კანადაში ხორცისმჭამელი მცენარის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
კანადაში ხორცისმჭამელი მცენარის ახალი სახეობა აღმოაჩინეს

კანადაში, გუელფის უნივერსიტეტის მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ონტარიოში, ალგონკინის პროვინციული პარკის ჭარბტენიან ნიადაგებში გავრცელებული ხორცისმჭამელი მცენარეები არა მხოლოდ ბაღლინჯოებს, არამედ პატარა სალამანდრებსაც ჭამენ.

ბიოლოგთა განცხადებით, მცენარის მიერ ხერხემლიანის შეჭმის ფაქტი ფრიად უცნაურია.

დიდი ხანია ცნობილია, რომ კანადის ჭარბტენიან ნიადაგებში გავრცელებული ხორცისმჭამელი მცენარეები სხვადასხვა არსებებით იკვებებიან, ძირითადად მწერებითა და ობობებით. ეს უკანასკნელნი ზარის ფორმის ფოთლებში ცვივდებიან, სადაც შემდეგ, წვიმის წყლის მოქმედებით იხრწნებიან.

თუმცა, ამ დრომდე არავისთვის იყო ცნობილი, რომ ჩრდილოეთ ამერიკაში ეს მცენარეები სალამადრებს, ანუ კუდიან ამფიბიებსაც იჭერდნენ.

მეცნიერთა განსაკუთრებული გაოცება გამოიწვია იმან, რომ ეს ფაქტი აქამდე ვერავინ შენიშნა პარკში, რომელიც საკმაოდ ხელმისაწვდომია და არაერთი მკვლევარი თუ მნახველი სტუმრობს.

2017 წლის ზაფხულში, ეკოლოგიის კურსის დროს, ერთ-ერთმა სტუდენტმა ხორცისმჭამელ მცენარეში ჩაჭედილი კუდიანი ამფიბია იპოვა. დაიწყო აქტიური კვლევა.

2018 წელს ჩატარებული მონიტორინგისას მკვლევართა ჯგუფმა გაარკვია, რომ ხუთიდან თითქმის ერთ ასეთ მცენარეს პატარა, ადამიანის თითის სიგრძის ამფიბია ჰყავდა დაჭერილი. ზოგიერთ მცენარეში კი ჩაჭედილი იყო ერთზე მეტი ამფიბია.

ბიოლოგ ალექს სმიტის განცხადებით, ზოგი მათგანი მცენარეში სავარაუდოდ მწერების თავდასხმის შედეგად არის ჩავარდნილი, ზოგიც იქ მტაცებლებისგან გაქცევისას უნდა შემძვრალიყო.

ჩაჭედილი სალამანდრების ნაწილი სამ დღეში კვდება, ნაწილი კი 19 დღემდე ცოცხლობს.

ფოთლებში მომწყვდეულ მსხვერპლს მცენარის საჭმლის მომნელებელი ფერმენტი და წყალში არსებული სხვა ორგანიზმები თანდათან შლის. სმიტის თქმით, ეს მცენარეები ხორცს ძირითადად საკვები ნივთიერებების მიღების მიზნით ჭამენ; მათ შორის უმთავრესია აზოტი, რომელიც საკმაოდ მწირადაა წარმოდგენილი ღარიბ, ტალახოვან ნიადაგებში.

საკვებით ღარიბ გარემოში, ხორცისმჭამელი მცენარეები მსოფლიოს მრავალ ადგილას იზრდება. მათ შორის არის ბუზიჭერიებიც, რომლებიც მწერების დასაჭერად თავიანთ წებოვან ფოთლებს იყენებენ. ამ ჯგუფს მიეკუთვნება სახელგანთქმული ვენერას ბუზიჭერიაც.

ხორცისმჭამელ მცენარეთა შესახებ მეთვრამეტე საუკუნიდან არის ცნობილი. დაახლოებით ათი წლის წინ, აზიაში აღმოაჩინეს ერთი სახეობა, რომელიც ძირითადად მწერებითა და ობობებით იკვებება, მაგრამ ხანდახან პატარა ჩიტებსა და თაგვებსაც იჭერს.

სმიტის თქმით, ალგონკინის პროვინციული პარკში აღმოჩენილი მცენარე ბიოლოგებისთვის ახალ კითხვებს აჩენს.

მომზადებულია phys.org-ის მიხედვით.