როგორ გავიქროთ პირიდან ნივრის სუნი — მეცნიერებმა ახალ გამოსავალს მიაგნეს #1tvმეცნიერება
როგორ გავიქროთ პირიდან ნივრის სუნი — მეცნიერებმა ახალ გამოსავალს მიაგნეს #1tvმეცნიერება

ნიორი ადამიანებს ხან აახლოებს, ხანაც აშორებს. თითქოს წყევლაა, რომ სამზარეულოში მისი სუნი მადისაღმძვრელია, მაგრამ პირიდან ამოსვლისას საშინელი.

ნივრის სუნს შეიძლება კბილების საგულდაგულოდ გამოხეხვის შემდეგაც კი აფრქვევდეთ პირიდან.

ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სურსათის მეცნიერმა შერილ ბარინგერმა გადაწყვიტა, ყველას დაგვეხმაროს.

წლების განმავლობაში, მან პირიდან ამომავალი ნივრის სუნის გაქრობის რამდენიმე მეცნიერული გამოსავალი მოძებნა. მათ შორის არის ვაშლსა და პიტნაში შემავალი მჟავები, ასევე რძის ცხიმი.

ამჯერად, მან კიდევ ერთი შესაძლო კანდიდატი გამოავლინა: იოგურტი.

ექსპერიმენტებში, ბარინგერმა და მისმა დოქტორანტმა სტუდენტმა, მანპრიტ კაურმა დაჭყლეტილი ნივრით სავსე ქილაში იოგურტი დაამატეს და აღმოაჩინეს, რომ კონტეინერში გოგირდოვანი აირი 99 პროცენტით შემცირდა.

იოგურტმა სუნი 94 პროცენტით შეამცირა ზეთში შემწვარი ნივრის შემთხვევაშიც კი.

ამ მცირე სხვაობის მიზეზი სავარაუდოდ ისაა, რომ შემწვარ ნიორში უკვე შემცირებულია სუნის გამომწვევი ყველა აქროლადი ნაერთის კონცენტრაცია.

იმის გასარკვევად, როგორ ახერხებს იოგურტი ამას, ბარინგერმა და კაურმა რძის პროდუქტი ძირითად ინგრედიენტებამდე დაშალეს.

შემდეგ ექსპერიმენტებში დადგინდა, რომ ნივრის სუნიან აქროლადებს წყალზე ეფექტიანად ახშობდა კარაქის ცხიმი და რძის ცილა. ორივე ეს ინგრედიენტი აშკარად კარგი გამოსავალია ნიორში შემავალ სუნიან ნაერთებთან საბრძოლველად.

აღმოჩენა თანხმობაშია ბარინგერის წინა კვლევასთან, რომელშიც დაადგინა, რომ მაღალი ცხიმიანობის რძე ნივრის სუნს უფრო მეტად აქრობს, ვიდრე უცხიმო რძე.

თუმცა, განსაკუთრებით გასათვალისწინებელია აღმოჩენა ცილასთან დაკავშირებით.

„ცილის ეფექტიანობის შესახებ უფრო მეტად ვარ გახარებული, რადგან სულაც არაა კარგი, მომხმარებელს მაღალცხიმიანი საკვების მიღება ურჩიო, რასაც ვერ ვიტყვით ცილების მაღალი შემცველობის საკვებზე, რომელიც ხალხს ასე მოსწონს“, — ამბობს ბარინგერი.

იოგურტის მჟავიანობის (pH) კვლევისას, ბარინგერმა და კაურმა დაადგინეს, რომ რაც უფრო მჟავეა იოგურტი, მით უფრო უკეთესად ახშობს ნედლ და შემწვარ ნიორში შემავალ სუნიან აქროლადებს.

ეს იმაზე მიუთითებს, რომ ცილები მართლაც მნიშნვნელოვან როლს ასრულებს ნივრის სუნის გაქრობაში და სწორედ ამიტომ არის ამ საქმეში იოგურტი ასე ეფექტიანი.

„ვიცით, რომ ცილები გემოებს აქრობს, რაც ხშირად უარყოფითად მიიჩნევა. რაც უფრო მაღალია საკვებში ცილების შემცველობა, ის მით უფრო უგემურია. მაგრამ ამ შემთხვევაში, ეს ფაქტი შეიძლება კარგი იყოს“, — განმარტავს ბარინგერი.

აღსანიშნავია, რომ კვლევაში იოგურტის ეფექტი არ შეუმოწმებიათ ადამიანის პირიდან ამომავალ ნივრის სუნზე. მაგრამ როგორც ბარინგერი აღნიშნავს, თუ ამ გამოსავალმა პრაქტიკაშიც იმუშავა, საჭირო იქნება, რომ იოგურტი ნივრის ჭამიდან მალევე მიირთვათ.

„ვაშლის შემთხვევაში, ის დაუყოვნებლივ უნდა იჭამოს. სავარაუდოდ, ასე იქნება იოგურტის შემთხვევაშიც“, — ამბობს ბარინგერი.

კვლევა ჟურნალ Molecules-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია news.osu.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.