მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ხუთი პირის პროცესი გაიმართება
მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ხუთი პირის, მათ შორის ვახო ჩიქოვანის, არჩილ გაგნიძის, ნიკა რევაზიშვილისა და ორი არასრულწლოვნის წინასასამართლო სხდომა გაიმართება. პროცესზე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ.
არჩილ გაგნიძის ადვოკატის, ბექა ნემსიწვერიძის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე მოითხოვს, სასამართლომ დაუშვებლად ცნოს ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებათა ნაწილი. ბექა ნემსიწვერიძის თქმით, ადვოკატები დააყენებენ შუამდგომლობას საქმის წინასასამართლო სხდომის სტადიაზე შეწყვეტის შესახებ.
„გაიმართება წინასასამართლო სხდომა, რომელზეც განიხილება მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხი. ჩვენ წარდგენილი გვაქვს ჩვენი მტკიცებულებები და გვექნება შუამდგომლობა მტკიცებულებები დაერთოს საქმეს. ასევე გვექნება შუამდგომლობა ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნაწილის დაუშვებლობის შესახებ, კერძოდ, ეს ეხება იმ შესაძლო მტკიცებულებებს, რომლებიც მოპოვებულია კანონის დარღვევით, ასევე რომლის გადმოცემის სტადიაზე დარღვეულ იქნა კანონის მოთხოვნები. ჩვენ გვექნება შუამდგომლობა იმ ვიდეომასალის დაუშვებლობის შესახებაც, რომელიც გავრცელდა წინა დღეებში ტელეეთერებში, საუბარია საკნებში გადაღებულ ვიდეოჩანაწერებზე საუბარი, ვინაიდან მიგვაჩნია რომ ეს მასალა არ არის რელევანტური საქმესთან.
წარდგენილი გვაქვს ჩვენს მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტები, დათვალიერებისა და ამოკითხვის ოქმები, ასევე წარვადგინეთ იმ ექსპერტის დასკვნები, რომლებიც გადმოგვეცა ბრალდების მხარის მიერ, თუმცა თავად ბრალდების მხარემ არ ჩათვალა საჭიროდ წარედგინა ეს მასალები, რადგან მიიჩნია უმნიშვნელოდ, ჩვენ ისინი წარვადგინეთ, როგორც დაცვის მხარის მტკიცებულებები. ექსპერტის ეს დასკვნები პირდაპირ ადასტურებს, რომ გიორგი შაქარაშვილსა და ამ ხუთ პირს შორის არანირი შემხებლობა არ ყოფილა“, – განაცხადა ადვოკატმა.