მცხეთაში უძველესი კრამიტსამარხი იპოვეს [ფოტო]
მცხეთაში უძველესი კრამიტსამარხი იპოვეს [ფოტო]

მცხეთაში, ძველი კინოთეატრის ბაზაზე მშენებარე არქეოლოგიური მუზეუმის სამშენებლო ქვაბულის სამხრეთ-არმოსავლეთ ნაწილში კრამიტსამარხი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნული კრამიტსამარხი სავარაუდოდ გასულ საუკუნეში უცნობი დანიშნულების შენობის აგებისას არის დაზიანებული.

სააგენტოს ცნობით, ქვაბულის სამხრეთი კედლის ცენტრალურ ნაწილში დაფიქსირდა დამტვრეული, ძირითადად ბრტყელი, გვერდებაკეცილი კრამიტის საკმაოდ მძლავრი, დაახლოებით 1,4 -1,6 მ. სიმაღლის ფენა. აღნიშნულ კრამიტყრილს ​მკვლევრები გასული საუკუნის 60-იან წლებში განხორციელებულ არქეოლოგიურ გათხრებს უკავშირებენ, რომლის დროსაც გამოვლინდა დიდი მცხეთის ახ. წ.V-VI სს. კარიბჭე.

სპეციალისტების აზრით, ახლად გამოვლენილი არქეოლოგიური ფენის ადგილი, რომელიც ახ. წ. VI საუკუნის კარიბჭემდე დიდი მცხეთის ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებულ უბანს წარმოადგნედა, სამომავლო გაწმენდასა და სამეცნიერო შესწავლას საჭიროებს.

„არქეოლოგიური მუზეუმის სარეკონსტრუქციო მოედანზე საველე არქეოლოგიური სამუშაოების პირველი ეტაპი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე წარიმართება. პროცესის ფარგლებში მოძიებული კულტურულ-ისტორიული თვალსაზრისით ღირებული არტეფაქტები კი მათი საზღვრების, ფუნქციისა და თარიღის მაქსიმალური სიზუსტით განსაზღვრის შემდეგ, მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის ფონდებში შეინახება.

არქეოლოგების მოლოდინით, საკვლევ ტერიტორიაზე, მაღალი ალბათობით, დიდი მცხეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა დროს გამოვლენილი არტეფაქტების მსგავსად, ძვ. წელთაღრიცხვის I და ახ. წელთაღრიცხვის I-III და IV-V საუკუნეების არქეოლოგიური ობიექტები და ნაშთები აღმოჩნდება“, – აღნიშნულია  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

ახალი არქეოლოგიური ობიექტი და მცხეთის ძველი კინოთეატრის შენობა, რომლის არქეოლოგიურ მუზეუმად ადაპტირების პროცესი უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, დღეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ სამუშაო ჯგუფთან და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორთან გიორგი მიქელაძესთან ერთად მოინახულა.

„მცხეთის ძველი კინოთეატრის არქეოლოგიურ მუზეუმად ადაპტირების პროცესი ამ ეტაპზე არსებული შენობის გამაგრებასა და გადაგეგმარებას მოიცავს. არსებული პროექტი მასში მუზეუმის ადმინისტრაციის განთავსებას, სამუზეუმო საცავების, მუზეუმის მიმღების, საგამოფენო დარბაზის, საკონფერენციო სივრცის, კაფეს, სველი წერტილებისა და დამხმარე სასაწყობე სათავსების მოწყობას ითვალისწინებს.

ინფრასტრუქტურულად, ახალი მუზეუმის მიმდებარე ტერიტორია გარე განათებებით, რეაბილიტირებული აუზით, გამწვანებითა და ავტოსადგომებით კეთილმოეწყობა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმი ახალ შენობაში 2019 წლიდან განთავსდება, სადაც ეროვნული მუზეუმის საცავებსა და მცხეთის მუზეუმ-ნაკრძალის ფონდებში შენახული 23 ათასი ერთეული არტეფაქტისგან შემდგარი კოლექცია დაიდებს ბინას.

ახალი მუზეუმის პროექტი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის თანადაფინანსებით მომზადდა, გაერთიანებული ერების მეცნიერების, განათლებისა და კულტურის ორგანიზაციასთან (UNESCO) შეთანხდა და ის მუზეუმოგრაფიის ყველა თანამედროვე სტანდარტს ითვალისწინებს. პროექტი კომპანია „საქართველოს მემკვიდრეობამ“ არქიტექტორ ზაზა იაშვილის ავტორობით მოამზადა.

მცხეთის ძველი კინოთეატრის მუზეუმად რეკონსტრუქციის პროექტს, რომლის ჯამური ღირებულება შვიდი მილიონ 250 ათას ლარს შეადგენს, მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს. ფიზიკურ სამუშაოებს კი კომპანია „ჯავა“ მოგებული ტენდერის საფუძველზე ახორციელებს“, – აღნიშნულია  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.