აღმოჩენიდან სამი წლის შემდეგ, მეცნიერებმა ამაზონის უმაღლეს ხესთან მიაღწიეს — #1tvმეცნიერება
აღმოჩენიდან სამი წლის შემდეგ, მეცნიერებმა ამაზონის უმაღლეს ხესთან მიაღწიეს — #1tvმეცნიერება

სამწლიანი დაგეგმვის, ხუთი ექსპედიციის და გაუვალ ჯუნგლებში ორკვირიანი ხეტიალის შემდეგ, მეცნიერებმა საბოლოოდ მიაღწიეს ყველაზე მაღალ ხეს, რომელიც კი ოდესმე აღმოუჩენიათ ამაზონის წვიმის ტყეებში. ხე 25-სართულიანი შენობის სიმაღლისაა.

გიგანტური ხე ჩრდილოეთ ბრაზილიაში, მდინარე ირატაპურუს ბუნების ნაკრძალში დგას, მისი სამეცნიერო სახელია Dinizia excelsa; ეგზემპლარის სიმაღლე 88,5 მეტრია, სიგანე კი 9,9 მეტრი და მეცნიერთა განცხადებით, უდიდესია ამაზონში ოდესმე აღმოჩენილთა შორის.

უზარმაზარი ხე მეცნიერებმა პირველად 2019 წელს, 3D რუკების პროექტის თანამგზავრულ ფოტოებზე შენიშნეს.

იმავე წლის ბოლოს, მეცნიერებისა და ადგილობრივი გიდების ჯგუფმა ხესთან მისაღწევად ექსპედიცია დაგეგმეს.

თუმცა, რთულ რელიეფზე 10-დღიანი ხეტიალის შემდეგ, საკვების გარეშე დარჩენილი, ქანცგაცლილი ჯგუფი, რომლის ერთი წევრიც ავად გახდა, უკან დაბრუნდა.

მას შემდეგ, ამაპასა და პარას შტატების საზღვარზე მდებარე ჟარის ხეობის რეგიონში კიდევ სამი ექსპედიცია შედგა, რა დროსაც კიდევ რამდენიმე გიგანტური ხე იპოვეს, მათ შორის იყო ბრაზილიაში აღრიცხული უმაღლესი კაკლის ხე — 66 მეტრის სიმაღლის.

თუმცა, უზარმაზარი Dinizia excelsa მოუხელთებელი რჩებოდა 12-25 სექტემბრის ექსპედიციამდე, რომელშიც, მასთან მისაღწევად მკვლევრებმა 250 კილომეტრი გაიარეს ნავით მდინარეში და 20 კილომეტრი ფეხით, გაუვალ, მთიან ჯუნგლებში.

19-კაციანი ჯგუფის ერთ-ერთ წევრს შხამიანმა ობობამ უკბინა.

ერთ-ერთი მკვლევრის, დიეგო არმანდო სილვას განცხადებით, მთელი ეს სირთულე ამად ღირდა.

„ეს ყველაზე მშვენიერი რამ იყო, რაც კი ოდესმე მინახავს. დგახარ ტყის შუაგულში, სადაც ადამიანი არასოდეს ყოფილა, წარმოუდგენლად მდიდრულ ბუნებაში“, — ამბობს 33 წლის სილვა.

ხის ქვეშ დაბანაკების შემდეგ, ჯგუფმა შეაგროვა მისი ფოთლები, ნიადაგი და სხვა ნიმუშები, რომელთა ანალიზიც ახლა მიმდინარეობს, რათა პასუხი გაეცეს კითხვებს მისი ასაკის შესახებ; ასევე, რატომ არის ამ რეგიონში ამდენი გიგანტური ხე და რამდენ ნახშირბადს ინახავენ ისინი. მკვლევართა ვარაუდით, ეს უზარმაზარი ხელ 400-600 წლისაა.

ყველაზე მაღალი ხე

რეგიონის ხეების მასის დაახლოებით ნახევარს ატმოსფეროდან შთანთქმული ნახშირორჟანგი შეადგენს, რაც ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში.

თუმცა, მიუხედავად ასეთი მიუღწევლობისა, რეგიონის გიგანტური ხეები მაინც საფრთხის ქვეშაა.

Dinizia excelsa-ს მერქანი ტყის მჩეხავებს შორის ძვირად ფასობს; ამას გარდა, ირატაპურის ნაკრძალში შეჭრილი არიან ოქროს უკანონო მომპოვებლები, რომლებიც ეკოლოგიურ დესტრუქციას ახდენენ.

გასული სამი წლის განმავლობაში, ამაზონის ბრაზილიის ნაწილში ტყის გაჩანაგების მაჩვენებელი 75 პროცენტით გაიზარდა.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.