მსოფლიოს ყველაზე საოცარი მწერიჭამია მცენარეები უდიდესი საფრთხის წინაშე არიან — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
მსოფლიოს ყველაზე საოცარი მწერიჭამია მცენარეები უდიდესი საფრთხის წინაშე არიან — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

ძნელია იმის დაჯერება, რომ ხორცისმჭამელი მცენარეები მართლაც არსებობენ. როდესაც ჩარლზ დარვინმა ვენერას ბუზიჭერია პირველად აღწერა, მას „მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საოცარი მცენარე“ უწოდა, მაგრამ ბევრ ადამიანს ეს მაინც არ სჯეროდა.

მათ შეუძლიათ დაიჭირონ და შეჭამონ მწერები, თაგვები, სალამანდრები ან მათი ფეკალიები. დღეს, როდესაც უკვე კარგად ვიცით ამ გამორჩეული მტაცებლების ბუნება, ისინი სწრაფად უჩინარდებიან.

ხორცისმჭამელ მცენარეთა მსოფლიოში პირველმა სისტემატიურმა შეფასებამ აღმოაჩინა, რომ ჩვენთვის ცნობილ სახეობათა მეოთხედს გარდაუვალი გადაშენება ემუქრება.

„გადაუდებელი ქმედების გარეშე, ჩვენ დავკარგავთ ამ ეკოლოგიურად უნიკალურ, ევოლუციურად საინტერესო და გამორჩეულ მცენარეთა სახეობებს“, — გვაფრთხილებენ მეცნიერები.

2020 წლის იანვარში, მეცნიერებმა აღწერეს მწერიჭამია მცენარეთა ჯამში 860 სახეობა; მიუხედავად იმისა, რომ მათი გავრცელების არეალი სხვადასხვაგვარია, ისინი ძირითადად მაინც ჭარბტენიან ზონებში გვხვდება.

სამწუხაროდ, ჭაობები ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ზონებია მოსუფთავების, ხე-ტყის ჩეხვისა და კლიმატის ცვლილების წინაშე, რაც ხორცისმჭამელ მცენარეთა მომავალს ადამიანთა განვითარებასთან ერთად არათანასწორ პირობებეში აყენებს.

ბოლო წლებში, ე. წ. ქვევრმა მცენარეებმა და ვენერას ბუზიჭერიამ მეცნიერთა და საზოგადოების მხრიდან უფრო მეტი ყურადღება მიიპყრო, მაგრამ მრავალ შემთხვევაში მათი კონსერვაციის სტატუსი უცნობია.

2011 წელს, ხორცისმჭამელ მცენარეთა სახეობების მიმოხილვამ აღმოაჩინა, რომ მათ წინაშე მდგარ უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს ჰაბიტატის დაკარგვა სოფლის მეურნეობის გამო, ველური მცენარეები, ჰაერის დაბინძურება და ბუნებრივ სისტემათა შეცვლა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კვლევის დროს მხოლოდ 600 სახეობა აღწერეს, ყოვლისმომცველი მონაცემები კი ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ 48 სახეობისთვის.

შემდეგ წლებში მწერიჭამია მცენარეები გაცილებით უკეთესად შევისწავლეთ და შედეგებმა მეცნიერები შეაშფოთა.

თუკი არაფერი შეიცვალა, კლიმატის პროგნოზები მიუთითებს, რომ მოდელირებულ სახეობათა 70 პროცენტზე უარყოფითად იმოქმედებს კლიმატის ცვლილება. მოსალოდნელია, რომ 2050 წლისთვის რამდენიმე სახეობა 100 პროცენტით დაკარგავს საკუთარ პოტენციურ დიაპაზონს.

2011 წლის შემდეგ განხორციელებული პირველი საკონსერვაციო ექსპერტიზა ახლა უკვე კარგად გვიჩვენებს ამ რეალობისკენ მიმავალ გზას.

ყველა ცნობილი სახეობის სრული ან ნაწილობრივი მონაცემების შეერთების შედეგად, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მწერიჭამია მცენარეები ყველაზე მრაფალფეროვანი იყო პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მოსუფთავებულ და მოშლილ ზონებში, მათ შორის დასავლეთ ავსტრალიაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ხმელთაშუაზღვისპირეთში, ბრაზილიასა და აშშ-ის აღმოსავლეთ ნაწილში.

დასასრულს ავტორები აღნიშნავენ, რომ ყველა სახეობიდან რვა პროცენტი (ჯამში 69 სახეობა) კრიტიკულ საფრთხეშია, ექვსი პროცენტი საფრხეშია, 12 პროცენტი მოწყვლადია და დანარჩენი სამი პროცენტი საფრთხესთან ახლოს არის.

„გლობალური მასშტაბით, ხორცისმჭამელ მცენარეთა უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს სოფლის მეურნეობა და ბუნებრივი სისტემების შეცვლა, ასევე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კონტინენტური მასშტაბის გარემოს ცვლილებები“, — ამბობს ავსტრალიის კურტინის უნივერსიტეტის ბოტანიკოსი და ეკოლოგი ადამ კროსი.

მისივე თქმით, დასავლეთ ავსტრალიაში, სადაც დედამიწაზე ყველაზე მეტი სახეობის მწერიჭამია მცენარეა გავრცელებული, უდიდეს საფრთხედ რჩება ჰაბიტატის მოსუფთავება ადამიანთა საჭიროებების შესაბამისად, რასაც მოსდევს ჰიდროლოგიური ცვლილებები; და რა თქმა უნდა, კლიმატის დათბობა.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს მცენარეები ადამიანთა განვითარებას და კლიმატის ცვლილებებს გაექცევიან, მრავალი მათგანი შორს მაინც ვერ წავა. ხორცისმჭამელი მცენარეები ძლიერ სპეციალიზებულია და შესაბამისად, მრავალი სახეობა ძალიან სპეციფიკურ ნიშას იკავებს.

