სინამდვილეში უფრო აუარესებს, რადგან იმაზე მეტ აირებს გამოყოფს, ვიდრე შთანთქავს.
ამაზონის აუზის მონაცემების ამ გზით შეფასება აქამდე არასოდეს მომხდარა, რადგან ახლა მხედველობაში მიიღეს ტყისა და კლიმატის ურთიერთქმედებათა სრული კრებული, რაც კვლევის ავტორების განცხადებით, ურთულესი, ცენტრალური გამოწვევაა, რომელიც საგრძნობლად ზღუდავს ჩვენს წარმოდგენას გლობალურ კლიმატზე ამაზონის გავლენის შესახებ.
ეკოსისტემის მასშტაბის ანალიზი ასევე ღრმად ჩადის დეტალებში, რადგან თუ გავითვალისწინებთ, რამდენად უზარმაზარია ამაზონის აუზი, ტყის მიერ სათბურის აირების შთანთქმისა და გამოყოფის მაჩვენებელში მცირე ცვლილებასაც კი, შეუძლია მთელ ეკოსისტემაში დიდი არეულობები გამოიწვიოს.
გვალვების სეზონის გახანგრძლივება ამცირებს ამაზონის მიერ CO2-ის შთანთქმის უნარს და ზრდის ტყის ხანძრების შანსს, რამაც 2019 წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. მიწის მოსუფთავების მიზნით, უკანონოდ გაჩენილი ხანძრების მსგავსად, ამ ხანძრების შედეგად დანახშირებული ხეები მზის სინათლეს შთანთქავენ, რაც ატმოსფერულ ტემპერატურას კიდევ უფრო მაღლა სწევს.
ამასობაში, სამრწეველო მიზნებით ხე-ტყის ჩეხვა, რისი 60 პროცენტიც 2012 წლიდან ამაზონის ბრაზილიურ ნაწილზე მოდის, ყოველწლიურად ათასობით კვადრატულ კილომეტრ ტყეს ასუფთავებს, რომლის ადგილსაც მაღაროები და სოფლის მეურნეობა იკავებს. იცვლება ნიადაგი, ნალექების მახასიათებლები, ამაზონის მიერ ატმოსფეროში არეკლილი მზის სინათლის რაოდენობა, სადაც მას სათბურის აირები ელოდება.
თუ ამას დავუმატებთ დამბების მშენებლობას, სამთო-მოპოვებით საქმიანობას, სეზონურ წყალდიდობებს, სასტიკ შტორმებს, მიწის დაწნეხვას ფერმებისა და საქონლის მიერ — რადგან ეს ყველაფერი ცვლის ტყისა და მის მიერ გამოყოფილ აირებს, ადვილად წარმოსადგენია, რომ მკვლევრები ასეთ შემზარავ დასკვნამდე მისულიყვნენ.
მკვლევართა ჯგუფი აცნობიერებს მათ შედეგებში გაურკვევლობის დიდ ალბათობას, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ამაზონის ზოგიერთი რეგიონის შესახებ მონაცემთა სიმწირით, განსაკუთრებით მდინარეთა დაკლაკნილ სისტემებში; ასევე მხედველობაშია მისაღები ეკოლოგიური მახასიათებლები იმხელა ტყისთვის, რომელიც საკუთარ კლიმატს წარმოქმნის.
მიუხედავად ამისა, ამჟამად ხელმისაწვდომ მონაცემთა საფუძველზე მათ მიერ მიღებული თამამი შედეგები ის არის, რომ ამაზონი უფრო მეტ სათბურის აირებს გამოყოფს, ვიდრე ინახავს და შედეგად, დედამიწის ატმოსფეროზე გათბობის ეფექტს ახდენს.
ამაზონის დაცვა ახლა უფრო სასწრაფოა, ვიდრე არასდროს; ეს კი აუცილებლად მოიცავს ტყის ჩეხვის შეჩერებას და ადგილობრივი ხალხისთვის მიწაზე უფლებების აღდგენას.
კვლევა Frontiers in Forests and Global Change-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.