მცხეთის სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების პროცესი დღეს განახლდება
მცხეთის სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების პროცესი დღეს განახლდება

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში გრძელდება. პროცესი დღეს კვლავ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდება.

ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატის, როსტომ კერესელიძის განცხადებით, პროცესზე შესაძლოა, გიორგი შაქარაშვილის დედა, თამარ შალვაშვილი გამოცხადდეს. მისი თქმით, პროცესზე სავარაუდოდ ვიდეო და წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება. ადვოკატის ინფორმაციით, ასევე მოხდება პოლიციელების გამოკითხვა და იმ პირების რომლებიც ავტობანზე დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ.

„პროცესი კვლავ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება. შესაძლოა, მოწვეულ იქნენ მოწმეები, რომლებიც დარჩენილები არიან მოწმეთა სიაში. ასევე შესაძლებელია, მოხდეს ვიდოემტკიცებულებებისა და წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევა. შესაძლოა, მოწვეულები იყვნენ დაზარალებულებიც, რომლებიც ე.წ. ოქროს მოწმეებად ითვლებიან, თუმცა უცნობია, სხდომაზე კონკრეტულად ვინ იქნებიან. მოწმეები არიან რამდენიმე პოლიციელი, ასევე დაზარალებულად ცნობილი ის პირები, რომლებიც ავტობანზე მონაწილეობდნენ დაპირისპირებაში. მოწმეთა ნუსხაში ასევე არის გიორგი შაქარაშვილის დედა, თუმცა ბოლო პროცესზე ვიშუამდგომლეთ, რომ თამარ შალვაშვილი სასამართლოში არ მოწვეულიყო და უდაოდ გავხადეთ ეს საკითხი. ბრალდების მხარემ არ გაიზიარა ჩვენი თხოვნა. საქმეში არის სხვადასხვა ვიდეოჩანაწერები, რომელიც ასახავს აგარაკზე და ავტობანზე მომხდარ ფაქტს. ასევე არის თბილისში „მადადან“ ამოღებული ჩანაწერები, რომელთა გამოკვლევაც უახლოეს პერიოდში მოხდება“,-განაცხადა ადვოკატმა, როსტომ კერესელიძემ.

არასრულწლოვნების საქმის განხილვა დღეს, 11:00 საათზე გაგრძელდება.