ასეთი ექსტრემალური შეზღუდვები კი ნიშნავს იმას, რომ სწრაფად ცვალებად მსოფლიოში მრავალი მწერიჭამია მცენარე გადაშენებისკენ მიექანება.

ამჟამინდელ გლობალურ ანალიზში, ცნობილია, რომ სულ მცირე 98 სახეობა მხოლოდ ერთ ადგილას არის გავრცელებული. მსოფლიოს მასშტაბით, ყველა სახეობის თითქმის მეოთხედი სამი ან მეტი ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დგას, მათ შორის არის გლობალური კლიმატის ცვლილება, მიწის მოსუფთავება სოფლის მეურნეობისთვის, მოპოვებითი საქმიანობა და უკანონო ბრაკონიერობა.

მიუხედავად იმისა, რომ ძვირფას მწერიჭამია მცენარეთა შეგროვება და გაყიდვა მსოფლიოს უმეტეს ნაწილში უკანონოა, ღარიბ ქვეყნებში შავი ბაზრის კონტროლი რთულია.

როგორც BBC-სთან საუბრისას ერთ-ერთი მკვლევარი ჯერ კიდევ 2016 წელს აღნიშნავდა, დღეს ყველას აქვს მობილური და ინტერნეტი eBay-ს გამოყენებისთვის; შესაბამისად, გაშმაგებით მიმდინარეობს ამ უიშვიათესი მცენარეებით ვაჭრობა, რაც ყოველწლიურად იზრდება.

მისივე თქმით, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ხალხი გამორჩეულ მცენარეებს ამჯობინებს, რაც სხვა ადამიანებს მთებში წასვლას, მათ შეგროვებას და საერთაშორისო მასშტაბით გაყიდვისკენ უბიძგებს.

მწერიჭამია მცენარეთა შემგროვებელთა მადა ძალიან დიდია. ზოგჯერ ისინი ერთ მცენარეს 1000 დოლარსაც აფასებენ. ონლაინ მაღაზიებიდან მიწოდება კი ხშირად სულ რამდენიმე დღეში ან საათში ხდება. ეს კვლევის ავტორებმაც გამოსცადეს.

შემგროვებლები ახალ პოპულაციას აღმოჩენიდან რამდენიმე დღეში მთლიანად სპობენ, რაც განსაკუთრებით ტრაგიკულია.

მიუხედავად იმისა, რომ შემგორვებლებს შორის ყველაზე პოპულარულია ვენერას ბუზიჭერია, აღმოჩნდა, რომ ბრაკონიერობის ყველაზე დიდი რისკის წინაშე ტროპიკული ქვევრი მცენარეებია, განსაკუთრებით კუნძულ ბორნეოს მალაიზიის ნაწილში, ინდონეზიასა და ფილიპინებში; ეს ქვეყნები მსოფლიოს იმ ექვსი ქვეყნის სიაში შედიან, სადაც მწერიჭამია მცენარეებს ყველაზე მეტად ემუქრებათ საფრთხე. სიაში პირველ ადგილზე ბრაზილიაა, სადაც გადაშენების წინაშე 13 სახეობა დგას.

მეცნიერთა განცხადებით, უახლოეს მომავალში ამ მცენარეთა გაქრობის თავიდან ასაცილებლად საჭიროა დაუყოვნებლივ მოქმედება, საკონსერვაციო სამუშაოები.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მათი გავრცელების არეალს ანგრევს ბრინჯისა და ზეთის პალმების კულტივაცია, ავსტრალიაში კი ხე-ტყის ჩეხვა და ადამიანთა განვითარება.

სამხრეთ აფრიკაში უკიდურესმა გვალვებმა ჭაობის მრავალი ეკოსისტემა უჩვეულოდ გამოაშრო; ბრაზილიაში უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს ხშირი და ძლიერი ხანძრები.

ბრაზილიის ერთ-ერთ რეგიონში ხორცისმჭამელ მცენარეთა სულ მცირე 70 სახეობაა გავრცელებული. კლიმატის ცვლილების გამო, ეს რეგიონიც ეკოლოგიური კოლაფსისკენ მიექანება; ამჟამინდელი პროგნოზით, ამ ფაქტორის გამო, 2070 წლისთვის შესაფერისი ჰაბიტატის 82 პროცენტი გაქრება.

თუმცა, ჯერ ყველაფერი დაკარგული არ არის. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ შეგვიძლია განვახორციელოთ გლობალური ქმედებები, დავხუროთ მწერიჭამია მცენარეთა არალეგალური ბაზრები და შემოვიღოთ უკეთესი რეგულაციები, რითაც შეიძლება, ამ მცენარეთა სულ მცირე რამდენიმე სახეობა გადავარჩინოთ.

მეცნიერთა განცხადებით, მწერიჭამია მცენარეები პიონერები არიან; როდესაც ისინი სველ ნიადაგში ხვდებიან, ისინი მას ისე ეჭიდებიან, როგორც მწერები მათ ხაფანგს, აწარმოებენ დიდი ოდენობით თესლს და იკავებენ ახალ ზონებს.

„შესაბამისად, სანამ ჯერ კიდევ რჩება შესაფერისი გარემო და შეგვიძლია შევინარჩუნოთ ბუნებრივი ეკოლოგიური პროცესები, არსებობს იმედი, რომ მწერიჭამია მცენარეები ანთროპოცენს გადაურჩებიან“, — წერენ ავტორები.

კვლევა Global Ecology and Conservation-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.