მედიის ცნობით, თელ ავივში სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ აქციაზე 103 000 ადამიანი შეიკრიბა
მედიის ცნობით, თელ ავივში სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ აქციაზე 103 000 ადამიანი შეიკრიბა

ისრაელში, თელ ავივში საპროტესტო აქციების 32 კვირას, სულ მცირე, 103 000 ადამიანი აპროტესტებს ახალ სასამართლო რეფორმას. ამის შესახებ Timesofisrael-ი წერს.

მედიის ცნობით, 103 000 ადამიანი დემონსტრაციას მართავს თელ ავივის ცენტრალურ მიტინგზე, ხოლო ათასობით მოქალაქე ასევე შეიკრიბა ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში.

Timesofisrael-ის ინფორმაციით, მომიტინგეები აცხადებენ, რომ ემზადებიან ქვეყნის მასშტაბით გზების სრულად გადაკეტვისთვის, თუ მთავრობა პატივს არ სცემს იუსტიციის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებას „გონივრული“ კანონის შესახებ.

როგორც მედია წერს, აქციის მონაწილეებმა ქნესეთის სპიკერის, ამირ ოჰანას სახლთან გადაინაცვლეს. დემონსტრანტები აფრიალებენ დროშებს და ყვირიან: „ჩვენ არ გვეშინია”.

საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილების შეზღუდვას, რაც, აქციის მონაწილეთა თქმით, საფრთხეს უქმნის დემოკრატიას.

თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა ამტკიცებს, რომ რეფორმა აუცილებელია ხელისუფლების შტოთა შორის ბალანსის აღსადგენად, რომელიც ამ დრომდე დარღვეული იყო.