მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ამაზონის ტროპიკული ტყე კოლაფსის წინაშე დგას — #1tvმეცნიერება
მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ამაზონის ტროპიკული ტყე კოლაფსის წინაშე დგას — #1tvმეცნიერება

ამაზონის ტროპიკული ტყე უზარმაზარ ზეწოლას განიცდის, რამაც შეიძლება, ის სულ მალე, 2050 წლისთვის მიიყვანოს ეკოსისტემის ფართომასშტაბიან კოლაფსთან. ამის შესახებ ახალი კვლევა იუწყება, რომელშიც მეცნიერები გვაფრთხილებენ იმ საზარელი შედეგების შესახებ, რაც ამ კოლაფსს ექნება რეგიონსა და მთელ პლანეტაზე.

ამაზონის რეგიონში თავს იყრის მსოფლიო მრავალფეროვნების 10 პროცენტზე მეტი; ამას გარდა, ინახავს და აკავებს იმდენ ნახშირბადს, რამდენის გამოყოფასაც (ნახშირორჟანგი) მსოფლიო დაახლოებით 20 წელი მოანდომებდა. ამით ის გლობალურ კლიმატს ასტაბილურებს.

ტყის ჩეხვის, გვალვების, ხანძრებისა და ტემპერატურის მატებით გამოწვეულმა სტრესებმა ამაზონის ტყეებს შოკებისადმი მდგრადობის უნარი შეუსუსტა; მეცნიერთა აზრით, ამან ის შეიძლება ე. წ. გარდამტეხ წერტილამდე მიიყვანოს, რაც უმნიშვნელოვანეს ეკოსისტემას უახლოეს ათწლეულებში შეუქცევადი გარდასვლის პროცესში შეიყვანს.

ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულ ახალ კვლევაში, მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა შეაფასა, რომ 2050 წლისთვის, ამაზონის 10-47 პროცენტი დაექვემდებარება სტრესს, რამაც შეიძლება ეკოსისტემის ფართომასშტაბიანი ცვლილება გამოიწვიოს.

ამის გამო, ეკოსისტემამ შეიძლება ნახშირბადის შთანთქმა შეაჩეროს და პირიქით, გამოათავისუფლოს ის ნახშირბადი, რასაც თავად ინახავს, რაც გლობალურ დათბობას უფრო დააჩქარებს და მის ეფექტებს გააძლიერებს.

„ვუახლოვდებით პოტენციურად ფართომასშტაბიან გარდამტეხ წერტილს, რომელთანაც შეიძლება იმაზე ახლოს ვიყოთ, ვიდრე აქამდე გვეგონა“, — ამბობს კვლევის ავტორი ბრაზილიის სანტა-კატარინას ფედერალური უნივერსიტეტის მკვლევარი ბერნარდო ფლორისი.

ტყის სისტემის კომპლექსურობისა დასადგენად და სტრესის გამომწვევი საკვანძო ფაქტორების გამოსავლენად, მკვლევრებმა გამოიყენეს კომპიუტერული მოდელები, დაკვირვებები და გასული ათასწლეულების განმავლობაში მომხდარ ცვლილებათა მტკიცებულებები.

ამის შემდეგ, შეისწავლეს სტრეს-ფაქტორები — მათ შორის, გლობალური დათბობა, წლიური ნალექები, მშრალი სეზონის ხანგრძლივობა და დეფორესტაცია — რათა ენახათ, როგორ შეიძლება მოქმედებდნენ ისინი ინდივიდუალურად ან ერთობლივად იმ უკუკავშირის მარყუჟების წარმოსაქმნელად, რომლებიც დიდი კოლაფსის გამომწვევია.

მათი განცხადებით, 2050 წლისთვის, ამაზონი შეიძლება უპრეცედენტო დონის წყლის სტრესს დაექვემდებაროს.

როგორც წინა კვლევები მიუთითებს, გლობალურმა დათბობამ ამაზონი შეიძლება სავანის მსგავს მშრალ მდგომარეობაში გადაიყვანოს. ახალი კვლევის მიხედვით კი, მისი ბედი შეიძლება ამაზე უფრო კომპლექსური იყოს.

ზოგიერთი ზონა შეიძლება თეთრქვიშიან სავანებად გადაიქცეს, რომელთა ფართობიც ამაზონში უკვე იზრდება ტყის ხანძრების შემდეგ, ზოგიერთ ზონაში კი შეიძლება ალაგ-ალაგ დარჩეს ცეცხლისადმი მდგრადი ხეები და ინვაზიური ბალახები.

ტენიანი ადგილები შეიძლება დეგრადირებული ტყის სახით შემორჩეს, ხეების მხოლოდ რამდენიმე სახეობით და ბამბუკის მსგავსად სწრაფადმზარდი მცენარეების დიდი პროპორციით.

„გვაქვს მტკიცებულება, რომელიც აჩვენებს, რომ ტემპერატურის ზრდა, უკიდურესი გვალვები და ხანძრები გავლენას ახდენს ტყის ფუნქციონირებაზე და ცვლის, თუ რომელ ხეებს შეუძლია ტყის ეკოსისტემასთან ინტეგრირება“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, ბირმინგემის სატყეო კვლევების ინსტიტუტის მკვლევარი ადრიან ესკიველ-მელბერტი.

ბოლო თვეებში, ამაზონის რეგიონში სასტიკი გვალვები იყო, რამაც მოსავლის გახმობა და ტყის ხანძრებიც გამოიწვია.

მკვლევართა განცხადებით, ისტორიული გვალვების მიზეზი უფრო კლიმატის ცვლილებაა, ვიდრე ბუნებრივი ელ-ნინიოს ამინდის ფენომენი.

ფლორისი ამბობს, რომ ძლიერი გვალვები ამ რეგიონის კლიმატურ პირობებს პროგნოზირებს 2030-იანი წლების დასაწყისისთვის.

„უზარმაზარი მდინარეები მთლიანად დაშრა, რამაც ადგილობრივი ხალხი თვეების განმავლობაში იზოლაციაში მოაქცია, მწირი საკვებისა და წყლის პირობებში. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ამაზონში ხალხს წყლის ნაკლებობის პრობლემა შეექმნებოდა“, — ამბობს ფლორისი.

CO2-ის გამოყოფასთან ბრძოლაში, ხმელეთის ეკოსისტემა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა, რადგან მცენარეულობა და ვეგეტაცია უზარმაზარი ოდენობის ნახშირბადს შთანთქავს.

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.