ასეულობით წლიანი ხის რგოლები მე-20 საუკუნეში დაწყებულ ავბედითი ანომალიაზე მიუთითებს — #1TVმეცნიერება
ასეულობით წლიანი ხის რგოლები მე-20 საუკუნეში დაწყებულ ავბედითი ანომალიაზე მიუთითებს — #1TVმეცნიერება

სათანადოდ დაკვირვების შემთხვევაში, ხის წლიურ რგოლებს საკმაოდ ბევრი რამის თქმა შეუძლია; მათ შორის, შეგვიძლია გავიგოთ ტენიანობის ცვლილებები იმ ნიადაგში, რომელზეც ეს ხე გაიზარდა. ახლახან, მეცნიერებმა შეაგროვეს 600-წლიანი ასეთი მონაცემები, რათა უკეთ შეისწავლონ კლიმატის ცვლილება და ამინდის ანომალია, რომელიც პირველად მეოცე საუკუნის შუა წლებში შენიშნეს.

ახალი ჩანაწერები სამხრეთ ამერიკის გვალვის ატლასის (SADA) უახლეს გამოცემას წარმოადგენს და ასახავს ტენიანობის ცვალებადობას გასული ექვსი საუკუნის განმავლობაში, რასაც სხვა ისტორიული ჩანაწერებიც მიუთითებს. 1930-იანი წლებიდან გაიზარდა ძლიერ გვალვებს შორის პერიოდები; 1960-იანი წლებიდან ყოველ ათ წელში ფიქსირდება ერთი გვალვა.

ხის წლიურ რგოლებს არ შეუძლია გვითხრას, ზუსტად როგორ გამოჩნდა ასეთი უკიდურესობები, მაგრამ პუბლიკაციის ავტორი მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ასეთი ჩანაწერები ამოსავალი წერტილი იქნება სხვა მონაცემებსა და დაკვირვებებთან კომბინაციაში გამოსაყენებლად.

„ჰიდროკლიმატურ მოვლენათა უკიდურესობების ზრდა შესაბამისობაშია ადამიანთა საქმიანობის ეფექტებთან, მაგრამ მხოლოდ ეს ატლასი ვერ გვთავაზობს იმის მტკიცებულებას, ეს ცვლილებები კლიმატის ბუნებრივი ცვალებადობით არის გამოწვეული თუ ადამიანთა საქმიანობის თანმხლები დათბობით“, — ამბობს არგენტინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ეროვნული კვლევითი საბოს პალეოკლიმატოლოგი მარიანო მორალესი.

ატლასის ახალ გამოცემაში ასახულია ცვლილებები არგენტინაში, ჩილეში, ურუგვაიში, ბოლივიის დიდ ნაწილში, სამხრეთ ბრაზილიასა და პერუში; ამისათვის გამოიყენეს საველე პირობებში 286 ხეზე შეგროვებული მონაცემები.

მორალესის განცხადებით, ექსტრემალური კლიმატური მოვლენებისადმი სამხრეთ ამერიკას „მწვავე მოწყვლადობა“ აქვს და მართლაც, ბოლოდროინდელმა გვალვებმა კონტინენტის საკმაოდ დიდ ნაწილში სოფლის მეურნეობისთვის ავბედითი სიტუაცია შექმნა. კვების სისტემათა გარკვეული ნაწილი ახლა კოლაფსის საფრთხის წინაშეა.

თუმცა, ამჟამინდელი სურათი ცვალებადია — მიუხედავად იმისა, რომ არგენტინისა და ჩილეს გარკვეულ ტერიტორიებს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი გვალვები სტანჯავს, კონტინენტის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონებში არანორმალურად ტენიანი გარემოა. თუ ამის მიზეზი კლიმატის ცვლილება არ არის, ასეთი გარემო ყველაზე მეტად მაინც კლიმატის ცვლილებას ჰგავს.

„არ გვსურს, რომ კლდიდან გადმოვხტეთ და დავიძახოთ, რომ ეს კლიმატის ცვლილებაა. არსებობს მრავალი ისეთი ბუნებრივი ცვალებადობა, რომლებსაც ადამიანის საქმიანობით გამოწვეული კლიმატის ცვლილების მიბაძვა შეუძლია“, — ამბობს კოლუმბიის უნივერსიტეტის პალეოკლიმატოლგი ედუარდ კუკი.

მკვლევრებმა გამოავლინეს სამი საკვანძო ფაქტორი, რომლებიც გასული ექვსი საუკუნის განმავლობაში ამ ცვლილებებს განაპირობებდა — ზღვა-ზედაპირის ციკლური ტემპერატურის ცვლილებები წყნარ და ატლანტის ოკეანეებში; დასავლეთის მიმართულების ქარები ანტარქტიდის გარშემო; და ე. წ. ჰედლის უჯრედის ფენომენი, რომლიც ეკვატორიდან თბილ და ნოტიო ჰაერს ანაწილებს.

მკვლევართა თქმით, ამ საკვანძო ფაქტორებში ჩართულია ცვლილებები, რომლებიც შეიძლება დავუკავშიროთ სათბურის აირებს და ოზონის მშთამნთქმელ ქიმიურ ნივთიერებებს; არ არის გამორიცხული, რომ სამხრეთ ამერიკაში ამჟამად მიმდინარე ცვლილებათა უკან სწორედ ისინი დგას.

ატლასის შემქმნელ მკვლევართა ჯგუფი იმედოვნებს, რომ ხეების წლიურ რგოლთა მიერ ჩვენთვის გადმოცემული ამბები უკეთეს წარმოდგენას შეგვიქმნის გრძელვადიან კლიმატურ ძვრებზე, ამჟამინდელ გარემოზე, და დაგვეხმარება მომავლის დაგეგმვაში. ის, როგორც ახლა ჩვენ პლანეტას ვექცევით, მიუთითებს, რომ ამინდის უკიდურესობები მალე სულაც არ შეჩერდება.

„ყველაფერი შესაბამისობაშია იდეასთან, რომლის მიხედვითაც, გლობალური დათბობის დროს გაძლიერდება ნოტიო და მშრალი და მოვლენები“, — ამბობს კოლუმბიის უნივერსიტეტის კლიმატის მეცნიერი ჯეისონ სმერდონი.

კვლევა ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია columbia.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი