ბათუმში ტრაილერების მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ
ბათუმში ტრაილერების მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ

ბათუმში საპროტესტო აქციას მართავენ ტრაილერების მძღოლები, რომლებიც თურქეთის ტერიტორიაზე ტვირთების გადაზიდვაზე მუშაობენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ორ თვეზე მეტია თურქული მხარე ტრანზიტისთვის საჭირო ნებართვას არ გასცემს, რის გამოც, მეზობელ ქვეყანაში გადასვლას ვერ ახერხებენ და ფაქტობრივად, უმუშევრები რჩებიან.

მძღოლები პასუხს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსგან ითხოვენ.

„ორ თვეზე მეტია უმუშევრები ვართ, დაგვიგროვდა ვალები, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ორი თვის წინ დაგვპირდა, რომ თურქულ მხარესთან პრობლემას მოაგვარებდა, მაგრამ დღემდე არაფერი შეცვლილა, თურქ მძღოლებს საქართველოში ანალოგიური პრობლემა არ აქვთ”,-აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

მძღოლები პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში სარფის გზის გადაკეტვით იმუქრებიან.

ნებართვების პრობლემასთან დაკავშირებით ისინი აქციებს ორი თვის წინაც მართავდნენ, თუმცა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ, განაცხადეს, რომ პრობლემის მოგვარების დაპირება მიიღეს და აქციები შეწყვიტეს.