მარინა დარახველიძე - ფსიქიატრიას მხოლოდ ერთი მიმართულებით სვლა ვერ გადაარჩენს, მას მრავალმხრივი განვითარება სჭირდება
მარინა დარახველიძე - ფსიქიატრიას მხოლოდ ერთი მიმართულებით სვლა ვერ გადაარჩენს, მას მრავალმხრივი განვითარება სჭირდება

ფსიქიატრიას მხოლოდ ერთი მიმართულებით სვლა არ გადაარჩენს და არც წარმატებისკენ წაიყვანს, მას მრავალმხრივი განვითარება და ისეთი გეზის აღება სჭირდება, რომელიც ეტაპობრივად, სტაციონარულ ტვირთს საკუთარ თავზე აიღებს, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, მარინა დარახველიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„აღსანიშნავია სათემო სერვისების განვითარება. თავშესაფრების განვითარება სტაციონარს პრობლემური პაციენტებისგან განტვირთავს და ორმხრივად განტვირთული სტაციონარის პირობებში დგება ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, ხარისხის კომპონენტის განვითარების საკითხი“, – განაცხადა დარახველიძემ.

მისი თქმით, ამის შემდეგ, შესაძლებელი გახდება იმაზე საუბარი, რომ თითოეული თეთრი, რომელიც ბიუჯეტიდან დაიხარჯება, 100%-ით პაციენტამდე მივა. 

„ჩვენი მიზანი ეს არის და ვფიქრობ, კოლეგებთან, პროფესიულ ასოციაციებთან და სახალხო დამცველთან ერთად სწორედ ამ გზაზე ვდგავართ. რა თქმა უნდა, ამ გზაზე სირთულეები გვაქვს“, – განაცხადა დარახველიძემ.

როგორც დარახველიძემ აღნიშნა, დღევანდელი დაფინანსება შეცვლილია და გლობალური ბიუჯეტის სახით არის წარმოდგენილი, ადრე კი სტაციონარულ დაწესებულებებში ვაუჩერული სახის დაფინანსება არსებობდა, რაც მონიტორინგისთვის რთული იყო, სერვისპროვაიდერის მხრიდან მანიპულირებისთვის კი ადვილი.

„იგულისხმება ის, რომ ერთი ვაუჩერი ერთი პაციენტია. ანუ ერთი პაციენტის რამდენიმე ვაუჩერად გადაქცევა და დამატებითი შემოსავლის მიღება ის მტკივნეული თემა იყო, რომელსაც შევეჯახეთ. ამის მოგვარების პირველი ეტაპი შესაძლოა, ცეცხლის ჩაქრობის ეტაპი იყო. მოხდა ხარჯების სტაბილიზაცია და მინიმუმამდე იქნა დაყვანილი ეს მავნე, მანკიერი პრაქტიკა“, – განაცხადა დარახველიძემ.

დატოვე კომენტარი