მცხეთაში, არმაზის ქუჩაზე მოსახლეობა გზის სავალ ნაწილზე ასფალტის დაგებას ითხოვს
მცხეთაში, არმაზის ქუჩაზე მოსახლეობა გზის სავალ ნაწილზე ასფალტის დაგებას ითხოვს

მცხეთაში, არმაზის ქუჩაზე ადგილობრივები აქციას მართავენ. მაცხოვრებლები გზის სავალ ნაწილზე ასფალტის დაგებას მოითხოვენ. მათი თქმით, საგზაო სამუშაოების ჩატარების მიზნით გზა დაახლოებით 6 თვის წინ გადათხარეს, თუმცა სამუშაოები დღემდე არ დასრულებულა.

მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტა.

„მშვენიერი ასფალტი იყო, რა უნდოდათ, რატომ იღებდნენ. ფანჯარა ვერ გაგვიღია, ბავშვები დაგვიავადმყოფდნენ. 6 თვეა, რაც ათხარეს. გამგეობას მივმართეთ,  მაგრამ არ არის საშველი. ახლა ორი დღის წინ ცემენტი დაყარეს გზაზე, ამას ყლაპავენ ჩვენი ბავშვები“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ადგილზე იმყოფებიან მერიის წარმომადგენლებიც. როგორც საქართველოს პირველ არხს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პავლე გამყრელიძემ სატელეფონო საუბრისას განუცხადა, დაქირავებული კომპანია სამუშაოებს ნელი ტემპით აწარმოებს, რის გამოც, მისი თქმით, შესაბამისი უწყება უკვე დაჯარიმდა.