მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ კლიმატის ცვლილება ინფექციურ დაავადებებს ამძაფრებს — #1tvმეცნიერება
მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ კლიმატის ცვლილება ინფექციურ დაავადებებს ამძაფრებს — #1tvმეცნიერება

ახალი მიმოხილვის მიხედვით, კლიმატის ცვლილებამ ათასზე მეტი სხვადასხვა გზით შეიძლება გამოიწვიოს ადამიანებში ინფექციურ დაავადებათა გავრცელება.

ადამიანის 375 სხვადასხვა პათოგენის შესახებ არსებული ლიტერატურის ანალიზისას, ჰავაის უნივერსიტეტისა და ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ აღრიცხული ისტორიის გარკვეულ ეტაპზე, ამ დაავადებათა 58 პროცენტი დამძიმებული იყო კლიმატური საფრთხეების მიერ.

ეს არის 277 უკვე ცნობილი დაავადება, რომლებსაც უნდა დავაკვირდეთ სამომავლო გავრცელებების პოტენციალის გამო; როდესაც მხედველობაში მიიღებ ყველა იმ გზას, რომლითაც ამ პათოგენებს შეუძლიათ გავრცელება კლიმატის ცვლილების პირობებში, აღმოჩნდება, რომ შესაძლებლობები უზარმაზარია.

ბუნებაში უბრალოდ ძალიან ბევრი ინფექცია და მათი ადამიანებზე გადადების მრავალი გზაა. ასევე ბევრია თითოეული ამ საფრთხისადმი შეგუების გზაც. მკვლევართა განცხადებით, ამის ნაცვლად, საუკეთესო იქნებოდა კლიმატის ცვლილებასთან და მის წყაროსთან ბრძოლა — სათბურის აირების გამოყოფის მნიშვნელოვნად შემცირება.

ადამიანის საქმიანობის შედეგად გამოწვეული კლიმატის ცვლილება სულ უფრო ზრდის კლიმატის ისეთი საფრთხეების სიმწვავეს და სიხშირეს მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში, როგორებიც არის სითბური ტალღები, ტყის ხანძრები, წყალდიდობები. შედეგად, სხვადასხვა ორგანიზმი სულ უფრო ახლო კონტაქტში შედის ადამიანებთან.

ამ პრობლემის მასშტაბის უკეთ აღსაქმელად, მკვლევრებმა Google Scholar-ის გამოყენებით შეკრიბეს ათასობით სტატია კლიმატის ცვლილებისა და საზოგადოებისთვის საშიში ინფექციური დაავადებების შესახებ; მათ შორის იყო ზიკა, მალარია, დენგეს ცხელება, გრიპი და ებოლა.

მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა 3213 ემპირიული მაგალითი ადამიანის ისტორიაში, რომლებშიც კლიმატურმა საფრთხეებმა გავლენა იქონია ინფექციურ დაავადებათა გავრცელებაზე.

ყველა ეს შემთხვევა დაკავშირებული იყო 286 უნიკალურ პათოგენთან და მათგან 277 დამძიმებული იყო სულ მცირე ერთი კლიმატური საფრთხის მიერ.

კვლევის ავტორებმა გამოავლინეს 1006 გზა, რომლითაც კლიმატურ საფრთხეს დაავადების გავრცელება შეუძლია.

მაგალითად, შტორმებმა და წყალდიდობებმა შეიძლება გამოიწვიოს გადაადგილება, რასაც ადამიანები უფრო ახლო კონტაქტში შეჰყავს წყალში არსებულ პათოგენებთან, თუნდაც ქოლერასთან. ხანძრებისა და გვალვების გამო, გარეული ცხოველები თავშესაფარს, წყალს ან საკვებს პირდაპირ ჩვენს სახლებში ეძებენ და თან მოაქვთ საკუთარი დაავადებები.

