მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი დასრულდა
მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი დასრულდა.
დღევანდელ პროცესზე 18 ივნისის წვეულების მასპინძელი ანა გაბეჩავა, ასევე წვეულების მონაწილე პირები და საქმის გამომძიებლები დაიკითხნენ.
ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატის, როსტომ კერესელიძის განცხადებით, გამომძიებლებმა სასამართლოს მოაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ნახეს აგარაკზე და რა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს.
ადვოკატის ინფორმაციით, ანა გაბეჩავამ პროცესზე დაასახელა პირები, რომლებიც აგარკზე მომხდარ კონფლიქტში მონაწილეობდნენ, თუმცა, მისივე თქმით, ავტობანზე მომხდარ ეპიზოდთან დაკავშირებით სასამართლოსთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია.
საქმის პროკურორის, ნანა გუგუტიშვილის თქმით, გამომძიებლების მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია ადასტურებს, რომ დანაშაული ჩადენილი აქვთ იმ პირებს, რომლებსაც პროკურატურა ბრალდებულებს ედავება.
ნანა გუგუტიშვილის განცხადებით, ანა გაბეჩავამ საქმეში არსებული „მერსედესის“ მარკის მგზავრების იდენტიფიცირება მოახდინა.
„ანა გაბეჩავას მეირ მიცემული ჩვენებით დადასტურდა ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც გამოძიების დროს იყო დადგენილი, მათ შორის აგარაკის ტერიტორიაზე კონფლიქტის დაწყება, რაც გახდა შემდგომში ძალადობის, თავდასხმის, შურისძიების მოტივი, რა მიზნითაც ჩადენილი იყო დანაშაული. გაბეჩავამ მოახდინა კონკრეტულ ვიდეოჩანაწერებზე კონკრეტული პირების, მათ შორის არასრულწლოვანი პირების იდენტიფიცირება. ეს კადრები ეხება როგორც უშუალოდ თავდასხმის დასაწყისს ავტობანის ტერიტორიაზე, ისე სხვადასხვა დანაშაულებრივ ქმედებებს, მათ შორის ამირხანაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტს. ამირხანაშვილის უკანონო თავისუფლების აღკვეთის ამსახველი ერთ-ერთი ვიდეოს წარდგენისას ანა გაბეჩავამ მოახდინა ვახტანგ ჩიქოვანისა და არასრულწლოვანი ა.ქ.-ს იდენტიფიცირება. რაც შეეხება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და თავდასხმის განხორციელების ფაქტს, მოახდინა „მერსედესის“ მგზავრების იდენტიფიცირება. აგარაკზე მომხდარ ეპიზოდთან დაკავშირებით, ანა გაბეჩავამ მოახდინა სამი პირის იდენტიფიცირება, სამივე ბრალდებულია, აღნიშნული პირები არიან საბა გოგშელიძე, საბა ჩხარტიშვილი და ირაკლი წაქაძე, რომლებიც ძალადობაში მონაწილეობდნენ“, – განაცხადა პროკურორმა.
მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი 9 სექტემბერს, 15:00 საათზე გაგრძელდება.