მარინა დარახველიძე - პაციენტთა საჩივრების ძირითადი ნაწილი სამედიცინო საქმიანობის ხარისხს უკავშირდება
მარინა დარახველიძე - პაციენტთა საჩივრების ძირითადი ნაწილი სამედიცინო საქმიანობის ხარისხს უკავშირდება

ჯანდაცვის სამინისტროში მოქმედებს ცხელი ხაზი 1505, სადაც მოქალაქეები ნებისმიერ შემთხვევაზე პასუხსა და რეკომენდაციებს იღებენ, – განაცხადა ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, მარინა დარახველიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.

„ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ცხელ ხაზზე კვირაში შვიდ დღეს, 24 საათის განმავლობაში დარეკოს და ინფორმაცია, თუ რეკომენდაცია მიიღოს. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ექიმის მხრიდან არასწორი დიაგნოზი დაისვა, მოქალაქემ უნდა მიმართოს ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, რომელსაც პროფესიული კადრი ჰყავს და სპეციალური დეპარტამენტი გააჩნია, რომელიც ასეთ საკითხებს სწავლობს. შემდეგში, თითოეულ ასეთ შემთხვევას სამინისტროში არსებული პროფესიული საბჭო, დარგის პროფესიონალების მონაწილეობით იხილავს“, – განაცხადა დარახველიძემ. 

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა საჩივრებით მიმართავენ მოქალაქეები რეგულირების სააგენტოს, მარინა დარახველიძემ განაცხადა, რომ საჩივრები მრავალფეროვანია.

„ძირითადად, საჩივრები სამედიცინო საქმიანობის ხარისხს უკავშირდება, როცა სერვისის მიმღები, ან მისი ოჯახის წევრი, თუ კანონიერი წარმომადგენელი უკმაყოფილებას ამა თუ იმ მიმართულებით გამოთქვამს და ამბობს, რომ მას სათანადო დახმარება არ გაუწიეს. ასევე შემოდის საკითხები, რომლებიც დოკუმენტაციის წარმოებასაც უკავშირდება. მაგალითად, აღნიშნავენ, რომ არასწორად მოხდა სამედიცინო დოკუმენტის, ფორმა 100–ის, შრომის უუნარობის ფურცლის გაცემა და ა.შ.“, – განაცხადა მარინა დარახველიძემ.