გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატებმა მცხეთაში საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩაატარეს
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, „ტოიოტა ქამრის“ ავტომობილში მყოფი ორი ბრალდებული პირის ადვოკატებმა მცხეთაში საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩაატარეს.
ბრალდებულების – ვახტანგ ჩიქოვანისა და არჩილ გაგნიძის ადვოკატების თქმით, არაგვის ხეობაში ექსპერიმენტში ექვსი მოხალისე მონაწილეობდა, რომლებიც არიან სპორტსმენები და მათ 19 ივნისს მომხდარის ინსცენირება სცადეს.
ექსპერიმენტი ეპიზოდებად, ეტაპობრივად ჩატარდა: ავტოსამრეცხაოსთან, სადაც „ტოიტა ქამრის“ მანქანა გაჩერდა, ე.წ. მწვანე სახლში, სადაც ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე დაიმალა და ფერად შენობასთან, უშუალოდ იმ გზაზე, სადაც მოწმეების თქმით, გიორგი შაქარაშვილი გაიქცა და მას შედეგ დაიკარგა მისი კვალი.
ბრალდებულთა ინტერესების დამცველები აცხადებენ, რომ ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტი პროკურატურის ბრალდების აბსურდულობას ადასტურებს.
ვახტან ჩიქოვანის უფლებადამცველების თეიმურაზ მაისურაძის თქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე საკუთარ ჩვენებაში ტყუის, ვინაიდან მისი თქმით, ის სილუეტებსაც ვერ გაარჩევდა.
„პირველმა ექსპერიმენტმა დაადასტურა, რომ ბრეგვაძის ჩვენებებში აბსოლუტურად ყველაფერი არის ტყუილი, რასაც ის ამბობს ჩვენებებში, ვერაფერს დაინახავდა, მას მრავალი ჩვენება აქვს მიცემული და ურთიერთსაწინააღმდეგო.
მეორე ექსპერიმენტს რაც შეეხება, თუ მართლა ასეთ მანძილში მისდევდნენ ამ სამ პიროვნებას, მაშინ მდევარი დაინახავდა, ვინ სად დაიმალა, მხოლოდ ვერ დაინახავდნენ შაქარაშვილს თუ საით გაიქცა, ანუ დაინახავდნენ ახვლედიანს და ამირხანაშვილს. შესაბამისად, ისინი არ გამოეკიდებოდნენ, ვისაც ვერ ხედავდნენ“, – განაცხადა თეიმურაზ მაისურაძემ.
საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებული პირის, არჩილ გაგნიძის ინტერესების დამცველის განცხადებით, მეექვსე ექსპერიმენტი, რომელიც არაგვის ხიდის ქვეშ უნდა ჩატარებულიყო ხილვადობის არ არსებობის გამო შეაჩერეს, რაც ადვოკატის განმარტებით, ცხადყოფს, რომ პროკურატურის ვერსია პირის ბრალდების შესახებ არ შეესაბამება სინამდვილეს.
„ჩვენ ჩავატარეთ ექვსი საგამოძიებო ექსპერიმენტი. ექვსივე ექსპერიმენტში დადგინდა, რომ პროკურატურის ვერსია პირის ბრალდების შესახებ, რომელიც დადგენილებაში არის ასახული, არის სიცრუე და არ შეესაბამება სინამდვილეს. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ საგამოძიებო ექსპერიმენტების ჩატარებას, ვაპირებთ რომ სხვადასხვა პირები გამოვკითხოთ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით და უფრო მეტად წარმოვაჩინოთ რეალობა.
ბოლო მეექვსე ექსპერიმენტი, რომელიც უნდა ჩაგვეტარებინა, ფაქტობრივად შეუძლებელი იყო და ვერ ჩატარდა. ექსპერიმენტში მონაწილე პირების სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა და გადავწყვიტეთ, საგამოძიებო ექსპერიმენტი შეგვეჩერებინა იმ საფუძვლით, რომ იმ რელიეფში ფაქტობრივად ხილვადობა იყო ნულის ტოლი. ამ სიტუაციაში შეუძლებელი იყო, რომ ადამიანები გადაადგილებულიყვნენ მდინარე არაგვის ხეობაში, ამიტომ ეს ექსპერიმენტი შეწყდა.
ყველაფერი ჩვენ ვიდეოფირზე აღვბეჭდეთ და იმედი მაქვს, ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რომ ის ვერსია, რასაც ბრალდების მხარე გვედავება, არის სიცრუე და არ შეესაბამება რეალობას“- განაცხადა ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო. გამოძიებით დადგინდა, რომ სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რის შედეგადაც გარდაიცვალა.
საქმეზე ხუთი ბრალდებულის წინასასამართლო სხდომა 27 აგვისტოს, 12:00 საათზე გაიმართება.