უდაბნოებში გაჩენილი უცნაური წრეების საიდუმლო ალან ტიურინგის 70 წლის წინანდელმა თეორიამ ამოხსნა — #1tvმეცნიერება
უდაბნოებში გაჩენილი უცნაური წრეების საიდუმლო ალან ტიურინგის 70 წლის წინანდელმა თეორიამ ამოხსნა — #1tvმეცნიერება

1952 წელს, ალან ტიურინგმა სრულიად შეცვალა კაცობრიობის წარმოდგენა ბიოლოგიაზე.

გარდამტეხ პუბლიკაციაში, ინგლისელმა მათემატიკოსმა წარმოადგინა კონცეპტი, რომელსაც შემდეგ ტიურინგის მოდელი უწოდეს — შეხედულება, რომლის მიხედვითაც, გარკვეული ერთსახოვანი სისტემების დინამიკამ დარღვევის შემთხვევაში შეიძლება წარმოქმნას სტაბილური ნიმუშები.

ეს „დარღვევიდან წამოსული წესრიგი“ თეორიული ბაზისი გახდა ბუნებრივ სამყაროში არსებული ყველა სახის უცნაური, განმეორებადი მოტივებისთვის.

თეორია ნამდვილად კარგი იყო. იმდენად კარგი, რომ ათწლეულების შემდეგ, მეცნიერები მის თვალსაჩინო მაგალითებს დღემდე პოულობენ უჩვეულო და ეგზოტიკურ ადგილებში — რეალური სამყაროს ტიურინგის ნიმუშები ისეთ ადგილებში აღმოჩნდა, სადაც თავად ტიურინგს მათი ნახვის შანსი არასოდეს ჰქონია.

როგორც ჩანს, ამ თეორიული ფენომენის უახლეს განსხეულებას წარმოადგენს ე. წ. ჯადოსნური წრეები — იდუმალი წარმონაქმნები უდაბნოს ბალახის საფარში, რომლებიც მშრალ ნიადაგში აშკარად წრიული ლაქების სახით ჩნდება; ასეთი რამ პირველად სამხრეთ აფრიკაში, ნამიბის უდაბნოში შენიშნეს.

მათი წარმოშობის ახსნა მრავალჯერ და მრავალნაირად სცადეს, მაგრამ ბოლო დრომდე ეს საკითხი მაინც დავის საგანი იყო. ადრე მიაჩნდათ, რომ ეს უცნაური წრეები ნიადაგში ტერმიტების საქმიანობის შედეგად ჩნდებოდა, მაგრამ ავსტრალიაში აღმოჩენილმა „ჯადოსნურმა წრეებმა“ ეს მოსაზრება უკუაგდო და გვიჩვენა, რომ ასეთი წრეები ტერმიტებთან ყოველგვარი კავშირის გარეშე შეიძლება გაჩნდეს.

სანაცვლოდ, მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ ჯადოსნური წრეები ჩნდება მაშინ, როდესაც მცენარეები თავად განლაგდებიან ისე, რომ ამ სასტიკ, მშრალ გარემოში წყლის მწირ რესურსებს მისწვდნენ.

თითქოს ლოგიკური ჩანს და თუ სიმართლეა, ტიურინგის მოდელის კიდევ ერთი მაგალითი უნდა ყოფილიყო ბუნებაში. თუმცა, როგორც მკვლევრები ამბობენ, ამ ჰიპოთეზას არც ისე ბევრმა ემპირიულმა მტკიცებულებამ დაუჭირა მხარი, რადგან ფიზიკოსები, რომლებიც ამნაირი სისტემების ტიურინგის დინამიკის მოდელირებას ახდენენ, საკუთარი იდეების გასამყარებლად იშვიათად წარმართავენ საველე სამუშაოებს უდაბნოში.

