მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ექვსი არასრულწლოვნის პროცესზე ჩვენება ბრალდებულმა ზ.ხ.-მ მისცა
მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ექვსი არასრულწლოვნის პროცესზე ჩვენება ბრალდებულმა ზ.ხ.-მ მისცა.
პროკურორის, ნანა გუგუტიშვილის განცხადებით, ზ.ხ.-მ სასამართლო პროცესზე განმარტა, რატომ აპირებდნენ აგარაკის ტერიტორიაზე დაბრუნებას „ტოიოტას ქამრის“ მარკის ავტომობილის მგზავრები.
„დღეს დაკითხულმა ზ.ხ.-მ სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ნამდვილად იმყოფებოდა ხუთ სხვა პიროვნებასთან ერთად „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომობილში. მოწმემ ასევე, განმარტა, რომ წამოსვლის ერთ-ერთი მიზანი იყო, კონფლიქტის თავიდან არიდება. როდესაც აგარაკის ტერიტორიაზე დაბრუნდებოდნენ, იქ მყოფ მის ნახალოვკელ მეგობრებთან ერთად, შესაძლოა, ყოფილიყვნენ საბორთალოელებიც და კონფლიქტი რომ არ მომხდარიყო, ჩარევის მიზნით, მასზე უფროსი პირებიც წამოვიდნენ. ასევე, ზ.ხ.-მ დაადასტურა, რომ ავტომობილიდან გადმოსვლის შემდეგ, ყველა პირი დაედევნა ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფებს და განმარტა, რომ დადევნების მიზანი იყო აგარაკზე დარჩენილ თავიანთ მეგობრებზე ინფორმაციის მიღება, თუ სად იყვნენ, მიუხედავად იმისა, რომ ყველას ჰქონდა შესაძლებლობა, სატელეფონო ზარი განეხორციელებინათ“, – განაცხადა ნანა გუგუტიშვილმა.