მცენარემ, რომელსაც ადამიანები ძლიერ ანადგურებენ, ჩვენგან დასამალად ფერი შეიცვალა — #1tvმეცნიერება
მცენარემ, რომელსაც ადამიანები ძლიერ ანადგურებენ, ჩვენგან დასამალად ფერი შეიცვალა — #1tvმეცნიერება

ჩინეთში, ხუანდუანშანის მთების ვრცელ, ღია კალთებზე ერთი უცნაური ყვავილი ხარობს. ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში ეს უიშვიათესი ალპური ყვავილი დიდად ფასობს და უკვე ათასობით წელიწადია, ადამიანები მას გამალებით ანადგურებენ; ამიტომ, მცენარემ მათგან დამალვა გადაწყვიტა.

ალპურ მდელოებზე, სადაც ადამიანები ყველაზე ხშირად გლეჯენ მცენარე Fritillaria delavayi-ს, მეცნიერებმა შენიშნეს, რომ ეს მრავალწლოვანი მცენარე კლდოვან ფონს ვიზუალურად უკეთესად შეერწყა.

ძნელია, ყურადღება არ მიიქციო მოყავისფრო-მონაცრისფრო გარემოში, როდესაც კაშკაშა მწვანე ფოთლები და ყვავილები გაქვს; ამიტომ, F. delavayi-ს ზოგიერთი პოპულაცია უფრო ყავისფერი და ნაცრისფერი გახდა, რათა უკეთ შერწყმოდა გარშემო გაბატონებულ ფერებს.

ასე შენიღბვის უნარი ბევრ მცენარეს აქვს, ძირითადად იმისათვის, რომ მშიერ მტაცებლებს დაემალოს, მაგრამ ამ შემთხვევაში, ერთადერთი რეალური მტაცებელი ჩვენ, ადამიანები ვართ.

„ვფიქრობდით, რომ ჩვენ მიერ შესწავლილი სხვა შენიღბული მცენარეების მსგავსად, ამ ღვინას (Fritillaria) შენიღბვის ევოლუცია ბალახისმჭამელებმა გამოიწვიეს, მაგრამ ჩვენ ასეთი ცხოველი ვერ ვიპოვეთ. ამის შემდეგ მივხვდით, რომ ამის მიზეზი ადამიანები უნდა ვიყოთ“, — განმარტავს ქალაქ კუნმინის ბოტანიკის ინსტიტუტის ბოტანიკოსი იანგ ნიუ.

რეგიონის ადგილობრივ მოსახლეობასთან გასაუბრების შემდეგ, მკვლევრებმა შეაფასეს, როგორ აგროვებდნენ ამ ალპური მცენარის თითოეულ ხელმისაწვდომ პოპულაციას გასული ხუთი წლის განმავლობაში.

ადამიანის მხედველობის მოდელის გამოყენებით, მკვლევრებმა მცენარის პოპულაციებში ფერების მნიშვნელოვანი მრავალფეროვნება აღმოაჩინეს, განსაკუთრებით იმათში, რომლებიც ადამიანთათვის მისადგომ ზონებში იყო გავრცელებული.

ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ადამიანთა ქცევა გარკვეულწილად მოქმედებს ამ სახელგანთქმული მცენარის ევოლუციაზე, რომელსაც ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში ფართოდ იყენებენ ხველების სამკურნალოდ.

F. delavayi-ს აქვს ფოთლების წყება, რომელთა ფერებიც ნაცრისფერიდან ყავისფერში გადადის, მაგრამ მხოლოდ მეხუთწ წელს უვითარდება იგივე ფერის წლიური ყვავილები. მხოლოდ ერთი კილოგრამი წამლის დასამზადებლად 3500 ცალი ყვავილია საჭირო.

სწორედ ასეთი ნელი ზრდის გამოა ეს უიშვიათესი მცენარე ასე ძვირფასი, მაგრამ ამავე დროს ძალიან მოწყვლადი და განადგურების ობიექტი.

ადამიანთა მხრიდან მასზე ნადირობის საპასუხოდ ფერის შეცვლა სავარაუდოდ ამ მცენარის თავდაცვის მხოლოდ ერთ-ერთი საშუალებაა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვსურს ის, მით უფრო რთულდება მისი პოვნა.

იმისათვის, რათა მცენარის შენიღბულობა დამატებით გაეტესტათ ადამიანის მხედველობით, მკვლევრებმა კომპიუტერული ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომელში მონაწილეებსაც ბუნებრივ გარემოში, მთების 14 კალთაზე სხვადასხვა ფერის ამ მცენარის პოვნა სთხოვეს.

როგორც მოსალოდნელიც იყო, გაჭირდა უფრო შენიღბული და ნაკლებად მწვანე მცენარეების სწრაფად პოვნა.

„მნიშვნელოვანია იმის დანახვა, როგორი პირდაპირი და დრამატული გავლენა აქვთ ადამიანებს ველურ ორგანიზმთა შეფერილობაზე, არა მხოლოდ მათ გადარჩენაზე, არამედ ევოლუციაზეც“, — ამბობს ექსეტერის უნივერსიტეტის ბოტანიკოსი და ეკოლოფი მარტინ სტივენსი.

მისივე თქმით, შესაძლებელია, რომ ადამიანებმა თავდაცვითი სტრატეგიების ევოლუცია სხვა მცენარეებშიც გამოიწვიეს, მაგრამ ამ მხრივ ძალიან ცოტა კვლევაა ჩატარებული.

ამ რამდენიმე მაგალითს შორის არის უიშვიათესი თოვლის ლოტოსი (Saussurea laniceps), რომელსაც ადამიანები უხსოვარი დროიდან კრეფენ. კვლევებმა აჩვენა, რომ ეს სასურველი მცენარე ბოლო რამდენიმე ასწლეულის განმავლობაში უფრო პატარა იზრდება.

F. delavayi-ისა და ადამიანთათვის სასურველი სხვა ასეთი ველური მცენარეების სამომავლო კვლევები ალბათ უკეთეს წარმოდგენას შეგვიქმნის იმის შესახებ, მცენარეთა ბიოლოგიის რა ასპექტებზე გვაქვს ადამიანებს რეალური გავლენა.

კვლევა ჟურნალ Current Biology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია exeter.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.