„ძლიერი შეუსაბამობაა ვეგეტაციის თეორიულ მოდელებს, მათ აპრიორი მოსაზრებებსა და ემპირიული მტკიცებულების დეფიციტს შორის, რომ მოდელირებული პროცესები მართებულია ეკოლოგიური თვალსაზრისით“, — განმარტავს ახალ პუბლიკაციაში მკვლევართა ჯგუფი, რომელსაც გერმანიის ქალაქ გეტინგენის უნივერსიტეტის ეკოლოგი სტეფან გეტცინი ხელმძღვანელობდა.

ამ ნაპრალის ამოსავსებად, გეტცინმა და მისმა კოლეგებმა საველე სამუშაოების ჩატარება გადაწყვიტეს. ამისათვის, შეიარაღდნენ მულტისპექტრული კამერებით აღჭურვილი დრონებით და ჯადოსნური წრეების დასათვალიერებლად დასავლეთ ავსტრალიაში, პილბარას რეგიონში გაემართნენ.

ჯგუფის ერთ-ერთი ჰიპოთეზის მიხედვით, ჯადოსნურ წრეებს შორის ტიურინგის მოდელით განლაგება უფრო ძლიერი უნდა ყოფილიყო იმ ბალახში, რომელიც უფრო ძლიერ არის დამოკიდებული სინოტივეზე.

მაღალ და დაბალ სიცოცხლისუნარიანი ბალახის სივრცული განცალკევების ანალიზისა და სინოტივის სენსორებით ნიადაგის შემოწმების შემდეგ, ჯგუფმა დაადგინა, რომ ჯანმრთელი, ძლიერ სიცოცხლისუნარიანი ბალახი სისტემატიურად უფრო ძლიერ იყო დაკავშირებული ჯადოსნურ წრეებთან, ვიდრე ნაკლებად სიცოცხლისუნარიანი.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პირველად ისტორიაში, ხელთ გვაქვს ემპირიული მონაცემები, რომლებიც მიუთითებს, რომ ჯადოსნური წრეები ემთხვევა ალან ტიურინგის მიერ ათწლეულების წინ შემუშავებულ თეორიას.

„დამაინტრიგებელი ის არის, რომ ბალახები აქტიურად აშენებენ საკუთარ გარემოს სიმეტრიულად დაშორებული ცარიელი ადგილების წარმოქმნით. მცენარეულობა სარგებელს იღებს დამატებითი წყლისგან, რომელსაც მათ ჯადოსნური წრეები აწვდის, რაც არიდულ ეკოსისტემას ცოცხალს ინახავს ძალიან სასტიკ, მშრალ გარემოშიც კი. ბალახის თვითორანიზების გარეშე, ეს ზონა მთლიანად შიშველი უდაბნო გახდებოდა“, — ამბობს გიტცენი.

მკვლევართა განცხადებით, ბალახები, რომლებიც ჯადოსნურ წრეებს ქმნიან, ერთად იზრდება კოოპერატიული ყაიდით, ახდენენ საკუთარი გარემოს მოდულირებას, რათა უკეთ დაძლიონ წარმოუდგენლად არიდული ეკოსისტემის თითქმის უსასრულოდ სიმშრალე.

ჯგუფის განცხადებით, მათემატიკური მოდელების დასადასტურებლად უფრო მეტი საველე სამუშაოა საჭირო, მაგრამ ამ მომენტისთვის, როგორც ჩანს, ამ იდუმალი ფენომენის ამოხსნასთან ისე ახლოს ვართ, როგორც არასდროს.

„პერიოდული ცარიელი ადგილების წარმოქმნით, მცენარეულობა წყლის დამატებით რესურსს იღებს ჯადოსნური წრეებისგან, რითაც ეკოსისტემა ერთსახოვან ვეგეტაციასთან შედარებით უფრო ფუნქციური რჩება მშრალ გარემოში“, — განმარტავენ კვლევის ავტორები.

კვლევა Journal of Ecology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია uni-goettingen.de-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.