NASA-ს მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე ამაზონის აუზის „ოქროს მდინარეები“ ჩანს — #1tvმეცნიერება
NASA-ს მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე ამაზონის აუზის „ოქროს მდინარეები“ ჩანს — #1tvმეცნიერება

NASA-ს მიერ გამოქვეყნებულ იშვიათ ფოტოებზე კარგად ჩანს პერუში, ამაზონის ჯუნგლებში მიმდინარე ოქროს მოპოვების მასშტაბი. სამუშაოების დიდი ნაწილი სავარაუდოდ არალეგალურია.

კოსმოსური სააგენტოს განცხადებით, ფოტოებზე ასახული „ოქროს მდინარეები“ სინამდვილეში მომპოვებელთა მიერ უნებართვოდ გაჭრილი თხრილებია. როგორც წესი, ისინი უხილავია, მაგრამ კადრში მზის სინათლის არეკვლის გამო მოექცა.

უჩვეულო ფოტოები დეკემბერში, საერთაშორისო კოსმოსური სადგურზე მყოფმა ასტრონავტმა გადაიღო.

სურათები კიდევ ერთხელ ამტკიცებს ოქროს მომპოვებელთა გამანადგურებელი საქმიანობის მასშტაბს სამხრეთ-აღმოსავლეთ პერუში, მადრე-დე-დიოსის რეგიონში.

პერუ ოქროს ერთ-ერთი წამყვანი ექსპორტიორია მსოფლიოში; მადრე-დე-დიოსის რეგიონში ეს ინდუსტრია დიდწილად დაურეგულირებელია და მასზე დამოკიდებულია ათასობით მომპოვებლის ცხოვრება.

ეს ზონა ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილია, მაგრამ მოპოვების ინდუსტრია ხე-ტყის ჩეხვას და სასიცოცხლო ჰაბიტატთა განადგურებას იწვევს.

მოპოვებითი საქმიანობა წამლავს ადგილობრივ საზოგადოებებსაც, რადგან ძვირფასი ლითონის მოსაპოვებლად ტონობით მერკურის იყენებენ, რომლის დიდი ნაწილიც, მეცნიერთა განცხადებით, მდინარეებში იღვრება ან ატმოსფეროში ადის.

NASA-ს განმარტებით, თხრილები, სადაც მომპოვებლები ოქროს ეძებენ, წყლით სავსე ასობით აუზი უნდა იყოს, რომლებსაც გარს აკრავს მიწაყრილები, რომლებიც მანამდე მცენარეულობით უნდა ყოფილიყო დაფარული.

მომპოვებლები მიჰყვებიან გზებს, სადაც ერთ დროს მდინარეები მიედინებოდა და დალექილია სხვადასხვა მინერალი.

მეცნიერთა განცხადებით, მოპოვებითი საქმიანობა ამ რეგიონში ხე-ტყის ჩეხვის ძირითადი მიზეზია; ამავე დროს, ამ რეგიონში ბინადრობს ისეთი სახეობები, როგორებიც არის იაგუარები, მაიმუნები, პეპლები.

2019 წლის იანვარში ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2018 წელს, ოქროს მოპოვებით გამოწვეულმა გაუტყივრებამ პერუს ამაზონში 9, 279 ჰექტარი გაანადგურა.

ადგილობრივი საზოგადოებების ღატაკი მოსახლეობის დიდი ნაწილის არსებობა დიდწილად ოქროს მოპოვებაზეა დამოკიდებული. 2012 წელს, რეგიონში ამ საქმიანობაში ჩართული იყო 30 000-მდე მცირე მასშტაბის მომპოვებელი.

პერუს ამაზონის კიდევ ერთი ზონაში, ლა-პამპაში, ოქროს ციებ-ცხელებამ ათწლეულზე მეტხანს გასტანა, ვიდრე მთავრობა მას 2019 წელს საბოლოოდ დახურავდა. მაშინ ზონიდან დაახლოებით 5000 მომპოვებელი განდევნეს.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი