მძღოლების აქციაზე აჭარის ხელისუფლების წარმომადგენლების მისვლას ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა
მძღოლების აქციაზე აჭარის ხელისუფლების წარმომადგენლების მისვლას  ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა

ტრაილერების მძღოლების საპროტესტო აქციამ ბათუმიდან ადლიის გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან გადაინაცვლა.

აქციის მონაწილე რამდენიმე ათეული მძღოლი თურქულ მხარესთან მოლაპარაკებას მოითხოვს. აჭარის ხელისუფლების წარმომადგენლების მისვლას აქციაზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. მძღოლები მათ უნდობლობას უცხადებენ. ადგილზე სამართალდამცველებიც გამოჩნდნენ.

ტრაილერების მძღოლები აქციას დილიდან მართავენ. მძღოლები, რომლებიც თურქეთის ტერიტორიაზე ტვირთების გადაზიდვაზე მუშაობენ, ამბობენ, რომ ორ თვეზე მეტია თურქული მხარე ტრანზიტისთვის საჭირო ნებართვას არ გასცემს, რის გამოც, მეზობელ ქვეყანაში გადასვლას ვერ ახერხებენ და ფაქტობრივად, უმუშევრები არიან.

მძღოლები პასუხს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსგან ითხოვენ. პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში ისინი სარფის გზის გადაკეტვით იმუქრებიან. ისინი აქციებს ორი თვის წინაც მართავდნენ, თუმცა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ, განაცხადეს, რომ პრობლემის მოგვარების დაპირება მიიღეს და აქციები შეწყვიტეს