მარინა დარახველიძე - „ტამიფლუს“ ახალი პარტია ქვეყანაში რამდენიმე დღეში შემოვა
მარინა დარახველიძე - „ტამიფლუს“ ახალი პარტია ქვეყანაში რამდენიმე დღეში შემოვა

სეზონური გრიპის ვირუსის სამკურნალო პრეპარატ „ტამიფლუს“ ახალი პარტია, 10 ათასი ცალი, ქვეყანაში რამდენიმე დღეში შემოვა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, მარინა დარახველიძემ განუცხადა. მისივე თქმით, პრეპარატის შესყიდვის პროცედურები უკვე დასრულდა.

დარახველიძის ინფორმაციით, მედიკამენტთან ერთად გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო აცრების ახალი პარტიაც შეიძინეს, სულ ოთხი ათასი ცალი.

ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ სამკურნალო მედიკამენტის ის პარტია, რომელიც უკვე შემოვიდა ქვეყანაში, სრულად გაანაწილეს როგორც რეგიონებში, ისე თბილისის ხუთ სააფთიაქო ქსელში.

მარინა დარახველიძის განცხადებით, ჯანდაცვის ცენტრები მედიკამენტს რისკ ჯგუფების გარდა სხვა მოქალაქეებზეც გასცემდნენ, ვიდრე სააფთიაქო ქსელები მარაგს შეივსებდნენ.

უკვე დღეიდან კი, დარახველიძის თქმით, ცენტრები კვლავ რისკ ჯგუფებს მოემსახურებიან.

მოქალაქეებს მედიკამენტის მიღება მატერიალური ფორმის რეცეპტის საშუალებით სააფთიაქო ქსელებში შეუძლიათ.

ტამიფლუს ასევე გასცემენ 24/7-ზე მომუშავე ამბულატორიებიც. მარინა დარახველიძის თქმით, ერთი ფანჯრის პრინციპით სამკურნალოდ ან დიაგნოსტიკისთვის მისულ მოქალაქეებს მედიკამენტით ადგილზე ამარაგებენ.