კანაფის ერთ-ერთი ნაერთი მეცნიერებმა სრულიად სხვა მცენარეში აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
კანაფის ერთ-ერთი ნაერთი მეცნიერებმა სრულიად სხვა მცენარეში აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

ბრაზილიაში გავრცელებულ ერთ ჩვეულებრივ მცენარეში მეცნიერებმა კანაბიდიოლი აღმოაჩინეს, კანაფში არსებული ნაერთი, რომელსაც CBD-ს უწოდებენ.

მკვლევართა ჯგუფმა CBD-ს მცენარე Trema micrantha-ს ნაყოფსა და ყვავილებში მიაგნო. ეს ბუჩქი ბრაზილიის უმეტეს ნაწილში იზრდება და ხშირად სარეველად მიიჩნევა.

CBD სულ უფრო ხშირად გამოიყენება ისეთ მდგომარეობათა სამკურნალოდ, როგორიც არის ეპილეფსია, ქრონიკული ტკივილი და მღელვარება. წარმოადგენს კანაფის ერთ-ერთ მთავარ აქტიურ ნაერთს. კანაფის მეორე მთავარი ნაერთია ტეტრაჰიდროკანაბინოილი — ნივთიერება, რომელიც მომხმარებლებს ამაღლებულ განწყობაზე აყენებს.

სამედიცინო მკურნალობაში ამ ნაერთის ეფექტიანობა ჯერ კიდევ კვლევის საგანია.

რიო-დე-ჟანეიროს ფედერალური უნივერსიტეტის მოლეკულური ბიოლოგის, როდრიგუ მოურა ნეტუს განცხადებით, ქიმიური ანალიზებით დადგინდა, რომ Trema micrantha შეიცავს CBD-ს, მაგრამ არა THC-ს, რაც CBD-ს ახალი, უხვი წყაროს შესაძლებლობას აჩენს, რომელსაც არ ექნება დაბრკოლებები კანონის და მარეგულირებლების მხრიდან.

„ეს გახლავთ კანაფის გამოყენების ლეგალური ალტერნატივა. მცენარე მთელ ბრაზილიაში იზრდება და ის კანაბიდიოლის მარტივი და იაფი წყარო იქნება“, — ამბობს იგი.

მისი განცხადებით, CBD მეცნიერებმა ასევე აღმოაჩინეს ტაილანდში, მონათესავე მცენარეში.

ნეტუს კვლევა სამეცნიერო ჟურნალში ჯერ არ გამოუქვეყნებია და ამბობს, რომ კვლევის მასშტაბის გაზრდას გეგმავს, რათა გამოავლინოს მცენარე Trema micrantha-დან CBD-ს მოპოვების საუკეთესო მეთოდი და შეისწავლოს მისი ეფექტიანობა იმ პაციენტებში, რომლებსაც ამჟამად სამედიცინო კანაფით მკურნალობენ.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.