გამთბარ ტემპერატურას და ნალექებს პათოგენების დიაპაზონის ზრდა შეუძლია, რაც ზრდის მწერების მიერ გადატანილ ისეთ დაავადებათა ზრდის შანსებს, როგორებიც არის ლაიმის დაავადება, დენგეს ცხელება და მალარია. წყალთან ჩვენს კონტაქტს ზრდის სითბური ტალღებიც, რადგან როგორც წესი, ამ დროს წყლით გაგრილებას ვცდილობთ; მათ უკვე იქონიეს გავლენა ისეთი ინფექციების ზრდაზე, როგორიცაა გასტროენტერიტი.

ასეთივე პროცესი ხდება ზღვაშიც. მაგალითად, გამთბარ ოკეანეში სულ უფრო გახშირდა წყალმცენარეთა საზიანო აღორძინება და დაავადებები.

გასათვალისწინებელი ბევრი რამ არის. და თანაც, საუბარია მხოლოდ ჩვენთვის ცნობილ პათოგენებზე. COVID-19-ის პანდემიამ საკმაოდ მტკივნეულად გახადა აშკარა, რომ რაც უფრო ხშირად ვურთიერთქმედებთ სხვა სახეობებთან, მით უფრო იზრდება ადამიანებზე ახალ დაავადებათა გადმოსვლის რისკი.

ამას ემატება გაყინულ ნიადაგთა (მრავალწლოვანი მზრალობა) დნობაც, რის გამოც, ყინულოვან არქტიკაში შემორჩენილი და ამ დნობის შედეგად გამოთავისუფლებული პათოგენები მოხვდნენ მასპინძელ ორგანიზმებში, რომლებსაც მათთან გამკლავებისთვის საჭირო იმუნიტეტი არ აქვთ.

„დროში გაყინულ პათოგენთა წარმატებული გამოჩენა უნდა მივიჩნიოთ „პანდორას ყუთად“, თუ გავითვალისწინებთ დროთა განმავლობაში აკუმულირებულ პათოგენთა პოტენციურად დიდ ოდენობას და იმ მასშტაბს, თუ რამდენად ახალი შეიძლება იყოს ეს პათოგენები ადამიანებისთვის“, — წერენ კვლევის ავტორები.

ასევე შესაძლებელია, რომ ზოგიერთი პათოგენი კლიმატის ცვლილებამ გააძლიეროს. გამთბარ მსოფლიოში, ინფექციური დაავადების სიცოცხლის ციკლი შეიძლება საკმაოდ აჩქარდეს და უფრო მოკლე პერიოდში მიანიჭოს რეპროდუქციის მაღალი მაჩვენებელი. თუ ეს პათოგენები ზაფხულში უკეთესად ვრცელდება, ამ სეზონის ხანგრძლივობა იზრდება და ინფექციის რისკიც უფრო დიდხანს რჩება.

მეცნიერები უკვე გვაფრთხილებდნენ, რომ კლიმატის ცვლილების გამო, ადამიანი უფრო ავადმყოფი ხდება. ალერგიები, კანის დაავადებები, დეჰიდრატაცია, ორსულობის გართულებები — საკმაოდ არის დაკავშირებული ისეთ კლიმატურ საფრთხეებთან, როგორებიც არის სითბური ტალღები, შტორმები და გვალვები.

გაურკვეველია, როგორ გაუმკლავდება ადამიანის ორგანიზმი, თუკი მომავალში ინფექციურ დაავადებათა გავრცელებები უფრო გახშირდება. რაც უფრო მცირდება ჩვენი იმუნური სისტემის თავდაცვისუნარიანობა, მით უფრო ძლიერდებიან ჩვენი მტრები და მათთან ბრძოლის დროს აღარ გვაქვს.

ასეთ კრიტიკულ მომენტში გახსენებად ნამდვილად ღირს: ჩვენ მხოლოდ იმდენად ვართ ჯანმრთელები, რამდენად ჯანმრთელიც არის ის გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ.

კვლევა Nature Climate Change-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.