მარინა დარახველიძე - სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობა კლინიკურ მენეჯერს დაეკისრება
მიმდინარე წელს კლინიკური მენეჯერის თემა გააქტიურდა და ის სანებართვო პირობა გახდა, – ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, მარინა დარახველიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა პასუხისმგებლობა ეკისრება სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციას, მარინა დარახველიძემ განაცხადა, რომ პირობის გაშვება წლის დასაწყისში მოხდა და აქამდე იყო გარდამავალი პერიოდი, როცა კლინიკებს ამისთვის მზაობა უნდა გამოეხატათ.
„პირობის მიხედვით, იმ პროცესებზე, რომელიც კლინიკაში მიმდინარეობს, პასუხისმგებლობა კლინიკურ მენეჯერს დაეკისრება. ამიტომ, მან სამედიცინო დახმარების ხარისხს ყურადღება უნდა მიაქციოს. ეს სანებართვო პირობაა და ასეთი კლინიკური მენეჯერის გარეშე დაწესებულება ვერ იმუშავებს. მეორე მხრივ, როცა გადაცდომების განხილვა მოხდება, იქ კლინიკური მენეჯერის პასუხისმგებლობასაც განვიხილავთ და ის შესაძლოა, სულ ცოტა, შავ სიაში აღმოჩნდეს. ასეთ სიაში მყოფი კლინიკური მენეჯერი ფუნქციას ვერ შეასრულებს, კლინიკა კი – სანებართვო პირობას“, – განაცხადა დარახველიძემ.
მარინა დარახველიძემ ასევე აღნიშნა, რომ კანონმდებლობის მიხედვით, ექიმის მხრიდან პროფესიული გადაცდომის შემთხვევა, პირველ რიგში, პროფესიულმა თემმა უნდა განიხილოს.
„ასეთი საქმეების შესწავლა ხდება პროფესიული განვითარების საბჭოს ეგიდით, რომლის შემადგენლობაში დარგის ორგანიზატორების გარდა, პირველ რიგში, დარგის ექსპერტები არიან. ერთია, შემთხვევაზე რეაქტიული რეაგირება მოახდინო, ანუ მოხდეს შემთხვევა და შემდეგ განიხილო, მაგრამ მეორეა პროაქტიური ანალიზი. ანალიზი იმ შედეგებისა, რომელსაც კონკრეტული ქეისების განხილვის შედეგად ვიღებთ, გვეხმარება, ჩვენი პროაქტიური ქმედებები დავნერგოთ და განვახორციელოთ, ანუ შევიმუშაოთ და განვავითაროთ პოლიტიკა, რათა ასეთი შემთხვევები თავიდან ავიცილოთ. ყველაზე დიდი მიღწევა ეს არის“, – განაცხადა დარახველიძემ.