მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღაზე მომუშავე ჯგუფი შემაჯამებელ შეხვედრას გამართავს
მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღაზე მომუშავე ჯგუფი შემაჯამებელ შეხვედრას გამართავს

მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღაზე მომუშავე ჯგუფის შემაჯამებელი შეხვედრა დღეს საკანონმდებლო ორგანოში გაიმართება.

დღეს გაირკვევა, ხელისუფლების სამივე შტოს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ჯგუფი რეფორმის რომელ საკვანძო საკითხებზე მიაღწევს კონსენსუსს. ​დასაზუსტებელ რეგულაციებს შორის არის მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურები, დისციპლინური წარმოება და იუსტიციის უმაღლესი სკოლის მუშაობასთან დაკავშირებული საკითხები.

ჯგუფი, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, თვეების განმავლობაში გადიოდა კონსულტაციებს. მეოთხე ტალღასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში თვის ბოლოს დარეგისტრირდება.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის მიზანი სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცებაა.

„იმართება შეხვედრა, რომლის მიზანიც არის მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში შემდგომი ცვლილებების განხორციელება კანონმდებლობაში. ეს არის მოსამართლეთა დისციპლინურ საკითხებზე მსჯელობა. უფრო მეტად დაიხვეწოს კანონმდებლობა, რომელიც ეხება მართლმსაჯულებას, სასამართლო სისტემას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სკოლას“, – განაცხადა დავით მათიკაშვლმა.

ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს სახალხო დამცველი, რომელიც სამუშაო ჯგუფის წევრია. ნინო ლომჯარიას თქმით, მნიშვნელოვანია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ძალაუფლების დეცენტრალიზაცია.

„დღესდღეობით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არის კონცენტრირებული ძალიან დიდი ძალაუფლება და სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ძალაუფლება ხშირად ბოროტად არის გამოყენებული. ამიტომ ეს რეფორმა უნდა ემსახურებოდეს იმას, რომ თვითონ სისტემის შიგნით მოხდეს მაქსიმალური დეცენტრალიზაცია, განსაკუთრებით იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებლობა მისი საქმიანობის დროს“, – აღნიშნა სახალხო დამცველმა.

მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღაზე მომუშავე ჯგუფის შემაჯამებელი შეხვედრა საქართველოს პარლამენტში 12:00 საათზეა დაგეგმილი.