მარინა დარახველიძე - ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში ონკოდაავადების დიაგნოსტირების პრობლემა დგას
მარინა დარახველიძე - ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში ონკოდაავადების დიაგნოსტირების პრობლემა დგას

ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში ონკოდაავადების დიაგნოსტირების პრობლემა დგას, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, მარინა დარახველიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„შესაძლოა, ერთეული შემთხვევები არსებობს, რასაც ვერ გამოვრიცხავ. ვერცერთი ქვეყნის სამედიცინო დაწესებულება ვერ დადებს თავს, რომ 100%–ით შეუცდომელია. ვფიქრობ, საქართველოც მათ რიგშია და ჩვენს სამედიცინო სისტემას არაფერი გამორჩეული სიძნელეები თუ უარყოფითი შედეგები არ აქვს“, – განაცხადა დარახველიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა ამ ეტაპზე ონკოდაავადებულთათვის დამატებითი სახელმწიფო პროგრამების ამოქმედება, მარინა დარახველიძემ თქვა, რომ ცვლილებები მეტასტაზური კიბოს მხრივ იგეგმება და ჯანდაცვის სამინისტრო ასევე გეგმავს, ხელი შეეწყოს ორგანიზებულ სკრინინგს, რათა დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა–გამოვლენა გაიზარდოს.