პროკურატურაში ევროკავშირის პროექტის - „მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის ხელშეწყობა საქართველოში“ მმართველი კომიტეტის პირველი შეხვედრა გაიმართა
პროკურატურაში ევროკავშირის პროექტის - „მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის ხელშეწყობა საქართველოში“ მმართველი კომიტეტის პირველი შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ევროკავშირის პროექტის – „მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის ხელშეწყობა საქართველოში“ მმართველი კომიტეტის პირველი შეხვედრა გაიმართა.

პროკურატურის ინფორმაციით, ღონისძიებას ესწრებოდნენ გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე კატალინ გერმანი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი, საერთაშორისო ექსპერტები, ევროკავშირის პროექტის, პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და იუსტიციის სამინისტროს  წარმომადგენლები.

„შეხვედრაზე გენერალური პროკურორის მოადგილემ, ნათია მერებაშვილმა ევროკავშირის მხარდაჭერით პროკურატურაში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე ისაუბრა და ევროკავშირის ახალ პროექტთან თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ნათია მერებაშვილმა პროექტით გათვალისწინებული ის უმთავრესი მიმართულებები მიმოიხილა, რომლებიც, საჭიროებების გათვალისწინებით, ევროკავშირის პროექტის გუნდის მიერ უწყებასთან კოორდინაციით განისაზღვრა.

ევროკავშირის სამწლიანი პროექტი პროკურატურის განვითარებისთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავს, რომლებიც საქართველოს პროკურატურის განვითარების 2022-2027 წლის სტრატეგიის დოკუმენტშიც არის ასახული და აღნიშნული მიმართულებები პროკურატურის სტრატეგიის მიზნებს სრულიად შეესაბამება.

შეხვედრის დასასრულს პროექტის ანგარიში დამტკიცდა და პროექტის ბენეფიციარ უწყებებთან სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრა“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.