მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების პროცესი გაიმართა
მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების მორიგი სხდომა დასრულდა.
დღევანდელ პროცესზე საქმეში ბრალდებული ოთხი არასრულწლოვნის მიმართ აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა და სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა.
ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვებას, ხოლო დაცვის მხარე პატიმრობის გაუქმებას მოითხოვდა.
დღევანდელ სხდომაზე ასევე დაიკითხა საქმის ერთ-ერთი მოწმე, სალომე ჭკადუა, რომელიც ნარეკვავში, ნაქირავებ აგარაკზე იმყოფებოდა.
ბრალდების მხარის ინფომაციით, მოწმემ ისაუბრა ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით და მოახდინა „მერსედესის“ ავტომობილში მსხდომი მგზავრების იდენტიფიცირება.
„სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, რომ ოთხივე არასრულწლოვანი უნდა დარჩენილიყო პატიმრობაში, იმ საფრთხეებიდან გამომდინარე, რომელიც მომდინარეობს აღნიშნული პირებიდან.
დაიკითხა ოთხი მოწმე იყვნენ, როგორც გამომძიებლები, რომლებმაც ჩაატარეს სხვადასხვა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები, ასევე – მოწმე სალომე ჭკადუა, რომელიც იყო აგარაკის ტერიტორიაზე. სალომე ჭკადუამ ისაუბრა აგარაკის ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენების შესახებ. კერძოდ, ისაუბრა ძალადობრივ ქმედებაზე, რომელიც აგარაკის ტერიტორიაზე განხორციელდა და რაც შემდეგში გახდა შურისძიების მოტივით თავდასხმის განხორციელების საფუძველი ბრალდებულების მიერ. მოწმემ მოახდინა ვიდეოჩანაწერებზე იდენტიფიცირება, კერძოდ „მერსედესის“ ავტომობილის მგზავრების, ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებისას, როდესაც მათ მიერ ხდებოდა გადაადგილება და ძალადობრივი ქმედებები. მოახდინა კონკრეტული პიროვნებების იდენტიფიცირება ვიდეოჩანაწერებში. ასევე მოწმემ აღნიშნა, რომ მანდ დააკავშირა პიროვნებები სატელეფონო კონფერენციის სახით და აღნიშნულის დროს მან მოისმინა, თუ როგორ საუბრობდნენ ჩადენილ ძალადობასთან დაკავშირებით პირები, რომლებიც „მერსედესის“ ავტომობილით იმყოფებოდნენ ავტობანზე“, – განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა, ნანა გუგუტიშვილმა.
დაცვის მხარის განცხადებით კი, მოწმემ სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია აგარაკზე მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით და დაადასტურა, რომ აღნიშნული შემდეგში განვითარებულ მოვლენებთან კავშირში არ არის.
„დღევანდელი პროცესის ჩათვლით დაიკითხა ბრალდების მხარის 14 მოწმე. ჩვენ ვერ ვიხილეთ ვერც ერთი მოწმე და ვერც ერთი მოწმის ჩვენება, რომელიც იქნებოდა დამაჯერებელი შესაბამისად ეს ნიშნავს იმას, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ვერც ერთი მოწმე, რომელიც გაამყარებდა ბრალს.
ყველა ადვოკატს გვქონდა დასაბუთებული პოზიცია, რომ არ უნდა ყოფილიყო ძალაში დატოვებული შერჩეული აღკვეთის ღონისძიება. ბუნებრივია, ახალი ასეთი მნიშვნელობის გარემოება არის ის, რომ დაიკითხნენ მოწმეები ამოიწურა საფრთხეები, რაც საწყის ეტაპზე არსებობდა შესაბამისად, უნდა შეცვლილიყო. მოვითხოვეთ, მაგრამ სასამართლომ ამჯერადაც არ დააკმაყოფილა შერჩეული აღკვეთის შეცვლა. მოწმე სალომე ჭკადუამ დაადასტურა ის ფაქტი, რომ იყო მცირედი კონფლიქტი და ის აღმოიფხვრა და არანაირ კავშირში არ იყო შემდგომში გაგრძელებულ კონფლიქტთან. რაც შეეხება დანარჩენ ინფორმაციას მან განაცხადა, მისი მეგობარი ლ.შ. დაბრუნდა აგარაკზე იმის გამო, რომ არ სურდა თავისი თანაკლასელის, ანა გაბეჩავას აგარაკზე დატოვება. ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ის მიზეზი, რატომ არ წავიდა თბილისში და დარჩა აგარაკზე“, – განაცხადა ადვოკატმა, ზაქრო გვიშიანმა.