მარინა დარახველიძე - 2017 წელს ექიმის მხრიდან პროფესიული გადაცდომის 165 საქმეა განხილული
მარინა დარახველიძე - 2017 წელს ექიმის მხრიდან პროფესიული გადაცდომის 165 საქმეა განხილული

მხოლოდ მიმდინარე წელს, პროფესიული განვითარების საბჭომ ექიმის მხრიდან პროფესიული გადაცდომის 165 საქმე განიხილა, – ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, მარინა დარახველიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„წერილობითი გაფრთხილება დაახლოებით, 187 ექიმს მიეცა, 88 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება შეუჩერდა, რაც კანონმდებლობით ერთიდან ექვს თვემდე ვადას ითვალისწინებს და ერთ ექიმს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის გაცემის შესაძლებლობა ჩამოერთვა. ასეთი შემთხვევები ხშირი არ არის, მაგრამ ჩვენს პრაქტიკაში გვქონია შემთხვევა, როცა განსაკუთრებით მძიმე შემთხვევები დადგა და ექიმს სერტიფიკატი ჩამოერთვა. ასევე, ვერ ვიტყვი, რომ ხშირია, მაგრამ გვქონია ხელმეორედ დაჯარიმების შემთხვევებიც. ხელმეორედ დაჯარიმების შემთხვევაში ის სანქციები გამოიყენება, რასაც პირველ შემთხვევაში ვიყენებთ. რამდენიმე თვეში ექიმი პროფესიულ საქმიანობას უბრუნდება, მაგრამ ეს გადაცდომის სიმძიმეზეა დამოკიდებული“, – განაცხადა დარახველიძემ.

მისი თქმით, ძალიან ხშირად, როცა ექიმს სერტიფიკატის მოქმედება უჩერდება, პროფესიული განვითარების საბჭო მას ავალდებულებს, ორთვიანი, თუ სამთვიანი გადამზადების კურსები გაიაროს, რაც უწყვეტი პროფესიული განვითარების ნაწილია. 

„სერტიფიკატის აღდგენა ავტომატურად არ ხდება. სერტიფიკატის მოქმედების განახლების საკითხს პროფესიული საბჭო იხილავს და ამოწმებს, რამდენად ზუსტად შესრულდა საბჭოს მიერ ექიმისთვის დაკისრებული ვალდებულება“, – განაცხადა დარახველიძემ.

მარინა დარახველიძეს შეკითხვა დაუსვა გადაცემაში სტუმრად მყოფმა ნენე ხუროშვილმა, რომლის შვილსაც ორ სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში ორი სრულიად განსხვავებული დიაგნოზი დაუსვეს. შეკითხვაზე, როგორ უნდა მოხდეს იმის პრევენცია, რომ ექიმმა, რომელმაც მისი შვილის შემთხვევაში შეცდომა დაუშვა, 3–თვიანი გადამზადების შემდეგაც იგივე შეცდომა არ დაუშვას, მარინა დარახველიძემ თქვა, რომ ამის გარანტიას ვერავინ ვერ გასცემს.

„ჩვენ ვსაუბრობთ სისტემაზე, რომელიც აუცილებელია, ექიმმა პროფესიული განვითარების სხვადასხვა ეტაპზე გაიაროს, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს პანაცეა არ არის. გადამზადების კურსი შესაძლოა, ორმა ადამიანმა ერთნაირი ხანგრძლივობით გაიაროს, მაგრამ ერთი და იგივე შედეგი ვერ მივიღოთ. ეს დამოკიდებულია სუბიექტურ ფაქტორებზე და იმ გარემოებებზეც, სადაც ექიმს მუშაობა უწევს. ვგულისხმობ აპარატურის ხარისხს და ა.შ.“, – განაცხადა მარინა დარახველიძემ.