საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2016 წლის დეკემბრამდე მცხეთის ისტორიულ ზონაში მშენებლობასა და პრივატიზებაზე გამოცხადებული მორატორიუმი მცხეთის მიწათსარგებლობის გეგმის არარსებობის გამო ამ დრომდე გრძელდება. რამდენჯერმე დაწუნებული ქალაქის გენგეგმა მოსახლეობის პროტესტის საგანია – აღნიშნულ საკითხს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, რომელშიც იუნესკოს ექსპერტებიც არიან ჩართული.
„ბუნებრივია, ეს ფაქტი ქალაქის ცხოვრებისა და განვითარებისთვის გარკვეულ პრობლემებს ქმნის. მაღალი სტანდარტის გენგეგმის შექმნის სურვილი გახდა მიზეზი დროის გაწელვის. მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს იუნესკოსთან, მაღალი სტანდარტები არის იქიდან მოცემული. იმისთვის, რომ მაქსიმალურად ეფექტური გავხადოთ კომუნიკაცია და თანამშრომლობა იუნესკოსთან და მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტთან. ჩვენ ვთხოვეთ მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრს და ექსპერტი გამოგზავნეს საქართველოში სამუშაო პროცესში ჩასართავად. ამ ქალბატონმა საკმაოდ აქტიურად იმუშავა. გარდა ამისა, ადმინისტრაციული ტერიტორიული დაყოფის გამო შეიქმნა შეფერხებები, გარკვეული ძეგლები ქალაქს გარეთ, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დარჩა, რაც კიდევ ახალი მდგომარეობაა. პრაქტიკულად, მზად არის ტექნიკური დავალება გენერალური გეგმის შემუშავებისთვის და დღე-დღეზე დაიწყება შემუშავება. დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალი წელი არის ის დრო, როდესაც ამას წერტილი უნდა დავუსვათ“, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.