მარინა დარახველიძე - ონკოდაავადებების მხრივ, საყოველთაო ჯანდაცვა ძალიან სოლიდურ კომპონენტს ფარავს
მარინა დარახველიძე - ონკოდაავადებების მხრივ, საყოველთაო ჯანდაცვა ძალიან სოლიდურ კომპონენტს ფარავს

ონკოლოგიური დაავადების მკურნალობისთვის ცალკე კომპონენტია გამოყოფილი – წლიურად 15 000 ლარის ლიმიტით. მნიშვნელობა არ აქვს, ბენეფიციარი ბავშვია, მოზრდილია, საპენსიო ასაკის არის, სოციალურად დაუცველი თუ ა.შ., – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, მარინა დარახველიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„მასში შედის როგორც სხივური, ასევე ქიმიო და ჰორმონოთერაპია, მასთან დაკავშირებული გამოკვლევები და მედიკამენტები. ცალკე კომპონენტია გეგმიური ქირურგიული ჩარევა, რომლისთვისაც ასევე არსებობს წლიური 15 000–ლარიანი ლიმიტი“, – განაცხადა დარახველიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა პროგრამები მოქმედებს სიმსივნით დაავადებული პაციენტებისთვის, მარინა დარახველიძემ განაცხადა, რომ ონკოდაავადებების მხრივ, საყოველთაო ჯანდაცვა ძალიან სოლიდურ კომპონენტს ფარავს.

„საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში ასევე ფინანსდება გართულებები და გადაუდებელი მდგომარეობები, რომლებიც შესაძლოა, ამ მძიმე დაავადებების მკურნალობას თან ახლდეს“, – განაცხადა დარახველიძემ.

მისი თქმით, ნულიდან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში ონკოჰემატოლოგიური დაავადებების მკურნალობა, ყველა გამოკვლევა, მედიკამენტი, საწოლდღე და ყველაფერი, რაც საჭიროა, უფასოა.

„ამ ეტაპზე სახელმწიფო პროგრამის მიმწოდებელი იაშვილის კლინიკაა და მკურნალობა იაშვილის ბაზაზე მიმდინარეობს“, – განაცხადა დარახველიძემ.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსმა აღნიშნა, მოზრდილი ასაკის მოქალაქეებისთვის ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს რამდენიმე სკრინინგ ცენტრი, სადაც რამდენიმე ტიპის სკრინინგი მიმდინარეობს, რაც დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და დიაგნოსტიკის საუკეთესო საშუალებაა.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა უახლოეს მომავალში სკრინინგის პროგრამების ამოქმედება ბავშვებისთვის, მარინა დარახველიძემ თქვა, რომ არსებული სკრინინგული პროგრამა მტკიცებულებებს ეფუძნება, თუ როგორია ამ პოპულაციაში სიხშირე და საჭიროებს თუ არა ის სკრინინგს. ბავშვთა ასაკში სიმსივნურ დაავადებებზე ასეთი მტკიცებულება არ არსებობს, ანუ სკრინინგული კვლევის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის.

„მიზეზი მხოლოდ ეს არის და არა ის, რომ სახელმწიფოს ამის მზაობა არ გააჩნია“, – განაცხადა დარახველიძემ.